24 ივლისს ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ 10 მილიონი გაყიდული ჩანაწერით Empire State of Mind ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელი გახდა. ალიშა კისისთვის ეს პირველი, ხოლო ჯეი-ზისთვის მეორე ბრილიანტის სტატუსია კანიე უესტთან ერთად შესრულებული N—as in Paris-ის შემდეგ.
„Empire ბრილიანტია!!!!!!!!” – დაწერა ალიშა კისმა ტვიტერზე.
Empire is diamond!!!!!!!!💎 💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎💎 https://t.co/Fkh1kWGJnU
— Alicia Keys (@aliciakeys) July 24, 2024
Empire State of Mind 2009 წლის ოქტომბერში გამოვიდა, როგორც მესამე სინგლი ჯეი-ზის ალბომიდან The Blueprint 3. ორი თვის შემდეგ სიმღერამ პლატინის სერტიფიკატი (მილიონი გაყიდული ჩანაწერი) მოიპოვა. 2023 წლის ივნისში კი მას უკვე 9 პლატინის სტატუსი ჰქონდა, რაც საბოლოოდ ბრილიანტის სერტიფიკატში გადაიზარდა.
ჯეი-ზისა და ალიშა კისის დუეტი 5 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot 100-ში. 2021 წლის 4 დეკემბერს კი, საკუთარ დაბადების დღეზე, რეპერმა სიმღერა ხელახლა ატვირთა თავის იუთუბ გვერდზე. ამ თარიღიდან დღემდე ვიდეომ 262 მილიონი ნახვა დააგროვა.
Business Insider-ის თქმით, Empire State of Mind 148-ე სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მოიპოვა. ჯეი-ზი კი 26-ე არტისტია, ვინც ეს სტატუსი ერთზე მეტჯერ მიიღო.
წელს რეპერმა და მომღერალმა ფანებს სიურპრიზი გაუკეთეს, როცა 2024 წლის Tony Awards-ზე მშობლიურ ქალაქში სწორედ Empire State of Mind შეასრულეს. „Რაღაც სიგიჟე უნდა გამეკეთებინა – ეს ხომ ჩემი მშობლიური ქალაქია,” – აღნიშნა კისმა, სანამ სცენაზე ჯეი-ზი გამოვიდოდა.
ჯეი-ზის მსგავსად, ბრილიანტის მეორე სერტიფიკატთან ახლოსაა ალიშა კისიც. Მისმა 2007 წლის სიმღერამ No One გასულ წელს უკვე მეცხრე პლატინის სტატუსი მოიპოვა.