3 ნოემბერს „საჩუქარი” მორიგ სეზონს ხნის. ხელოვნების პირველი ქართული საერთაშორისო ფესტივალი წელს 27-ე გამოშვებით ბრუნდება და, ტრადიციულად, ქართველ მაყურებელს გამორჩეულ პროგრამას სთავაზობს. ამჯერად ფესტივალის ფოკუსში რუმინეთია.
წლევანდელ პროგრამაზე Billboard საქართველოს ფესტივალის ადმინისტრატორი ირაკლი ჩოჩუა ესაუბრა:
„წელს ფესტივალი შედარებით შემცირებული მასშტაბით იმართება, რადგან, სამწუხაროდ, კულტურის პოლიტიკიდან გამომდინარე, ბოლო წლებში დაფინანსება საგრძნობლად არის შემცირებული. შესაბამისად, ისეთ ფართო მასშტაბებს ვეღარ იძენს ფესტივალი, როგორსაც ჩვენი მაყურებელი გასულ წლებში იყო მიჩვეული. ამიტომ რაოდენობრივად პროგრამა შეკვეცილია, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი ხარისხზე. პირიქით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველწლიურად ფესტივალი უფრო და უფრო მაღალ თამასას დებს სრულიად გამორჩეული პროგრამით და წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი.
წელს ჩამოგვაქვს ორი უცხოური სპექტაკლი. როგორც იცით, ყოველ წელს ვირჩევთ ქვეყანას, რომელიც არის ფესტივალის ფოკუსში და ამჯერად ეს იქნება რუმინეთი. ფესტივალი გაიხსნება რუმინული სპექტაკლით „ოიდიპოს მეფე” (Oedipus Rex). ეს არის ბრიტანელი რეჟისორის, დეკლან დონელანისა და კრაიოვას ნაციონალური თეატრის ერთობლივი სპექტაკლი, რომლის ნახვაც ქართველ მაყურებელს 3 და 4 ნოემბერს აბრეშუმის ქარხანაში შეეძლება. ეს არის ძალიან გამორჩეული დადგმა, სადაც მაყურებელი დგას ფეხზე და სპექტაკლის განმავლობაში გადაადგილდება დასთან და მსახიობებთან ერთად, რითაც ხდება მთელი პროცესის მონაწილე და თავად მიჰყვება მოვლენათა განვითარებას. ეს კი კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის აუდიტორიის მხრიდან თვითონ სპექტაკლის შეფასებასა და აზრის გამოხატვას.
რაც შეეხება დეკლან დონელანს, ეს არის მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი, რომელიც გახლავთ ბრიტანეთის იმპერიის ორდენისა და საფრანგეთის ღირსების ორდენის კავალერი, ასევე ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის, ოქროს ნიღბისა და ლორენს ოლივიეს ჯილდოს ოთხგზის მფლობელი. სხვათა შორის, ფესტივალის გახსნამდე, 2 ნოემბერს, თეატრალურ უნივერსიტეტში დეკლან დონელანთან საჯარო შეხვედრაც გაიმართება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მასზე დასწრება და რეჟისორთან გასაუბრება.
წლევანდელი პროგრამის მეორე უცხოური სპექტაკლი იქნება „ლაპის ლაზული” (Lapis Lazuli). ეს არის რეჟისორ ევრიპიდის ლასკარადისისა და ბერძნული თეატრის „ოსმოსისის” ერთობლივი დადგმა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სპექტაკლია მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ულტრათანამედროვე ჩანაფიქრი, კონცეფცია, სცენოგრაფია, რომლის ნახვის უნიკალური შესაძლებლობაც ქართველ მაყურებელს 12 და 13 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში ექნება. „ლაპის ლაზული” არის ადამიანის დღევანდელი გლობალური მდგომარეობის გამოძახილი. ის ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა კეთილისა და ბოროტის, ცნობიერისა და არაცნობიერის, სულისა და მატერიის ჭიდილი. ეს ყველაფერი კი წარმოდგენილია ვიზუალური მხრით: სცენოგრაფია, დეკორაცია, განათება – ძალიან ბევრი რამ ხდება სცენაზე და მგონია, რომ ქართველ მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს ასეთი დინამიკური და აქტიური სპექტაკლები.
ფესტივალი ასევე არ ღალატობს ტრადიციას და ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემიით რამდენიმე ადამიანს დააჯილდოებს. ესენი არიან: გოგი მარგველაშვილი, დავით ევგენიძე და დეკლან დონელანი.”
„საჩუქარი” წელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას უყრის საფუძველს. ეს არის ფესტივალისა და ვენეციის ბიენალეს თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანებს შეეძლებათ წარადგინონ საკუთარი პროექტები სხვადასხვა სახელოვნებო დარგში. მათგან გამარჯვებული კი მიიღებს დაფინანსებას და წარმოდგენილი იქნება ფესტივალის 2025 წლის პროგრამაში. პროექტი იტალიის საელჩოს მხარდაჭერითა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის პარტნიორობით ხორციელდება. მისი პრეზენტაცია 7 ნოემბერს თუმანიშვილის თეატრში შედგება.
ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში ასევე მონაწილეობას მიიღებს სამი ქართული სპექტაკლი: მაია დობორჯგინიძის „უფრო ახლოს”, ვანო ხუციშვილის „უხერხემლო” და გოგი მარგველაშვილის „ეს ასეა.” ფესტივალის დასკვნით დღეს კი, 15 ნოემბერს, თუმანიშვილის თეატრში Fit Cordoba-სა და La Parisina Casa de Arte-სთან კოლაბორაციით შედგება პიესის Posthumous პრეზენტაცია, რომელსაც მსახიობი თამარ ბზიავა წაიკითხავს.
ირაკლი ჩოჩუა:
„წლევანდელი პროგრამაც, ტრადიციულად, ჩვენი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქეთი დოლიძის გადაწყვეტილებითა და ჩვენი გენერალური მენეჯერის, სოფო თორთლაძის ჩართულობით არის შედგენილი. წელს ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი და ზოგადად, ეს ფესტივალი მუდამ ცოცხლობდა საერთაშორისო დონორების დახმარებით.
ჯამში, ვიტყოდი, რომ წლევანდელი პროგრამა არის ძალიან თანამედროვე და სრულიად არაორდინარული, რაც მიმაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში ძალიან რელევანტურია. იმდენად შეიცვალა სამყარო, რომ ხელოვან ხალხსაც უკვე სხვა მოტივებსა და სათქმელზე უწევს ფიქრი და შემდეგ ამის გამოხატვა თავიანთ შემოქმედებაში. ამიტომ ლოგიკურია, რომ წლევანდელ ფესტივალზე უფრო სახეშეცვლილი პროგრამით წარვდგებით, რადგან აქამდე გლობალურად ასეთი განწყობა არ ყოფილა. ჩვენი ფესტივალი კი იზრდება, ვითარდება და ფეხს უწყობს თანამედროვე გამოწვევებსა და მოვლენებს. ასე რომ, წელს მაყურებელს კიდევ უფრო სხვანაირი, არატრადიციული და თანამედროვე „საჩუქარი” ელის.”
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.