მსოფლიოში ცნობილი არტისტები სოხუმის თეატრის სცენაზე

არ გამოტოვოთ დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა 23-25 მაისს.

23-25 მაისს სოხუმის დრამატული თეატრი მსოფლიოში აღიარებულ არტისტებს უმასპინძლებს. გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:

23 მაისი, 20:00 – ბარენბოიმ-საიდის აკადემია და მიხაილ ბარენბოიმი

23 მაისს Სოხუმის თეატრის სცენაზე მსმენელს კლასიკური მუსიკის დაუვიწყარი საღამო ელის. კონცერტში მონაწილეობენ მიხაილ ბარენბოიმი (ვიოლინო), იბრაჰიმ ალშაიხი (კლარნეტი), იცხაკ ნური (ჩელო), ედენ მაიერ ხაიატი (ალტი), ითამარ კარმელისი (ფორტეპიანო) და კატია აბდელ კადერი (ვიოლინო). შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, არნოლდ შონბერგის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებები.

მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმმა მსოფლიო აღიარება 2011 წელს მოიპოვა, როცა პიერ ბულეზის დირიჟორობით შონბერგის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. მას შემდეგ ის უკრავს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ სცენებზე ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ვენის ფილარმონიული ორკესტრი დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი აშერ ფიშის დირიჟორობით, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ზუბინ მეტას დირიჟორობით, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით და ლოს-ანჯელესის ფილარმონიული ორკესტრი გუსტავო დუდამელის დირიჟორობით.

რაც შეეხება ბარენბოიმ-საიდის აკადემიას, ის 2016 წელს პიანისტისა და დირიჟორის დანიელ ბარენბოიმის ინიციატივით ბერლინში დაარსდა. აკადემიაში სწავლობენ ახალგაზრდა მუსიკოსები, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. მუსიკალური პროექტების, ლექციების, სიმპოზიუმებისა და სხვადასხვა ღონისძიების წყალობით, აკადემია დღეს საერთაშორისო პროექტების, შეხვედრებისა და დებატების გამორჩეული პლატფორმაა.

24 მაისი, 16:00 – ანა მიულერის ლექცია/დისკუსია

ანა მიულერი მსოფლიოში ცნობილი გერმანელი დრამატურგის, ჰაინერ მიულერისა და ფოტოგრაფ ბრიგიტე მარია მაიერის ქალიშვილია. სოხუმის თეატრში თავად რეჟისორი და წიგნების გამომცემელი ანა მიულერი მამის, ჰაინერ მიულერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ლექცია/დისკუსიას გამართავს. შეხვედრის მოდერატორი დრამატურგი, რეჟისორი და მთარგმნელი გიორგი ჯამბურია იქნება.

ანამ თავისი სადებიუტო დოკუმენტური ფილმი სწორედ მამას მიუძღვნა. ის 3 წლის იყო, როცა ჰაინერ მიულერი გარდაიცვალა. ახალგაზრდა რეჟისორმა ფილმი დედის მოგონებების მიხედვით გადაიღო. დოკუმენტური ფილმი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის გერმანელი დრამატურგის, პოეტისა და რეჟისორის შესახებ.

24 მაისი, 20:00 – იონ ლუდვიგი და „შტეგრაიფი”// ანა მიულერი და ნიკოლაუს რექსთროთი

20:00 საათზე ანა მიულერი წაიკითხავს ჰაინერ მიულერის „ჰამლეტ-მანქანას”. ნიკოლაუს რექსთროთი კი ფორტეპიანოზე მუსიკალურ ინტერლუდიებს დაუკრავს. შესრულდება არნოლდ შონბერგისა და ვალენტინ სილვესტროვის ნაწარმოებები. ასევე სერგეი რახმანინოვის ფრაგმენტები საფორტეპიანო ციკლიდან „მუსიკალური მომენტები”, თხზ. 16.

20-წუთიანი შესვენების შემდეგ კი სცენაზე იონ ლუდვიგი და „შტეგრაიფი” წარდგებიან.

დიჯეი იონ ლუდვიგი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროდიუსერი და შემსრულებელია. მას ხშირად სცენის ჯადოქარსა და მაესტროს უწოდებენ.
Რაც შეეხება „შტეგრაიფს”, ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებისგან შემდგარი 30 კაციანი კოლექტივია – იმპროვიზაციული სიმფონიური ორკესტრი პარტიტურების, დირიჟორისა და სკამების გარეშე. კლასიკური მუსიკა მათთვის იმპროვიზაციისა და ახალი საკონცერტო გამოცდილების საწყისი წერტილია. ეს ყველაფერი კი მსმენელისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.

25 მაისი – ეშლი გრინი და თბილისის ჯაზ-ანსამბლი

25 მაისს სოხუმის დრამატული თეატრის სცენას დაიკავებენ ეშლი გრინი და თბილისის ჯაზ-ანსამბლი ლუკა თოფურიას, ხატია ქორიძისა და სოსო ცაგარეიშვილის შემადგენლობით. პრესტიჟული ამერიკული ცეკვის თეატრის „ელვინ ეილის“ სოლისტი ეშლი გრინი და თბილისის ჯაზ-ანსამბლი მსმენელს ერთობლივ დაუვიწყარ პერფორმანსს ჰპირდებიან.

ეშლი გრინი 2021 წლიდან ნიუ-იორკში, ცნობილი ამერიკული ცეკვის თეატრის – „ელვინ ეილის“ წევრია. 2021 წელს პრესტიჟულმა ჟურნალმა – Dance Magazine არტისტი რჩეულ 25 შემსრულებელს შორის დაასახელა.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯანო იზორია - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯანო იზორია და 3 თეატრის სცენა

შემდეგი სტატია

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის მონაწილე გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი