In Vino Veritas – თამადა ახალი EP-ის პირველ კომპოზიციას აზიარებს 

EP „გული ნათელი” ქართველი მუსიკოსისა და გერმანელი პროდიუსერის ერთობლივი ნამუშევარია. გაზაფხულზე კი თამადა ახალი სოლო ალბომის გამოცემას აანონსებს.
თამადა

თამადამ ახალი კომპოზიცია გააზიარა სახელწოდებით In Vino Veritas. სიმღერა პირველი ტრეკია ახალი EP-ის, რომელიც ქართველი მუსიკოსისა და გერმანელი პროდიუსერის – Iori-ს ერთობლივი ნამუშევარია.

„ასეთ მუსიკას, როგორიცაა In Vino Veritas, ხუმრობით „საინფორმაციო მუსიკას” ვეძახი. Რომ ვფიქრობდი, რაზე მემღერა, გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო თამადის პატარა ქანდაკება და რეალურად მასზე ვმღერი. ჩემს ახალ ალბომშიც შედის, მაგალითად, ერთი სიმღერა ბონუს ტრეკად, ასე ვთქვათ, რომელიც არის თრიალეთის თასზე. საინფორმაციოს მაგიტომაც ვეძახი, რომ ამ არტეფაქტებზე ვმღერი. თან მეტაფორულიცაა.

Რაც შეეხება თვითონ EP-ის, Iori არის ჩემი საყვარელი პროდიუსერი. გერმანიაში რომ ვცხოვრობდი, ხშირად ვუსმენდი ხოლმე. ჩემი პირველი ალბომის მასტერინგიც მან გააკეთა. ნელ-ნელა დავახლოვდით, თბილისშიც იყო ჩამოსული დასაკრავად და ბოლოს გადავწყვიტეთ, რაღაც ერთობლივი გაგვეკეთებინა. ეს არის EP, რომელშიც შედის სამი კომპოზიცია. ერთი ჩემია – In Vino Veritas, ერთი Iori-ს – Italian Devine, ხოლო მესამე არის ჩვენი საერთო სიმღერა, რომელსაც ჰქვია „გული ნათელი” და რომელშიც, სხვათა შორის, Iori ქართულად მღერის. EP-საც ამ ტრეკის სახელი – „გული ნათელი” დავარქვით.”

„გული ნათელის” მეორე კომპოზიცია, Iori-ს შესრულებით, 2 თებერვალს გამოვა, ხოლო ქართველი და გერმანელი მუსიკოსების საერთო და EP-ის ბოლო სიმღერა კი – 9 თებერვალს. ამას გარდა, თამადამ უკვე დააანონსა ახალი სოლო ალბომის გამოცემაც, რომელიც Leno Records-ში ჩაიწერა. ალბომი გაზაფხულზე გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი მიქაძის ალბომის პრეზენტაცია პარიზში

შემდეგი სტატია

კლუბში Mtkvarze მსმენელის წინაშე Killages წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი