A$AP Rocky-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა ვიდეოკლიპი სიმღერაზე Tailor Swif, რომელმაც მანამდე ინტერნეტსივრცეში არაოფიციალურად გაჟონა.
როკიმ მსმენელს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ვიდეო შესთავაზა, რომელიც მის მრავალფეროვან ვიდეოგრაფიას შეემატა. კლიპის ყველა სცენა 2021 წლის დეკემბერში კიევშია გადაღებული და თითოეული მათგანი წინაზე უფრო უცნაურია. ვიდეოში ვხვდებით კურდღელს, რომელიც საზოგადოებრივი ტუალეტის ნიჟარაში აბაზანას ბოკალი ღვინის თანხლებით იღებს, ჰალსტუხში გამოწყობილ ძაღლს, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს, ან თუნდაც ადამიანს, რომლის თმაც ჩიტების ბუდეა.
ტეილორ სვიფტის ფანების მთელი ყურადღება, ცხადია, სიმღერის სახელწოდებაზე იყო მიმართული, რომელიც, როგორც ჩანს, სწორედ პოპვარსკვლავით არის შთაგონებული. Როკი ტეილორ სვიფტს მისამღერშიც ახსენებს: I’m too swift, don’t tell Taylor ’bout this s–t (Swift, yeah).
სვიფტის სახელის სიმღერაში გამოყენებით მომღერლის ყველა ფანი არ აღფრთოვანებულა. „თითო დოლარს რომ ვიღებდე ყველა კაცზე, ვინც ძალაუფლებისთვის ტეილორის სახელს იყენებს, ისეთივე მდიდარი ვიქნებოდი, როგორიც ისაა,” – წერს ერთ-ერთი ფანი.
სვიფტის ფანებს A$AP Rocky-ის გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ: „მიყვარს ტეილორ სვიფტი, მაგრამ როკის ის არ სჭირდება იმისთვის, რომ აქტუალური იყოს,” – ვკითხულობთ რეპერის გულშემატკივრის კომენტარში.
A$AP Rocky თავდაპირველად სიმღერის გამოქვეყნებისგან თავს იკავებდა. მან კომპოზიცია 2022 წელს პორტუგალიაში შეასრულა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის ინტერნეტში არაოფიციალურად გავრცელდა. თუმცა საბოლოოდ, რეპერმა მისი გამოქვეყნება მაინც გადაწყვიტა და სოციალური ქსელით დააანონსა.
ნახეთ A$AP Rocky-ის ვიდეოკლიპი Tailor Swif: