კამალა ჰარისი, როგორც შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, არჩევნებში ჩართვისათვის ემზადება. 30 ივლისს ის ატლანტაში მხარდამჭერებს შეხვდება. შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტის მხარდასაჭერად მუსიკალურ პერფორმანსს რეპერი Megan Thee Stallion გამართავს.
რამდენიმე დღის წინ კამალა ჰარისმა TikTok-ზე ჯგუფ *NSYNC-ის წევრთან, ლენს ბასთან ერთად გადაღებული ვიდეო ატვირთა. “კამალა, რას ვეუბნებით ნოემბერში დონალდ ტრამპს?” – ეკითხება მომღერალი კამალა ჰარისს, რაზეც ჰარისი ჯგუფის ცნობილი ჰიტის ტექსტიდან იყენებს ფრაზას და ამბობს “Bye, Bye, Bye”.
ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მრავალმა ცნობილმა ადამიანმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. მათ შორის იყვნენ Cardi B, Lizzo, Lil Nas X და სხვები. იმ შემთხვევაში, თუ კამალა ჰარისი არჩევნებზე კანდიდატად დასახელდება და გაიმარჯვებს, ის შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენის მხარდაჭერას განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. ამის შემდეგ ჰარისმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბიონსეს 2016 წლის სიმღერა, Freedom ჟღერს.
“არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა უნდა ვიყოთ. მაგრამ, ჩვენ? ჩვენ რაღაც სხვას ვირჩევთ. ჩვენ თავისუფლებას ვირჩევთ,”- მიმართავს კამალა ჰარისი ვიდეოში ამომრჩეველს.