ბილი აილიში ბეტმენის ფანია – იმ დონეზე, რომ მის გამო ერთხელ სასიყვარულო ურთიერთობაც კი დაასრულა.
22 წლის მომღერალი და მისი ძმა ფინეასი ამელია დიმოლდენბერგის იუთუბ გადაცემა Chicken Shop Date-ს სტუმრობდნენ. როცა წამყვანი და სტუმრები ხუმრობდნენ, იყო თუ არა Ocean Eyes კილიან მერფის შესახებ დაწერილი, აილიშმა ძმას სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ ბეტმენი მისთვის ერთადერთი და განუმეორებელია. მომღერალმა აღიარა, რომ სუპერგმირებზე ბევრი არაფერი იცის, თუმცა ძალიან უყვარს კრისტიან ბეილი – ბეტმენის როლის შემსრულებელი კრისტოფერ ნოლანის Dark Knight ტრილოგიაში.
„სიმართლე უნდა ვთქვა” – დაიწყო აილიშმა. – „რამდენიმე წლის წინ კრისტიან ბეილი დამესიზმრა პატარა კაფეში მზის შუქზე და სწორედ ამ სიზმარმა მიმახვედრა, რომ ჩემს მაშინდელ შეყვარებულს უნდა დავშორებოდი. მართლაც, გავიღვიძე და გონს მოვეგე.”
და-ძმის ერთობლივი სიმღერა What Was I Made For?, კინოფილმისთვის „ბარბი”, 2024 წლის ოსკარზე საუკეთესო სიმღერის კატეგორიაშია წარდგენილი. „ჩვენთვის დიდი პატივია, ამ ნომინაციაში რომ დაგვასახელეს,” – აღნიშნეს მუსიკოსებმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. „როგორც კინოს, კინომუსიკისა და ოსკარის ფანები, უსაზღვროდ მადლობლები ვართ აკადემიისა და მისი წევრების, რადგან ისეთი კომპოზიტორების გვერდით ვდგავართ, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ.”