ათი წელია, რაც გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუაა, რომლის დამსახურებაცაა გუნდის განსხვავებული და საინტერესო ხელწერა. ბევრი სირთულის და დაბრკოლების მიუხედავად, დღეს ქართულ საგუნდო მუსიკაში გორის ქალთა გუნდი, სწორედ ისეთი კოლექტივია, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა და გაიცნო.
ნახეთ „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელთან – თეონა ცირამუასთან:
მუსიკის სიყვარული:
„იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც მუსიკას ვერ იტანდა. ფორტეპიანო, სოლფეჯიო და ეს რუტინა საშინლად არ მიყვარდა. სახლში ვიბარებდი, რომ მუსიკაზე მივდიოდი და სინამდვილეში მივდიოდი კლასელთან, დავინიშნავდი საათს და ამ დროს მოვდიოდი უკან. ამ დონეზე არ მიყვარდა მუსიკა. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ჩემი გუნდის მასწავლებელი არ შემხვდა, რომელსაც არც ვიცნობდი, იმიტომ, რომ ეს გუნდიც რაღაც უბედურება მეგონა და არ დავდიოდი. წამიყვანა უნდა მოგისმინოო და რომ გამსინჯა, გუნდში ჩამწერა. სანათესავოში, სამეზობლოში, თავიდანვე გამოვირჩეოდი ძლიერი ხმით და სმენით, თუმცა გუნდი სიმართლე გითხრათ ამ ქალბატონის ხათრით შემიყვარდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ბავშვი ვერც აცნობიერებს რამხელა ფასეული რამ არის სმენა. ჩემი მასწავლებლის ესმა მათიაშვილის ხათრით ყველაფერს ვაკეთებდი. შემდეგ, უკვე ერთ-ერთ რაიონულ კონკურსში, სადაც გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გავიმარჯვეთ. ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემი პირველად დაესწრო ჩემს კონცერტს. ჩემმა მასწავლებელმა ვერც იცნო ვისი მშობელი იყო, როცა ვინაობა გაიგო უთხრა, რომ თქვენთან სალაპარაკო მაქვსო. დედაჩემს ეგონა, ალბათ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა ჩემზე, იმიტომ, რომ მიჩვეული იყო ჩემს სიზარმაცეს, თუმცა პირიქით აღმოჩნდა. ესმამ ჩემზე უთხრა, რომ განსაკუთრებული მონაცემები მაქვს და კარგი იქნება, საგუნდო სადირიჟოროს გააყოლოთო.
მეშვიდე კლასში გადავდიოდი მუსიკაში და მეცხრე კლასში სკოლაში. აღმოჩნდა, რომ მართლა, ერთ წელიწადში შვიდი წლის გასაკეთებელი გავაკეთე. ფორტეპიანოზე კი დავდიოდი, მაგრამ თითები, რომ უნდა მომემრგვალებინა ეს მხოლოდ თეორიულად ვიცოდი. ერთ წელიწადში ისე დავუკარი, რომ მისაღებ გამოცდაზე საფორტეპიანო კათედრის გამგე მეხვეწებოდა, საფორტეპიანო ფაკულტეტზე გადმოიტანე საბუთებიო. ამ დროს მოვიწამლე უკვე მუსიკით. 12-13 წლის ადამიანს, მაინც ბავშვი ჰქვია, ხომ? მაგრამ მივხვდი, რომ ეს უკვე მომწონდა. მერე უკვე, გააზრებულად ტექნიკუმი რომ დავამთავრე, გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩამებარებინა. წლებიც გემატება, შეგნებულ ცხოვრებას იწყებ და რა თქმა უნდა, უკვე წყალი რომ არ გაუვიდოდა ისეთი არჩევანი გახდა ჩემთვის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.“
გუნდი და ურთიერთობა:
„2013 წლიდან გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, თუმცა მანამდე გუნდში 2003 წელს მოვედი, როცა კონსერვატორია დავამთავრე. შალვა მოსიძე იყო ჩემი პედაგოგი, რომელიც ამ გუნდის დამაარსებელია ბატონ სანდრო კაჭარავასთან ერთად, დირექტორი იყო ამ სასწავლებლის, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. დიპლომის ასაღებად რომ მივედი, კონსერვატორიაში კიბეზე შემხვდა ჩემი მაესტრო შალვა მოსიძე და გორში წამოსვლა შემომთავაზა. პარტიების გარჩევა და შავი სამუშაო კარგი პრაქტიკა იქნებოდა ჩემთვის. შემდეგ უკვე კონცერტებზეც მიწევდა ერთი-ორი ნაწარმოების დირიჟორობა. ძალიან მოულოდნელი და გასახარი იყო ჩემთვის ეს შემოთავაზება. ფაქტობრივად, თავიდანვე მიმიღეს, როგორც მეორე დირიჟორი და მერე უკვე როცა დაინახეს, რომ კოლექტივს კარგად შევეწყე, თვითონვე შემომთავაზეს – შენ უნდა გააგრძელო ეს საქმეო.“
სირთულეები და გამოწვევები:
„სირთულეები ძალიან ბევრი იყო, რა თქმა უნდა… პირველ რიგში, პასუხისმგებლობა იყო პირველი სირთულე, როცა ესეთ ისტორიას ჰკიდებ ხელს, რომელსაც გორის ქალთა გუნდის ისტორია ჰქვია. კომუნისტების დროსაც კი ყველაზე პოპულარული გუნდი იყო. იმ პერიოდში სწორედ ამ გუნდს გაჰქონდა საზღვარგარეთ პროფესიული საგუნდო მუსიკა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რაღაცები არ მომწონდა, ძალიან ბევრი კადრი გამოიცვალა, მე ჩემი წესები შევთავაზე, რომელიც ზოგისთვის მისაღები აღმოჩნდა, ზოგისთვის მიუღებელი. არავინ გამიშვია, იურიდიულად ამას ვერავინ დამიმტკიცებს, უბრალოდ მე ჩემი წესები შევთავაზე და ეს მათი არჩევანი იყო. ვისთვისაც მიუღებელი იყო ეს ყველაფერი, მან გუნდი დატოვა. მინდა გითხრათ, რომ ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი, გამომდინარე აქედან, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სახელი დარჩა იგივე, თორემ შემადგენლობა 60-70% შეიცვალა. შემდეგ უკვე, რეპერტუარზეც ვიფიქრე. აი, ის მრავალფეროვანი რეპერტუარი, რომელიც მსმენელს მოსწონს. ჩვენი, მსოფლიო ხალხთა ფოლკლორი, როგორ გამომივიდოდა… იქ აფრიკული, მექსიკური მუსიკა… ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დავაყენე ჩემი თავი. ზოგადად ხასიათი მაქვს ასეთი. გორის ქალთა გუნდი აკადემიური გუნდია, ყოველ შემთხვევისთვის მე ესე მსურს. მინდა, რომ აკადემიური სახე არ დაკარგოს, მაგრამ ამის პარალელურად ყველაფერს ვსინჯავთ და მუდმივად ვიმრავალფეროვნებთ რეპერტუარს. მინდოდა, რომ გორის ქალთა გუნდი გამხდარიყო სახალხო, ცუდი გაგებით არ მინდა ვინმემ გაიგოს, მინდოდა, რომ მხოლოდ კონსერვატორია დამთავრებული ხალხისთვის არ ყოფილიყო ეს გუნდი.“
კულისებს მიღმა:
„ახლაც ვეუბნებოდი გუნდს, ის რეპერტუარი, რაც ვფიქრობთ, რომ ვიცით, სინამდვილეში შეიძლება არ ვიცით. იმას ვგულისხმობ, რომ თვითონ პარტიები ვიცით, თუმცა თავად ნაწარმოები არასდროს არ არის დასრულებული. სულ მინდა, რაღაც ახალი ვეძებო ნაწარმოებში. სპეციალურად არ ხდება ეს. თვითონ რეპეტიციაზე, იქ, იმ მომენტში მოდის. ესე დაგეგმილად არ ვაკეთებ ამას. როცა ვიწყებთ რეპეტიციას, ეს ყველაფერი თავისით მოდის. ახლა სხვაგვარად ვცადოთ… მე თუ პიანისტი ვარ, ჩემს ხარისხზე და უხარისხობაზე მე თვითონ ვარ პასუხისმგებელი, მაგრამ აი, აქ იწყება – მაგრამ… როცა დირიჟორი ხარ, კოლექტივის ყველა წევრს ეს რომ იმ ხარისხში გააკეთებინო, როგორც შენ ყურს ესმის, ამას ძალიან დიდი შრომა და ძიების პროცესი სჭირდება. ეს ყველაფერი საიუველირო სამუშაოს ჰგავს. ახლაც თქვენ რომ შემოხვედით რეპეტიციაზე, დაშლილ შემადგენლობას ვაკეთებდით სამხმოვანებაში The Beatles-ის Because-ს და მოვხსენი აქეთ გიტარის იმიტაცია, ცალკე ხმას ვაკეთებინებ, ესე მიდის მუშაობა და თითოეული ბგერის გაპრიალება.“
პროექტი Lunar Codex
NASA-ს, SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით ციფრული არქივი სახელწოდებით Lunar Codex-ი შეიქმნა.
არქივი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. საქართველოდან კი, სწორედ გორის ქალთა კამერული გუნდის შემოქმედება შეირჩა.
„კანადაშია ეს სიმღერები გაგზავნილი უნდა ჩაიდოს მესამე კაფსულში, და როგორც ჩვენ გვითხრეს, 2024 წლის შემოდგომაზე გაფრინდება კონკრეტულად ჩვენი ჩანაწერი.“
როგორც ვიცი, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შეიქმნა გარკვეული პრობლემები.
„ეს Lunar Codex-ს არ ეხება, ჩვენ პარალელურად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი ხარისხის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი დავდეთ, ამ პერიოდში გვაჯის იდეა იყო, სხვათა შორის, რომ მოდი, ალბომიც ხომ არ გავაკეთოთ, რომელშიც ჯერ შევიდოდა სამი ტრეკი, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ და გავაგზავნეთ. ამ სამიდან იყო ორი იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოები და ერთი „ვარადო”, რომელიც მე გავაკეთე და სოლოსაც მე ვმღერი, მაგრამ აქ ამ „ვარადოზე” არ იყო ლაპარაკი, აქ იყო პრობლემები კეჭაყმაძის მემკვიდრესთან და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ძალიან წითელი ხაზით, რომ პირველივე დღიდან მან იცოდა, რომ Lunar Codex-თვის ვამზადებდით. ისიც იცოდა, რომ ეს მუსიკალურ პლატფორმებზე აიტვირთებოდა. ძალიან გახარებული იყო და ეს არის ხოლმე გასაკვირი. თავიდან უხარიათ, მერე, უცებ ვიღაც-ვიღაცების ზემოქმედების ქვეშ ექცევიან. ჩვენ გუნდს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი მტერი. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს მისი აზრი არ იყო, მას არ უნოდა მუდმივი ხელშეკრულება ამასთან დაკავშირებით, მოითხოვა ერთწლიანი ხელშეკრულება და შემდგომ გადავწყვეტ გავაგრძელებ თუ არაო. საბოლოოდ, ჩვენ ეს ნაწარმოებები ჩამოვხსენით, იმიტომ, რომ ხელშეკრულება ღია იყო. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ მუსიკალურ პლატფორმებზე მამამისის შემოქმედების მუდმივად ატვირთვა არ უნდოდა. გორის ქალთა გუნდი არ არის მხოლოდ ერთ კომპოზიტორზე ჩამოკიდებული და არც იქნება ამაზე არასდროს დამოკიდებული.“
მუსიკალური თანამშრომლობა
„თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ქეთი მელუა იყო პირველი. 2013-ში რომ მოვედი გუნდში, 2014-ში ქეთი მელუა გამოჩნდა ჰორიზონტზე თავისი წინადადებით. ქეთი არ მოსულა მხოლოდ ისე, რომ ინტერნეტში მოისმინა და გადაწყვიტა. ქეთი ჩამოვიდა, რეპეტიციის ვიდეო მასალა გადაიღო, ეს ყველაფერი წაიღო, მენეჯერებს აჩვენა, დასხდნენ, იმსჯელეს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად სულ სხვა წინადადებით იყო ჩამოსული, მინიატიურულ ჩანაწერები უნდოდა, მაგრამ მერე თვითონვე ამბობს, რომ გუნდიდან ისეთი სიძლიერე დამეჯახა, სხვანაირი მუხტი ვიგრძენიო. პირველივე შეხვედრაზე, იმ მომენტშივე სხვა რაღაც, ბევრად უფრო მასშტაბური გადაწყვიტა. მენეჯერებმაც აიტაცეს ეს იდეა, დაბრუნდა ერთ თვეში ქეთი შემოთავაზებით, რომ ახლა ზამთარი მოდის და საშობაო სიმღერების კრებული In Winter თქვენთან ერთად გვინდა ჩავწეროთო. ეს ჩემთვის ძალიან მაგარი შემოთავაზება იყო. ალბომი ჩავწერეთ და მერე ამ ალბომის საფუძველზე ევრო-ტური დაიგეგმა. პირველი ევრო-ტური – მთელი 28 კონცერტი ადამიანს შეეძლო ალბომი სიის მიხედვით ცოცხლად მოესმინა. 3 დეკემბერს მთავრდებოდა ოცდამერვე კონცერტი და ამას მოჰყვა უამრავი მოწვევა. გრემ ნორტონის შოუშიც აღმოვჩნდით, BBC-ის რადიოშიც, ტელევიზიაშიც. ამას მეორე ევრო-ტურიც მოჰყვა, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ პანდემია დაიწყო და ჩაიშალა ყველაფერი. ის პერიოდი მართლა ვარსკვლავური ცხოვრებით ვიცხოვრეთ. ქეთი მელუამ ეს ორი ევრო-ტური ნამდვილი, ვარსკვლავური ძალიან საინტერესო ცხოვრებით გვაცხოვრა. ჩვენი მეგობრობა იმაში გადაიზარდა, რომ მე ბავშვის ნათლია ვარ და იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთთან ნათელმირონობა გვაკავშირებს…“
გეგმა და განხორციელება
„როცა მოვედი, გუნდს თავიდანვე ვუთხარი, რომ თქვენ უნდა გამომყვეთ ხარისხზე, ხალხი როცა დაინახავს ხარისხს, თვითონვე წამოვა შემოთავაზებები. გუმანით, შიგნიდან ვიგრძენი, რომ როცა ამას ვამბობდი, ეს იყო სწორი და ზუსტად ესე მოხდა. იმდენად ინტენსიურად მოდის ეს ახალი შემოთავაზებები, რომ ყველასთვის ვერ ვიცლი და ამ სიახლეს მერე მე თვითონ დელიკატურად ვფილტრავ ხოლმე. როცა ნაწარმოები ბოლომდე არ მოგწონს, ვერ გააკეთებ, არ შემიძლია თვალთმაქცობა, აუცილებლად ყველა ბგერა ჩემამდე უნდა მოვიდეს, რომ დირიჟორობა შევძლო.“
რა არის გორის ქალთა გუნდის წარმატების ფორმულა ორი სიტყვით რომ აღწეროთ?
„სიყვარული და შრომა, მუსიკის სიყვარული და შრომა შრომა და შრომა.“
მოისმინეთ გორის ქალთა გუნდის მიერ შესრულებული სიმღერა Because