24 თებერვალს Sophie Villy-მ მისი მომავალი ალბომიდან სინგლი ZHYVY გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ამბებს ეხმიანება. სიმღერის ჩაწერაში მუსიკოსს მეგობრები დაეხმარნენ. სიმღერა ლევან მიქელაძის სახლის სტუდიაში ჩაიწერა, სადაც პერკუსიაზე ირაკლი მენაღარიშვილი უკრავს, გიორგი მარი – ბას გიტარაზე, ხოლო მიქსინგი და მასტერინგი გიორგი ქორიძეს ეკუთვნის. სინგლის ყდის ფოტო თავად მუსიკოს Sophie Villy-ს გადაღებულია, მისი მხატვრული გაფორმება კი სალომე ძნელაძეს ეკუთვნის.
Sophie Villy – მუსიკოსი:
„სინგლი ZHYVY (იცოცხლე) ჩემი პირველი უკრაინულენოვანი სიმღერაა მომავალი ალბომიდან CLARITY და ამ კომპოზიციას ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობაც ახლავს თან.
თვითონ მუსიკა წლების წინ დავწერე, თუმცა ვერც ერთი ტექსტი ვერ მოვარგე და მქონდა ასე, თაროზე შემოდებული… ერთ დღესაც, ამ მელოდიის დაკვრისას, უკრაინული ტექსტი თავისით მოვიდა. მისამღერში და მეორე სტროფში ორი უკრაინელი პოეტის და მწერლის, ოლექსანდრ ოლესის და სერჰი ჟადანის სტრიქონები ჩავსვი, რამაც კიდევ უფრო ემოციური გახადა ეს ნამუშევარი ჩემთვის.
ლევან მიქელაძის სახლის სტუდიაში დავიწყეთ ჩაწერები, შემდეგ ჩაერთნენ ჩემი მეგობარი მუსიკოსები – ირაკლი მენაღარიშვილი / მენო (პერკუსია), გიორგი მარი (ბასი/ორღანი) და გიორგი ქორიძე (მიქსინგი/მასტერინგი).”
აღსანიშნავია, რომ სინგლი ZHYVY ზუსტად რუსეთ-უკრაინის ომის ორი წლის თავზე, 24 თებერვალს გამოქვეყნდა, რაც სიმბოლურია, რადგან Sophie Villy-ის პირველი უკრაინულენოვანი სიმღერა მის უკრაინულ ფესვებსაც ეხმიანება.
„ბევრმა მომწერა და მთხოვა ტექსტის თარგმანი. ამიტომ, გაგიზიარებთ თქვენც” – ამბობს „ბილბორდ საქართველოსთან” საუბარში მუსიკოსი.
„ყველაფერი, რაც გვქონდა,
ამას ვეღარ დავიბრუნებთ..
უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება
ახლა და შემდეგაც…
ცა ჩვენს თავზე გაიპო და ჩამოიქცა
ნუ ეცდები მთელი სამყაროს გადარჩენას..
ერთი ადამიანის გადარჩენა მაინც ცადე
იცოცხლე ჩემო მიწავ, იცოცხლე
მშვენებისთვის, თავისუფლებისთვის,
სიმართლისთვის…”
Sophie Villy-თებერვლის თვეში ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და სამომავლოდ წინ დიდი გეგმები აქვს.
„თებერვალში ვაშინგტონში გადმოვედი. საინტერესო ამბები მაქვს, როგორც მუსიკალური, ისე ჩემი საბავშვო შემოქმედებითი, საავტორო პროექტის SOULSCOPE-ის განვითარების კუთხით.
მინდა ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს მუსიკალურად დავაკავშირო და შევქმნა მოძრაობა, რომელიც, მჯერა რომ, ოდნავ მაინც უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს რეალობას.”
მოისმინეთ Sophie Villy-ის ახალი სინგლი ZHYVY: