ეკატერინე არჩაიას ახდენილი ოცნება – „იმ თეატრში მოვხვდი, რომელსაც მთელი ბავშვობა შევნატროდი“

„სიჩუმეს ვუსმენ“…

სოხუმის დატოვება 14 წლის ასაკში მოუწია. ომი რომ დაიწყო, დაბომბვის შიშით სახლის სარდაფში დასთან ერთად გადამალეს, სადაც ტირილის ნაცვლად, ორივეს ისტერიული სიცილი აუტყდა. თუჯის აბაზანაში მჯდომმა და თავზე ლეიბებგადაფარებულმა ბავშვებმა ასე არაერთი საათი გაატარეს. მერე იყო გემზე ასვლა და რამდენიმე წუთის შემდეგ მგზავრების კვლავ ნაპირზე გადასმა, რადგან საშიშროება არსებობდა, ეს გემიც დაებომბათ. ღამე სადღაც ბუნკერში, სანთლის შუქზე გაათენეს. გარიჟრაჟზე კვლავ იმ გემზე დააბრუნეს, რომელმაც სოხუმიდან გაცურა და, ბათუმის სანაპიროს რომ მიადგნენ, მგზავრები ციხისძირის სანატორიუმში გადაანაწილეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახი ზღვისპირა ქალაქიდან თბილისში გადავიდა და მას შემდეგ 30 წელია მისი ცხოვრება დედაქალაქში გრძელდება…

3 წლის ასაკში სოხუმის ფილარმონიის სცენაზე „აჭარულის“ სოლო იცეკვა. ნათლად ახსოვს მომენტი, როცა გრძელი ვარდები მიართვეს და თაიგული კულისებამდე ძლივს მიიტანა. აფხაზეთში გატარებულ წლებში ცეკვავდა, მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა, იყო სოხუმის პირველი ქართული საბავშვო თეატრის „თეთრი ტალღა“ – პირველი ნაკადის მსახიობი. თუმცა, სანამ საოცნებო პროფესიისკენ ნაბიჯს გადადგამდა და თბილისში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის ჯგუფში მოხვდებოდა, უცხო ენათა ინსტიტუტში, გერმანული ენის ფაკულტეტზე ისწავლა. შეეძლო ამ პროფესიით დასაქმებულიყო, მაგრამ ადრეული ასაკიდან სცენით გატაცებამ, ბოლოს მაინც თეატრში მიიყვანა. 2003 წლიდან დღემდე ეკატერინე არჩაია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობია:

– „სოხუმში ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით. მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა ფაქტობრივად დაბადებიდანვე დაიწყო. თურმე, 2 წლის ასაკში არ ვიძინებდი, თუ ჯო დასენის სიმღერებს არ მომასმენინებდნენ. როგორც მამიდაჩემი, ნანი არჩაია მიყვება, რამდენჯერმე უცდია სხვა მუსიკა „შემოეპარებინა“, მაგრამ ვხდებოდი და ისევ ჩემს საყვარელ მუსიკას ვითხოვდი. როცა წამოვიზარდე, უკვე „ბონი ემსა“ და „აბბაზე“ გადავედი. ასე რომ, ბავშვობის მელოდიებიდან ესენია ჩემს გონებაში დალექილი. ამასთან ერთად, დღე არ ყოფილა ქართული ცეკვისა და სიმღერის გარეშე. მამაჩემი და მამიდა აფხაზეთის ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლის, „როკვას“ მოცეკვავეები იყვნენ და შესაბამისად მეც, მათ გვერდით გაზრდილს, ფოლკლორი ყველაზე ხშირად მესმოდა“. 

– „სოხუმის დატოვების შემდეგ, მოგვიანებით, გიორგი რატიანის მიერ ჩამოყალიბებული „თეთრი ტალღა“ თბილისში აღდგა. ამ საქმეში დიდი წვლილი მამიდაჩემს და ბატონ გიორგის მიუძღვით, რომლებმაც კარდაკარ ძებნის შედეგად პირველი ჯგუფის წევრები კვლად ერთად შეგვკრიბეს. იმ ადამიანების ნახვა და მათთან კონტაქტი ჩემთვის ერთგვარი შვება გამოდგა. თითქოს ჩვენ ერთმანეთს იმ ტკივილს ვუმსუბუქებდით, რაც დევნილობით იყო გამოწვეული და ეს იმ რთული პერიოდის გადატანაში ყველას ძალიან დაგვეხმარა… 

რაც შეეხება თეატრალურ უნივერსიტეტს, რეზო ჩხეიძის სახელოსნოს, მის პირველ კინოსამსახიობო ჯგუფში მოვხვდი. ჩემი ფანტასტიკური ჯგუფელები დღეს სხვადასხვა თეატრებში მუშაობენ. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მიფიქრია, ჩემთვის რა მუსიკასთან ასოცირდება ჩემი სტუდენტობა, მაგრამ, ალბათ, პირველ რიგში, ბატონი რეზოს ფილმების მუსიკასთან – მის თითოეულ ფილმში შესანიშნავი მუსიკა ჟღერს“. 

– „მთელი ბავშვობა სოხუმის თეატრს შევნატროდი. ამ თეატრში ყოფნა ჩემი ახდენილი ოცნებაა. 2003 წელს სწავლა დავასრულე. მაშინ სოხუმის თეატრში სპექტაკლ „ღალატის“ აღდგენა მიმდინარეობდა. ბატონი დიმა ჯაიანის, ასევე ლილი და ნანა ხურითების დახმარებითა და მხარდაჭერით ამ სცენაზე ჩემი პირველი ნაბიჯები გადავდგი და, თუ შემდეგი კითხვა იქნება, რა არის ჩემთვის სოხუმის თეატრში ყველაზე საყვარელი სპექტაკლი, გიპასუხებთ, რომ ეს არის „ღალატი“ და მასში განსახიერებული გაიანეს როლი. ხოლო, თუ სპექტაკლების მუსიკაც უნდა გამოვარჩიო, ისევ და ისევ „ღალატს“ დავასახელებ. მისი რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლდათ და მუსიკალური გაფორმებაც მასვე ეკუთვნოდა“. 

– „დღეს ჩემს ცხოვრებაში მუსიკა დიდი რაოდენობითაა, მაგრამ ახლა ის არის სპეციფიკური. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა ჩემი უსაყვარლესი პროფესიაა, მაქვს მეორეც და ეს არის სამეჯლისო სპორტული ცეკვები. უფრო კონკრეტულად, 2008 წლიდან ვარ საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საერთაშორისო ჩემპიონატების, ფესტივალების ორგანიზატორი. სპორტული ცეკვების საბჭო მამაჩემმა რომან არჩაიამ 1997 წელს შექმნა. მისი საქმის გაგრძელება, პასუხისგებლობასთან ერთად, უაღრესად სასიხარულოა. შესაბამისად, ლათინოამერიკულ და ევროპულ ცეკვებთან პროფესიულად ვარ გადაჯაჭვული და ჩემს ყოველდღიურობაში ის ჭარბადაა. სიმართლე გითხრათ, ჩემი გრაფიკი აღნიშნული მელოდიებით იმდენად დატვირთული და გაჯერებულია, სხვა რამის მოსმენის სურვილი აღარც მიჩნდება. სადმე ბუნებაში რომ გავდივარ, სადაც არანაირი ტექნიკა და ხმაური არ არის და მხოლოდ ქარის ზუზუნი, ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი მესმის, ეს ჩემთვის ერთგვარი მოდუნება და თავისებური მუსიკაა. ასეთი გარემო მამშვიდებს და ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ სიჩუმეს!..“

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნატალია ნაყოფია

„მთავარია შთაგონება და ემოცია იყოს და ემოცია სადაც არის, იქ სიმღერა აუცილებლად იწერება.“ – ნატალია ნაყოფია

შემდეგი სტატია

ზენდეია, ჯეიმი ლი კერტისი და სხვები 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებას დაესწრებიან 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი