მარადიული სიყვარულის ამბავი და სცენაზე გაცოცხლებული იაპონია

რეჟისორი, რომელმაც მისთვის გამორჩეული ნაწარმოები წაკითხვიდან 30 წლის შემდეგ სცენაზე გააცოცხლა
დავით პაპავა
დავით პაპავა

„ქართულის შემდეგ იაპონური კულტურა ჩემთვის ძალიან ახლო და საყვარელია. სკოლის პერიოდიდან ვარ გატაცებული იაპონური ლიტერატურით, პოეზიით, ფერწერით და, რა თქმა უნდა, თეატრით. სამწუხაროდ, იაპონიაში ჯერ ნამყოფი არ ვარ, მაგრამ, იმედი მაქვს, ამ ოცნებას წელს ავისრულებ. რაც შეეხება პიესას „აბრეშუმის ფარანი“, სტუდენტობისას წავიკითხე. მაშინ ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ვსწავლობდი და ხელში ჩამივარდა იაპონური დრამატურგიის წიგნი, სადაც ეს პიესაც იყო. მაშინვე მოვიხიბლე, რადგან ვფიქრობ, მარადიული სიყვარულის ერთ-ერთი ულამაზესი ამბავია, რაც კი ცხოვრებაში წამიკითხავს. წლების განმავლობაში მისი სცენაზე რეალიზების სურვილი სულ მქონდა, მაგრამ აქამდე ეს არ მოხერხდა. როცა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით საყვარელიძისგან სოხუმის თეატრში სპექტაკლის დადგმის შეთავაზება მივიღე, სწორედ ამ პიესის განხორციელება გადავწყვიტე. მე და დათო 30 წელზე მეტია ვმეგობრობთ. ძალიან ვაფასებ დათოს გემოვნებას ხელოვნების ყველა დარგში, მათ შორის მუსიკალური თვალსაზრისითაც. სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებაც სწორედ მას ეკუთვნის და ამისთვის შეირჩა კლასიკური იაპონური ნაწარმოები. ისე, თანამედროვე იაპონური მუსიკაც, ვფიქრობ, გარკვეულ სცენებს ძალიან მოუხდა“… – ამბობს რეჟისორი დავით პაპავა, ერთმოქმედებიანი მისტიური კომედიის, „ვთამაშობთ კაბუკის“ რეჟისორი, რომლის პრემიერა ზუსტად 1 წლის წინ, 2023 წლის აპრილში, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა. XV საუკუნის იაპონური პიესა „აბრეშუმის ფარანი“ ახალგაზრდა სამურაისა და საუკუნეების წინ მცხოვრები ქალის აჩრდილის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. სპექტაკლის სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარია Molu, ხოლო ქორეოგრაფია ნათია ბუნტურს ეკუთვნის. რეჟისორის გადაწყვეტილებით, სპექტაკლში გამოყენებულია ვიზუალური ჩანართები ვიდეოების სახით, რაც სცენაზე იაპონიას „აცოცხლებს“ და მაყურებელს ამ ქვეყნის კულტურის უკეთ აღქმაში ეხმარება. წარმოდგენა საინტერესოა კიდევ ერთი გადაწყვეტილების გამო: როგორც წესი, კაბუკის თეატრში ყველა როლს მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ამ შემთხვევაში კი პირიქით, სპექტაკლში 11 ქალი მსახიობია დაკავებული, რაც ერთგვარი ექსპერიმენტი იყო როგორც რეჟისორისთვის, ისე სპექტაკლში დაკავებული ყველა ქალისთვის. 

დავით პაპავა

დავით პაპავა 20 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მუშაობდა, სადაც არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. პარალელურად ხატავს და, როგორც იაპონური კულტურის მოყვარულს, ეს ულამაზესი აზიის ქვეყანა მისი ნამუშევრების ხშირი თემაა. 

– „ვფიქრობ, შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან  ჯერ კიდევ მეხუთე კურსზე ვსწავლობდი, როცა ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი თეატრიდან რივერსაიდ სტუდიოში სამუშაოდ მიმიწვიეს. პირველი ორი წელი ამ თეატრში ოთხი სპექტაკლი დავდგი, მათ შორის პირველი იყო ლაშა ბუღაძის პიესა „ის სკამი და აი, ეს საწოლი“. 

დავით პაპავა

– სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი თბილისში თეატრალურის რექტორატს წარვუდგინე და ასე დავიცავი დიპლომი. იმავე პერიოდში ჩამოვაყალიბე ჩემი თეატრალური ლაბორატორია, შემდეგ ქამდენ თაუნში დამითმეს „თეატრო თექნის“, სადაც უამრავი საინტერესო პროექტი მაქვს განხორციელებული… სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი, ჩვენი სპექტაკლების შესახებ ძალიან კარგი სტატიები იწერებოდა და მაყურებლის დიდი დაინტერესებაც იყო – 120-კაციან დარბაზში სულ ანშლაგი გვხვდებოდა. ამის შემდეგ, მივიღე სხვადასხვა შეთავაზებები და მათ შორის კოლუმბიიდან, სადაც გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ განვახორციელე, რაც ალბათ დღემდე ჩემ პროფესიულ კარიერაში ყველაზე დიდ და წარმატებულ პროექტად ითვლება.

– ფერწერა ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია. თავს მხატვარს ვერ ვუწოდებ, თუმცა  გარკვეული ცოდნა ამ მხრივაც მივიღე: ორი წლის განმავლობაში ინგლისში და თბილისში ვიღებდი კერძო გაკვეთილებს. საზღვარგარეთ გამოფენები სულ მაქვს, ხოლო შარშან საქართველოში ეს პირველად მოხდა. ნოემბერში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში პერსონალური გამოფენა მქონდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი გახლდათ.

დავით პაპავა

– საერთო ჯამში 30-მდე სპექტაკლი მაქვს საზღვარგარეთ დადგმული. აქედან 20-მდე ინგლისში, ოთხი – სამხრეთ ამერიკაში, ერთი კი სამხრეთ აფრიკაში. ვმუშაობ როგორც პროდიუსერი და ამავდროულად ხშირად მიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში მასტერკლასების ჩასატარებლად. უახლოეს მომავალში მორიგი მასტერკლასების გასამართად ესპანეთში მივემგზავრები. 

რაც შეეხება თბილისს, ამ ეტაპზე რეპეტიციები მაქვს დაწყებული თუმანიშვილის თეატრში, სადაც ავგუსტ სტრინდბერგის პიესა „ზმანებას“ ვდგამ და მისი პრემიერა წელს გაიმართება. შემდეგი პროექტი კი უნიჭიერესი დრამატურგისა და სცენარისტის, ირაკლი კვირიკაძის მოთხრობაა. მისი სცენარების მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული, თუმცა მისი ნაწარმოები თეატრში არ დადგმულა. ის „ვთამაშობთ კაბუკის“ პრემიერას დაესწრო, რის შემდეგაც თავად შემომთავაზა მისი რომელიმე მოთხრობის დადგმა. ერთად შევარჩიეთ ავტობიოგრაფიული შინაარსის ნაწერი, რომელიც თავად ირაკლი კვირიკაძისა და რეზო გაბრიაძის თავს გადახდენილ ერთ-ერთ ამბავს აღწერს. აქტუალური თემაა, საოცარი იუმორით გაჯერებული და ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცი, ამ ჩანაფიქრს რომელ თეატრში განვახორციელებ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსახიობ ბილი პაიპერის თქმით, ემი უაინჰაუსს სკოლაში აბულინგებდნენ

შემდეგი სტატია

დუა ლიპა დაანონსებული ალბომიდან კიდევ ერთ ტრეკს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

პროგრამა „ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან” პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მეტი