მუსიკოსმა ნატალია ნაყოფიამ ორ თებერვალს ახალი სინგლი, Carry On გამოსცა. სიმღერა და ტექსტი თავად ნატალიას ეკუთვნის, მუსიკალური პროდიუსერი ბორიკო შხიანია, ალეკო ბერძენიშვილმა ჩაწერაზე და ხმის რეჟისურაზე იმუშავა, ელიოტ ჯეიმს მალჰერნს მასტერინგი ეკუთვნის, გიტარაზე კი ლაშა დეისაძე უკრავს. სიმღერა ხმის ჩამწერ სტუდია Bravo Records-ში ჩაიწერა.
როგორც მუსიკოსმა „Billboard საქართველოს” განუცხადა, ამ სინგლზე საკმაოდ დიდხანს მუშაობდა და Carry On მისთვის გამორჩეული და საინტერესო ნამუშევარია.
Ნატალია ნაყოფია:
„ამ სიმღერაზე სტუდიაში საკმაოდ დიდ ხანს ვმუშაობდი, ჩაწერის პროცესი, დამიქსვა ხანგრძლივი პროცესი იყო. მინდოდა კიდევ უფრო ამეწია ჩემი მუსიკის ხარისხი, ამიტომ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. Carry On ჩემი ფავორიტი სიმღერაა. გვინდოდა, მელანქოლიური ჟღერადობა ჰქონოდა და თან ძალიან დიდი მუხტიც წამოეღო. მუშაობის პროცესი, საერთო ჯამში, ხანგრძლივი იყო, ბევრი ვისწავლე, ბევრი ახალი ნიუანსი გავიგე და რეალურად შედეგით საკმაოდ გახარებული ვარ.
რაც შეეხება შთაგონებას, ეს სიმღერა არის იმაზე, რომ არ უნდა იფიქრო, სხვები რას იფიქრებენ შენზე, თვითმყოფადი უნდა იყო და აკეთო ის, რაც გიყვარს. არ უნდა მოექცე სხვების გავლენის ქვეშ და იყო ავთენტური, სწორედ ამას ეხება სიმღერა. ერთის მხრივ, შიდა კონფლიქტებზე, საკუთარი თავის დათრგუნვაზე და მეორე მომენტში ამონათებებზე. ცხოვრებაც ასეა, როცა ხან ჩვენ თავებში ვართ დარწმუნებულნი და ხან არა. ამ ემოციურ ტალღაზეა ეს სიმღერაც აგებული.”
მოისმინეთ ნატალია ნაყოფიას ახალი სინგლი Carry On