გრემის 2024 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ტეილორ სვიფტმა ფანების გაკვირვება კვლავ შეძლო: საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისათვის ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასულმა მომღერალმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და ახალი ალბომი დააანონსა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ხმის ჩამწერი აკადემიის წევრებს. ვიცი, რომ ხმის ჩამწერი აკადემიის გადაწყვეტილება ფანების დამოკიდებულების გამოძახილია. ამიტომ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ – ჩემს გულშემატკივრებს და გაგიმხილოთ ის, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ვინახავდი. ეს საიდუმლო ჩემი სრულიად ახალი ალბომია, რომელიც 19 აპრილს გამოიცემა და მისი სახელია The Tortured Poets Department. ახლა, როდესაც კულისებში დავბრუნდები, ალბომის ყდის ფოტოს გამოვაქვეყნებ. მადლობა, მიყვარხართ” – მიმართა ფანებს ტეილორ სვიფტმა.
სცენაზე გამოსვლის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა ალბომის გარეკანი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ეს არის შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც თავად სვიფტია აღბეჭდილი.