ჯანო იზორია და 3 თეატრის სცენა

ჯანო იზორია - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ჯანო იზორია – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორ გახდა მსახიობი სოხუმის თეატრის დასის წევრი

მსახიობი ჯანო იზორია აფხაზეთში, კერძოდ გალში დაიბადა – ოტობაიაა მისი სოფელი. Მშობლებიცა ფხაზეთიდან არიან, თუმცა მეზღვაური მამა სამუშაოდ ფოთში გაანაწილეს და მისი ოჯახიც იქ დასახლდა. ძმასთან ერთად ფოთში გაიზარდა. შობას, მარიამობას და სხვა საეკლესიო დღესასწაულებს ყოველთვის სოფელში ხვდებოდნენ და დღეს, რაც აფხაზეთზე საუბრისას პირველ რიგში ახსენდება, აღდგომის დაუვიწყარი დღესასწაულებია.

ფოთში თეატრალური კვირეული ტარდებოდა, როცა მე-5 კლასის მოსწავლემ დამრიგებლის დაჟინებული თხოვნით პატარა ეტიუდში მიიღო მონაწილეობა. „დებიუტანტი“ ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვა და დირექტორმა საჩუქრად წიგნი გადასცა. გამარჯვებულის სამსახიობო ნიჭი ჟიურის თავმჯდომარემ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა ფოთოლა ქაჯაიამ შენიშნა, ხელი მოჰკიდა და თავისთან წაიყვანა. თეატრით იქ „მოიწამლა“. ამას მოჰყვა ანსამბლი „თეთრი თოლია“, მე-9 კლასიდან კი ფოთის ხელოვნების სასწავლებელი. უმაღლესი განათლების მიღების დრო რომ დადგა, მშობლების სრული მხარდაჭერით, ფოთიდან თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოემგზავრა. 

ჯანო იზორია - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ჯანო იზორია – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯანო იზორია:

– თბილისში მე და მამა მატარებლით ჩამოვედით. მივადექით რუსთაველზე თეატრალურის ჭადრებს და პირველ ტურს ძლივს მივუსწარი. მახსოვს, ჰალსტუხი მეკეთა, რატომღაც საგამოცდოდ ასე „გამომპრანჭეს“. ცალკე ეს ჰალსტუხი მიჭერდა და ცალკე კომისია „მწვდა ყელში“ თავისი კითხვა-პასუხებით. ჯგუფი ანზორ ქუთათელაძეს აჰყავდა… დაბნეული ვიყავი, არც ვინმეს რეკომენდაცია მქონდა, ამ პროფესიასთან შეხება მანამდე არც ჩემ ოჯახში ჰქონიათ და არც შესაბამისად მომზადებული ვიყავი, ამიტომ ჩავიჭერი… მაგრამ, ბედი არ გინდა?! კიბეზე ჩამოვდიოდი, როცა დეკანი ნელი გერმესაშვილი შეგვხვდა. მისგან გავიგე, რომ რეზო ჩხეიძეს კინო-სამსახიობო ჯგუფი აჰყავდა. მაშინვე დავწერე განცხადება. კონსულტაციები კინოსტუდიაში ტარდებოდა. ეზოში 200-მდე აბიტურიენტი დამხვდა. ბატონ რეზოსთან კაბინეტში შევედი. ჩვენი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მაშინ ბატონმა რეზომ ფოთელი კოჭოია დამარქვა. ყველა ტური გავიარე და მოხდა საოცრება, ბატონ რეზოს ჯგუფში ჩავირიცხე. ასე რომ, გამიმართლა. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები. ალბათ, აფხაზეთიდან და ფოთიდან „წამოსულს“, ჩემი ინდივიდუალიზმი და კუთხის „არომატი“ მქონდა. იმ დროს ისეთივე ვიყავი, როგორც რეალურად. რა  თქმა უნდა, სწავლის პროცესში ეს ყველაფერი იხვეწებოდა, ადამიანი სცენაზე კილო-კავით ვერ იმეტყველებ და ამის გამოსწორებაზე პრობლემა არ მქონია, ნელ-ნელა განვავითარე, მაგრამ იმ მომენტში ბატონი რეზო სწორედ იმ ჯანოთი მოიხიბლა, რაც მაშინ ვიყავი…

– ინტუიციის მსახიობი ვარ. როლს ჩემი შინაგანი ხმის მიხედვით მივყვები. თუმცა, რა თქმა უნდა, მიყვარს ჩხრეკა, ძიება და პერსონაჟის სახე-ხასიათის დაკვირვებებით შექმნა. სამწუხაროდ, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა რეჟისორს ამა თუ იმ როლზე მუშაობისას უთქვამს, ესა და ეს ფილმი ნანახი გაქვს? წადი, უყურე, დამსახიობს დააკვირდიო. 

ჯანო იზორია - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ჯანო იზორია – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ხათრიანი ადამიანი ვარ და პირდაპირ „არას“ ვერ ვეუბნები, მაგრამ ასე არასდროს ვაკეთებ. მირჩევნია, რეჟისორმა პერსონაჟთან თვითონ „მიმიყვანოს“, ლიტერატურის დახმარებით, ან გალერეაში წავიდეთ და ნახატზე მიმითითოს: აი, ასეთია შენი პერსონაჟი, ვფიქრობ, ამ ტიპს ჰგავსო. მქონია შემთხვევები, როცა რეჟისორის მიერ მითითებული მსახიობის შესრულებული როლი არასდროს მინახავს, მაგრამ ზუსტად ისე გაგიკეთებია, როგორც ის ფიქრობდა. მაგრამ, ამას დედამიწის ზურგზე ვერავის დაუმტკიცებ  და არც გინდა. ასეთი დამთხვევის შესახებ მხოლოდ შენ იცი და ეს ძალიან გაბედნიერებს!..

– დღესდღეობით სამ თეატრში ვმუშაობ: სენაკის, ფოთის და სოხუმის. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირი მგზავრობა მიწევს. ჩემმა მეუღლემ, გვანცამ, ლეგენდარული „პინკ ფლოიდის“ სიმღერები ჩამიწერა და მგზავრობისას ვუსმენ ხოლმე. ჩემთვის ერთ-ერთი გამოსაფხიზლებელი და ენერგიის აღსადგენი სიმღერაა „ქაშმირიც“, რომელსაც „ლედ ზეპელინი“ ეგვიპტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ასრულებს. ამ სიმღერას რომ ვუსმენ და მანქანაში ყველა შუშას ავწევ, სრულ კონცენტრირებაში მეხმარება. ისე კი, ვერ ვიტყვი, რომ დიდი მელომანი ვარ, ან რომელიმე კონკრეტული ჟანრი ჩემთვის გამორჩეულია. სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს ვუსმენ, მათ შორის ქართულ ფოლკლორს. ხშირად ვუსმენ ჰამლეტ გონაშვილის „იეთიმ გურჯის სადღეგრძელოს“, რომელსაც როიალის აკომპანემენტით მღერის. თუ გინდა, თბილისი შეიგრძნო, მის ამ ნამღერს უნდა მოუსმინო. ეს სიმღერა ჩემთვის დედაქალაქს უკავშირდება. სოხუმი და აფხაზეთი კი – აფხაზურ სიმღერასთან ასოცირდება, კერძოდ ზურაბ სოტკილავას შესრულებულ „სი ვარაიდასთან“, რომელიც ოთარ თაქთაქიშვილის საორკესტრო ვარიანტია. 

– 2017 წელს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა, რომელიც ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძის დაარსებულია. მის გახსნაზე ყოველთვის ახალი ერთი, ან რამდენიმე თეატრის ერთობლივ სპექტაკლს წარმოადგენენ. მაშინ სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო საყვარელიძემ სოხუმის თეატრში სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა და ფოთის თეატრიდან მე დამიძახა. ზუსტად მახსოვს, სად შევხვდით. მაშინ პირველად გავსინჯე სუში და მის საჭმელად ჩხირები რომ მომიტანეს, არ ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა – ერთი ძირს დამივარდა, მეორემ ლამის თვალი დამთხარა, მაგრამ ბოლოს როგორღაც ვჭამე. ერთმანეთს რომ დავშორდით, სუშის საჭმელი ჩხირები თან წავიღე. მთელი გზა ვვარჯიშობდი, მერე შინაც ვივარჯიშე და დღეს აზიური კერძების ჩხირებით ჭამა უკვე კარგად ვიცი.

ჯანო იზორია - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ჯანო იზორია – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

დათომ და მე ვილაპარაკეთ პროექტზე „იაკიში და პუპჩე“, რომელიც მაშინ ფესტივალზე წარსადგენად დაიდგა. რამდენიმე წელი არ გვითამაშია. ახლა აღდგენითი რეპეტიციები მიმდინარეობს და წელს, მაისში, კვლავ წარმოვადგენთ. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ სოხუმის თეატრში მუშაობა მიწევდა. თან იმ დროს თბილისში არც ერთ თეატრში არ ვიყავი, მცდელობა კი მქონდა, მაგრამ უშედეგოდ, იღბალმა არ „იმუშავა“. გადაღებები მქონდა და ფოთსა და თბილისში სულ წანწალის რეჟიმში ვცხოვრობდი. ახლა მე და ჩემი მეუღლე ქუჩაში რომ მივდივართ, ვეუბნები ხოლმე: გვანცა, ღამეებს აქ, ჩემი მეგობრების ვულკანიზაციაში ვათენებდი. ვეტერინალურ კლინიკას რომ ჩავივლით, ვეტყვი ხოლმე, აქაც გამიტარებია ერთი კვირა, მარცხნივ ძაღლების ვოლიერი იდგა, მარჯვნივ კი მე მეძინა-მეთქი.

სოხუმის თეატრი დიდი ისტორიის მატარებელია, მომავალ წელს 140 წლის ხდება. თავიდან შტატში არ ვიყავი. Მერე, აფხაზეთის სამინისტროს რეკომენდაციით, დათო საყვარელიძისა და დასის სრული მხარდაჭერით, სოხუმის თეატრის დასის წევრი გავხდი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ღმერთს მადლობა, ეს რომ მოხდა. ეს ჩემი ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელზედაც ჩემს შვილებს სიამაყით მოვუყვები. როცა მეკითხებიან, სად ხარ და ვპასუხობ, „სოხუმში“, ყველა იბნევა. მერე ვაკონკრეტებ, რომ თბილისში, მაგრამ სოხუმის თეატრში, მაგრამ ეს ფრაზა: „სოხუმში ვარ“ რაღაცნაირად ძალიან მომწონს და ასე თქმა წესად ვაქციე. იმედი მაქვს, ეს სიტყვები რეალობად გვექცევა, მეც და სხვებიც მალე ვიტყვით: „სოხუმში ვარ!“

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

OneRepublic - Photo: Black Sea Arena

Starring Georgia-ს სცენაზე ვარსკვლავური სეზონი OneRepublic-მა გახსნა

შემდეგი სტატია

მსოფლიოში ცნობილი არტისტები სოხუმის თეატრის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას პლატფორმა „მექანიკური ტალღები” სეზონურად წარადგენს.
მეტი

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

2025 წლის დასაწყისში ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი Night Divides the Day გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარის სიმღერამ „ბილბორდის“ ჩარტის რეკორდი მოხსნა

ჩარტის 35-წლიან ისტორიაში Not Like Us იქცა მუსიკალურ ნამუშევრად, რომელმაც ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა პირველი ადგილი.
მეტი

Diddy-ს დედა თავის ვაჟს იცავს: „ის არ არის მონსტრი, რომელიც მისგან შექმნეს”

„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ ასამართლებენ ჩემს ვაჟს იმისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ტყუილებისგან შექმნილი ნარატივია.”
მეტი