16 დეკემბერს Billboard Georgia Stage ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის კონცერტს დაეთმო. მუსიკოსები მსმენელის წინაშე, ტრადიციულად, „რესპუბლიკის” სცენაზე წარდგნენ ერთობლივი პროექტით Beka & DJ Logic Project. სცენაზე ასევე უკრავდნენ ორი გრემის მფლობელი საქსოფონისტი კეისი ბენჯამინი, ბასისტი ფელიქს პასტორიუსი – ჯაკო პასტორიუსის შვილი – და დრამერი მაიკ მიტჩელი, იგივე Blaque Dynamite, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან სტენლი კლარკი, ერიკა ბადუ, უილოუ სმითი და სხვები.
მუსიკოსებმა კონცერტზე როგორც საავტორო მუსიკა, ასევე ცნობილი კომპოზიციების ქავერები შეასრულეს. შესრულდა კომპოზიციები ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის ერთობლივი ალბომიდანაც Chillin’ In Batumi, რომელიც 2013 წელს ნიუ-იორკში ჩაიწერა. მისი პრეზენტაცია კი საქართველოში „სილქნეტის” მხარდაჭერით შედგა.
კონცერტი მუსიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჯგუფისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციით შესრულებულ თითოეულ კომპოზიციას თან ახლდა მსმენელის დიდი ოვაციები.
Საღამოს დასასრულს DJ Logic-მა ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება მიულოცა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი სადღესასწაულო პერიოდია. მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც აქ ყოფნა და თქვენთვის დაკვრა. და მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამით: გილოცავ, საქართველო, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს!”
Beka & DJ Logic Project მომავალ წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს.