ბუბა კიკაბიძის კლასიკად აღიარებული სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“ უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის შესრულებით

„სიმღერაშიც ეს პატარა ჩიტი „ჩიტო-გვრიტო“, ძალიან სიმბოლურია, რადგან უკრაინაში ჩვენ გვჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სული ამ ქვეყნად ჩიტის სახით ბრუნდება.“

ლეგენდარული ბუბა კიკაბიძისადმი მიძღვნილი სიმღერის ორიგინალი ვერსია 1970-იან წლებში შეიქმნა, უკრაინელი მომღერლის, ივანას მიერ შესრულებული თანამედროვე ქავერი კი სწორედ უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურული კავშირის გაგრძელების და გაძლიერების ერთგვარი სიმბოლოა.

ივანა მეილაის დიდი ხნის ოცნება, ბუბა კიკაბიძესთან დუეტი ჩაეწერა, სამწუხაროდ, ბუბას გარდაცვალების გამო ვერ ასრულდა, თუმცა ლეგენდარული მსახიობისა და მომღერლის სიცოცხლეშივე მან თავად მუსიკოსისგან მიიღო თანხმობა, ამ სიმღერის ქავერ-ვერსია შეექმნა.

„ჩიტო-გვრიტოს“ მუსიკალური ვიდეო მაიამიში, ამერიკული შემოქმედებითი ჯგუფის მიერაა გადაღებული. სიმღერის ახლებური ვერსია, მისი ემბიენთ ჟღერადობა და ვიდეო-კლიპი კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ქალაქებშია გადაღებული, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ახალმა თაობამაც მოისმინოს და გაიგოს ამ სიმღერის არსი და შინაარსი, რომელიც პატარა ჩიტის, „ჩიტო-გვრიტოს“ თავისუფლებასა და გამძლეობაზე გვიყვება.

ივანა მელაი
ივანა მელაი

ივანა მელაი:

„მე და ბუბა ერთმანეთს უკრაინაში მაშინ შევხვდით, როცა 17 წლის ვიყავი. ის ჩემი მშობლების ძალიან კარგი მეგობარი იყო. როცა ამ სიმღერის ქავერ-ვერსიის შექმნა გადავწყვიტე, პირველ რიგში ეს კურთხევა თავად ბუბასგან მივიღე. დაახლოებით სამი წლის წინ ჩემი მშობლების რესტორანში, ბათუმში ვიყავით, ბუბას პროდიუსერი სოსო აბზიანიძეც იქ იმყოფებოდა, იქ ვნახე ბუბაც, გადავეხვიე, ჩვენ ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და დიდხანს ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხებზე. სწორედ იქ ვუთხარი, რომ მსურდა მისი სიმღერა მემღერა, მან კი მკითხა, რომელი სიმღერა გინდაო? მე ვუთხარი „ჩიტო-გვრიტო”, ის დამთანხმდა, თუმცა ერთი რამ მითხრა, რომ მხოლოდ ქართულად უნდა მემღერა. 

თავდაპირველად სიმღერა  იმიტომ ავირჩიე, რომ თავად მელოდია ძალიან მიყვარდა, „მიმინოდან“ სულ მახსოვდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი აქ ვცხოვრობდი, არასდროს მიმიქცევია ყურადღება მისი შინაარსისთვის, მაგრამ შემდგომ, როცა ტექსტის მნიშვნელობა გავიგე, სპეციალურად მოვიძიე გუგლის საძიებო სისტემაში, ვთარგმნე და გავარკვიე, რომ რეალურად ეს ტექსტი ბევრად უფრო ღრმა შინაარსისაა: ვმღერი როცა სევდიანი ვარ, ვმღერი როცა ბედნიერი ვარ, („თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი“), კარგია როცა ცხოვრებიდან მუსიკით მიდიხარ… და დამიჯერეთ, არავინ, უკრაინაშიც და არსად სხვა ქვეყანაშიც, არავინ იცის ამ სიმღერის ტექსტის ღრმა შინაარსი, მათ არ ესმით და ერთი მოსმენით თვლიან, რომ ეს ლაღი, ბედნიერი სიმღერაა, არაფერი სერიოზული, თუმცა სინამდვილეში ამ სიმღერას ძალიან დიდი შინაარსი აქვს. ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ამ ტექსტის შინაარსი მსმენელამდე მიმეტანა. პოდკასტის დროს ჩიკაგოში სწორედ ამას ვცდილობდი, რომ ამეხსნა მსმენელისთვის სიმღერის შინაარსი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინულ ტელევიზიაშიც სწორედ ამას ვამბობდი, რომ ეს განსხვავებული მესიჯია, რომელიც ჩემს სულს სულ სხვანაირად შეეხო და ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის სიმღერა იყო, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. სიმღერაშიც ეს პატარა „ჩიტო-გვრიტო“ ძალიან სიმბოლურია, რადგან უკრაინაში  ჩვენ გვჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სული ამ ქვეყნად ჩიტის სახით ბრუნდება. ეს ყველაფერი ფაზლებად აეწყო, ჩემს გონებაში დალაგდა და მართლა ვიგრძენი რომ მე ეს სიმღერა უნდა გამეკეთებინა.“

ნოსტალგიურობიდან თანამედროვეობამდე, მელანქოლიურობიდან ეიფორიამდე ვიდეო-კლიპი და თავად სიმღერა იმ ემოციათა სპექტრს აერთიანებს, რომელთა კულმინაციაც სიცოცხლის ძალა და მოგონებებია.

ივანა მელაის მიერ შესრულებული „ჩიტო-გვრიტო“ ერთგვარი  ხიდია, რომელიც დროსა და მოგონებებს აკავშირებს და რომელიც მსმენელს მისი მოსმენისას მოგონებებსაც აღუძრავს და მომავლის პერსპექტივასაც უჩვენებს. ეს არის უკრაინასა და საქართველოს შორის გადებული კიდევ ერთი კულტურული ხიდი, რომელიც ამ კავშირს უფრო აძლიერებს და აახლოებს.

ივანა მელაი:

„ჩვენ, უკრაინელები, ასე მგონია, ბოლომდე ვერ ვიაზრებთ იმ კავშირს, რაც საქართველოსთან გვაქვს, სანამ თავად არ ჩამოვალთ და ვნახავთ საქართველოს. იმ კავშირზე მაქვს საუბარი, რომელიც საუკუნეობით გრძელდებოდა. აქ არ არის ლაპარაკი 10-20 წელზე. ჩემს ძალიან ბევრ ქართველ მეგობარს ბებია ან დიდი ბებია უკრაინელი ჰყავს და ესეც ძალიან დიდ კავშირს ქმნის. როცა ეს ყველაფერი გავიაზრე და გავაანალიზე, სწორედ მაშინ მივხვდი, რამხელა ძალა აქვს ამ ყველაფერს და რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ამ სიმღერის შესრულებას უკრაინისთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც. საქართველოში უკრაინელად მომიხსენიებენ და უკრაინაში ქართველ მომღერალს მეძახიან. მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება საქართველოში, მაგრამ მგონია, რომ ეს ჩემი დანიშნულების ადგილია, ყველაფერი, რაც ხდება, მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოა. 

ჩვენი ერების კულტურა ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან და, როცა კულტურას ვიძახი, არ ვგულისხმობ მხოლოდ სიმღერას, ვგულისხმობ ჩვენს ტრადიციებს პირველ რიგში, იმას, თუ როგორ გვიყვარს ერთმანეთი, თუ როგორ ვაშენებთ ჩვენს მეგობრობას, როგორი გულწრფელები ვართ ჩვენს ემოციებში და  ჩვენ ნამდვილად ძალიან გულწრფელები ვართ. თუ ჩვენ გვიყვარს, ესე იგი ნამდვილად გვიყვარს, თუ მეგობრობა გვსურს, ვმეგობრობთ, რადგან ჩვენ ყალბი მეგობრობა და სიყვარული არ შეგვიძლია. ჩვენი მენტალობა ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან და ეს სიმღერა, ეს პროექტი, ეს ვიდეო, არის გამოძახილი ჩვენი მეგობრობისა და კავშირის. აქ მთავარი ვარ არა მე, არამედ ლეგენდარული ვახტანგ კიკაბიძე, რომელიც უდიდესი მეგობარი იყო უკრაინელი ხალხის, რომელიც მუდამ გვერდში ედგა უკრაინას, სიცოცხლის ბოლომდე. 

ივანა მელაი
ივანა მელაი

იცით, რა მითხრა ბუბა კიკაბიძის პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ? ახლაც ჟრუანტელი მივლის ამის გახსენებაზე, მან მითხრა: „ივანა, ბუბამ თქვა, რომ მას, როცა ის აღარ იქნება, სურს, რომ ორი დროშა მიუტანონ. „როცა მოვკვდები, გთხოვთ, უკრაინის და საქართველოს დროშა მომიტანეთ“, – ეს უთქვამს ბუბას, ახლაც ცრემლებს ვერ ვიკავებ, მაგრამ აქ ახლა არ ვართ ცრემლებისთვის მოსული, ჩვენ აქ ბუბას ხსოვნისთვის მიძღვნილ სიმღერაზე ვსაუბრობთ.  მჯერა, რომ პატივის მიგება ბუბას ხსოვნისთვის მისი სიმღერით ბევრად უფრო კარგი რამ იქნება, ვიდრე სხვა რაიმე. ვახტანგ კიკაბიძეს ძალიან ახლოს ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან გაუხარდებოდა ეს, ის ძალიან პროგრესული ადამიანი იყო. ჩემთვის ეს ამ სიმღერის მეორე სიცოცხლეა, რათა ახალგაზრდა თაობამ მოისმინოს და უყუროს ვიდეოკლიპს. მინდოდა, ისეთი ჟღერადობა შემექმნა, რომელიც სოციალურ ქსელშიც, ახალგაზრდა თაობაშიც პოპულარობას მომიპოვებდა. როცა ვთქვი, რომ სიმღერის მუსიკალური ჟღერადობა უნდა შემეცვალა და მსურდა ემბიენთ მუსიკა გამეკეთებინა სიმღერა „ჩიტო-გვრიტოდან“, ყველამ ისე შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი, თუმცა ძალიან მოხარული ვარ, რომ ამერიკულ ჯგუფთან ერთად ეს ყველაფერი შევძელით და სიმღერის ახლებური ვერსია და ვიდეოკლიპი შევქმენით.“

მოისმინეთ ივანა მელაის მიერ შესრულებული „ჩიტო-გვრიტო”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FINNEAS და ბილი აილიში ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე, 2022 წლის 27 მარტი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ხუთივე ნომინანტი სიმღერა შესრულდება

შემდეგი სტატია

დრეიკმა კონცერტის შემდეგ ტრაგიკულად გარდაცვლილ დედა-შვილს მიაგო პატივი

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი