Anana Kaye ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების, Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს ინდი-ალტერნატიული დუეტია. მათი მუსიკა განსხვავებული ჟღერადობის, ავთენტური სტილისა და დინამიკური ბგერების სინთეზია, რომელიც არტისტების ხედვას უნიკალური გზით გვანახებს.
დუეტის პირველი EP, Sentient, 2016 წელს, პროდიუსერ აარონ ნევეზის მხარდაჭერით, ბრუკლინis The Bunker Studio-ში ჩაიწერა. მათი შემდეგი ალბომი Detour კი 2019 წელს გამოვიდა. ახლახან დუეტმა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური კლიპი სახელწოდებით Running From Love გამოსცა, რომელიც ლეიბლ New West Records-ის მეშვეობით ჩაიწერა.
Irakli Gabriel:
„ანანა და მე უკვე თითქმის 10 წელია, რაც მუსიკალურად ვთანამშრომლობთ. 2017 წლიდან ნეშვილში ვართ, მანამდე კი ნიუ-იორკში ვუკრავდით და ვწერდით ალბომებს. ნეშვილში დავიწყეთ მუშაობა აქაურ ლეგენდასთან, დევიდ ოლნისთან. ერთად დავწერეთ სიმღერები და ჩავწერეთ ალბომი Whispers and Sighs. სამწუხაროდ, დევიდი 2020 წლის იანვარში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა და ალბომის გამოცემა ერთი წლით გადაიდო. ალბომი გამოვიდა 2021 წელს და ამერიკულ და საერთაშორისო მუსიკალურ პრესაში ძლიერი რეცენზიები მიიღო. მას შემდეგ ანანა და მე ხშირად ვართ გასტროლებზე შტატებში, 2023-ში ნორვეგიაშიც ვიყავით კონცერტებით.
Running From Love დევიდის დაწერილი სიმღერაა და სპეციალურად მისადმი მიძღვნილი ალბომისთვის ჩაიწერა, რომელშიც აგრეთვე ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ლუსინდა უილიამსი (Lucinda Williams), სტივ ერლი (Steve Earle), თაუნს ვან ზანტი (Townes Van Zandt), მერი გოშიე (Mary Gauthier) და სხვები. ალბომი ცნობილმა ლეიბლმა, New West Records-მა, 2024 წლის ოქტომბერში გამოუშვა.“
რაც შეეხება Anana Kaye-ს სამომავლო გეგმებს, დუეტმა ახალ ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულა და მისი გამოსვლა 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება. დუეტი ახალ სიმღერებს წერს, ბრიტანულ-ირლანდიურ ჯგუფთან The Waterboys-თან კოლაბორაციაზე მუშაობს და მომავალ კონცერტებს გეგმავს.
მოისმინეთ Anana Kaye-ს ახალი სიმღერა Running From Love