მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე სელინ დიონი და ლედი გაგა იმღერებენ. ამ
ხმების გავრცელება საფრანგეთის სპორტის მინისტრის, ამელი უდეა-კასტერას მინიშნებამ გამოიწვია.
სავარაუდო მუსიკალურ ნომერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა ფრანგმა ჟურნალისტმა ტიერი მორომ. მისი ინფორმაციით, დუეტი ედით პიაფის La Vie en Rose-ს შეასრულებს. ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის სელინ დიონის და ლედი გაგას დუეტზე ასევე წერს ამერიკული გამოცემა TMZ.
ოლიმპიადის გახსნაზე დიონის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხმები თავად მომღერალმაც გაამყარა. 24 ივლისს მან პარიზიდან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „ყოველთვის, როცა პარიზში ვბრუნდები, მახსენდება, რომ სამყაროში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სილამაზე და სიხარულია. მიყვარს პარიზი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი,” – დაწერა არტისტმა.
თუ გავრცელებული ხმები გამართლდა და სელინ დიონი ოლიმპიადის გახსნის სცენაზე ვიხილეთ, ეს მომღერლისთვის პირველი მუსიკალური შესრულება იქნება მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტურნე გააუქმა. ტურნეს გაუქმების შემდეგ, დიონმა გაამხილა, რომ იშვიათი დაავადების, გაშეშებული ადამიანის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს (Stiff Person Syndrome).
ამასობაში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზში ლედი გაგაც შენიშნეს. მისი ფოტოები და ვიდეოები ქალაქის ქუჩებიდან 22 ივლისს გავრცელდა.
VIDEO: Lady Gaga waving at fans in Paris a few moments ago.
— Lady Gaga Now 🃏 (@ladygaganownet) July 22, 2024
pic.twitter.com/pqehFFfZSW
სპორტული სამყაროს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საზეიმო გახსნა 26 ივლისს შედგება.