როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2024 წლის ნომინანტები ცნობილია. წელს მუსიკალურო ინდუსტრიის ამ საპატიო სტატუსს 15 შემსრულებელი მიიღებს.
ნომინანტთა სიაში არიან: ჰიპ-ჰოპ/სოულის დედოფლად აღიარებული მერი ჯეი ბლაიჯი; მსოფლიო ჰიტების ავტორ-შემსრულებელი მერაია ქერი; საკულტო პოპ-ვარსკვლავი შერი; „დეივ მეთიუზ ბენდი“; ჰიპ-ჰოპის პიონერები – Eric B. & Rakim, ასევე ჯგუფი „ფორინერი“, გიტარისტი პიტერ ფრემპტონი; როკ ბენდი „ჯეინს ედიქშენი“, R&B-ის ლეგენდარული ჯგუფი Kool & the Gang, ცნობილო ბრიტანული ბენდი – „ოაზისი“; აწ გარდაცვლილო საკულტო მუსიკოსი შინეიდ ო’კონორი; ოზი ოსბორნი; ლენი კრავიცი; შადე და ჰიპ-ჰოპ ჟანრის ერთ-ერთი გავლენიანი ბენდი – A Tribe Called Quest.
დასახელებული შემსრულებლების ორი მესამედი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინანტთა შორის წელს პირველად მოხვდა. მეორედ არის დასახელებული მერი ჯეი ბლაიჯი, Eric B. & Rakim, „ჯეინს ედიქშენი“ და „დეივ მეთიუზ ბენდი“. აღსანიშნავია, რომ A Tribe Called Quest-ისათვის ეს მესამე ნომინაციაა.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2024 წლის საბოლოო სიას მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები ხმის მიცემის პრინციპით გამოავლენენ. საბოლოო შედეგები 2024 წლის აპრილში გამოცხადდება.
რაც შეეხება ცერემონიას, ის შემოდგომაზე ჩატარდება. ღონისძიება პირდაპირ რეჟიმში Disney+-ის სტრიმინგ პლატფორმაზე გადაიცემა, ოდნავ მოგვიანებით კი ჩანაწერს ტელემაყურებელი კომპანია ABC-ის ეთერში იხილავს. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2024 წლის ცერემონია დასრულების შემდეგ ასევე განთავსდება სტრიმინგ სერვის Hulu-ზე.