ინტერვიუ shelter.film-ის ქართველ დამფუძნებელთან, რომელმაც A$AP Rocky-ს ცნობილი ვიდეოკლიპი გადაიღო

„ჩვენ რეკლამასა და ხელოვნებას შორის არჩევანს არ ვაკეთებთ – ჩვენ სარეკლამო ხელოვნებას ვქმნით.”
shelter.film. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ზაფხულის ბოლოს ინტერნეტში A$AP Rocky-ს ვიდეო გამოქვეყნდა, რომელმაც მალევე მთელი ინტერნეტი მოიცვა და მუსიკალური ჟურნალებისთვის საინტერესო მასალად იქცა. ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Tailor Swif, ამერიკულმა მუსიკალურმა პრესამ სიურრეალისტურ სიზმარში მოგზაურობასაც შეადარა. თუმცა ვინც საბჭოთა პერიოდის ხელოვნებას, ცხოვრების სტილს, მოდას, კინემატოგრაფიასა და ზოგად ესთეტიკას კარგად იცნობს, ამ ნამუშევარში ბევრ საინტერესო პარალელს აღმოაჩენს. ვიდეო უკრაინაში, კიევში, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული. ჩვენთვის კი განსაკუთრებით საინტერესო გარემოებაა ის, რომ ვიდეოზე კიევში დაფუძნებულმა კრეატიულმა კომპანია shelter.film-მა იმუშავა, რომლის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელიც წარმომავლობით ქართველი ალბერტ ზურაშვილია. კიდევ უფრო ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით shelter.film საქართველოდანაც ოპერირებს და არაერთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობს. 

ახლახან shelter.film-მა Tailor Swif-ის კლიპისათვის ცნობილ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, Ciclope Festival-ზე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. ნამუშევარი გამარჯვებულთა შორის ხუთ კატეგორიაში დასახელდა და მთავარი პრიზი მიიღო ნომინაციაში – საუკეთესო მუსიკალური ვიდეო. 

Billboard Georgia-მ ალბერტ ზურაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის shelter.film-ის შესახებ გვიყვება და A$AP Rocky-ს Tailor Swif-ზე მუშაობის პროცესს იხსენებს. 

shelter.film ხუთი წლის წინ კიევში დაფუძნდა. მისი კონცეფცია ალბერტ ზურაშვილს ეკუთვნის. როგორც თავად ამბობს, იდეის რეალობად ქცევაში მას საუკეთესო პროფესიონალები დაეხმარნენ, რომლებსაც საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე შეხვდა. ალბერტ ზურაშვილის პარტნიორები დღეს გენა შევჩენკო და მარინა კარმოლიტი არიან და გუნდი shelter.film-ს ერთობლივად მართავს. როგორც ალბერტი იხსენებს, კომპანია მათ პირველ აპრილს წარადგინეს, რის გამოც გარშემომყოფებს ის საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ. „სინამდვილეში ძალიან დაკავებული ვიყავით საიმისოდ, რომ თარიღისთვის მიგვექცია ყურადღება,” – აღნიშნავს ზურაშვილი.

shelter.film-ის ძირითადი გუნდი ექვსი ადამიანისგან შედგება. დაფუძნების შემდეგ ის უკრაინის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ კრეატიულ კომპანიად იქცა. მის საერთაშორისო პორტფოლიოში ინდუსტრიის არაერთი წამყვანი კომპანიისათვის შექმნილ ვიდეოებს შეხვდებით. მათ შორის არის „შანელი”, „კოკა-კოლა”, „სამსუნგი” და სხვა. ამჟამად shelter.film სამი ქალაქიდან – კიევიდან, თბილისიდან და ბრიუსელიდან მუშაობს და ახალ ჰორიზონტებს იკვლევს. მიუხედავად სერვისზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელისა, shelter.film შემოქმედებით ინდუსტრიებს ეკუთვნის და განსაკუთრებულად ორიგინალური, ახლებური და კრეატიული მიდგომით გამოირჩევა. 

shelter.film. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიაში წარმოუდგენლად დიდი კონკურენციაა და ყოველდღიურად არაერთი შთამბეჭდავი ვიდეო იქმნება. სარეკლამო კამპანიების ფარგლებში ბრენდები ერთმანეთზე მასშტაბურ და ორიგინალურ ნამუშევრებს გვთავაზობენ. ამ პირობებში shelter.film-მა შეძლო და თავისი ნიშა დაიკავა. თუ  shelter.film-ის გადაღებულ ვიდეოებს შეხედავთ, აუცილებლად აღმოაჩენთ ხელწერას, რომელიც ცხადყოფს, რომ მისი შემქმნელები რეკლამას ხელოვნების ფორმად აღიქვამენ.  shelter.film-ის გუნდი ამბობს, რომ მათი მიზანია, შექმნან პროექტები, რომლებსაც საზოგადოებაზე გარკვეული გავლენა ექნება. 

„ვიდეოების გადაღება დღესდღეობით დიდ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. თუმცა რეკლამასთან ერთად ამბის თხრობა, რასაც თან ახლავს კინემატოგრაფია და ვიზუალური ხელოვნება, მარტივი არ არის,”- ამბობს ალბერტ ზურაშვილი. მისი თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული შესაძლებლობებითა და მოქმედების არეალით მაქსიმალურად გამოხატოს საკუთარი შემოქმედებითი ხედვა და დამახასიათებელი სტილი. ეს პროცესი კი მხოლოდ შესრულებული დავალება და განხორციელებული პროექტი არ არის. როგორც ალბერტი აღნიშნავს, ამით shelter.film-ის გუნდის თითოეული წევრი დიდ სიამოვნებას იღებს. 

ალბერტ ზურაშვილი: 

„საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიმუშაოთ პროექტებზე, რომლებსაც საზოგადოებაზე გავლენა აქვს. ჩვენ ვაფასებთ ახალ პროფესიონალებს, მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით, რათა საკუთარ საქმეში ლიდერებად იქცნენ. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენი ინდუსტრიის პროგრესს. ყოველთვის, როცა საერთაშორისო პროექტზე ვმუშაობთ, მასში უკრაინელ პროფესიონალებს ვრთავთ, რათა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები კვლავ ჩვენ გვერდით, ამ საქმეში იყვნენ.”

როგორც უკვე ვახსენეთ, shelter.film-ს სხვადასხვა ინდუსტრიის არაერთ წამყვან კომპანიასთან უმუშავია. სარეკლამო პროექტები, ბუნებრივია, დამკვეთის არაერთ მოთხოვნას ითვალისწინებს. ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს shelter.film-ის გუნდი, რომ ყოველმა კომერციულმა ვიდეომ სახელოვნებო ღირებულება შეინარჩუნოს, ალბერტ ზურაშვილი გვპასუხობს: 

„კარგი კითხვაა. შესაძლოა, ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომპრომისი ავირიდოთ. არასდროს ვიძლევით ზედმეტ დაპირებას, თუმცა შედეგს მოსალოდნელზე მაღალს ვდებთ. არასდროს ვზოგავთ ბიუჯეტს. არავის სურს წარუმატებლობა. ჩვენც წინასწარ შეგვიძლია განვჭვრიტოთ რა შესაძლებლობები გვაქვს და მარცხი თავიდან ავირიდოთ. მარცხს მხოლოდ პროფესიული რეპუტაციის ზიანი არ მოაქვს. ეს ხელშესახებ ზიანს იწვევს პროფესიონალებისათვის და  იმ ქვეყნისათვის, რომელსაც კომპანია წარმოადგენს. ამიტომაც ჩვენ რეკლამასა და ხელოვნებას შორის არჩევანს არ ვაკეთებთ – ჩვენ სარეკლამო ხელოვნებას ვქმნით.” 

Billboard Georgia-სთან ინტერვიუში ალბერტ ზურაშვილმა ისაუბრა უკრაინაში საპროდუქციო პროექტების განვითარების პერსპექტივებზეც, რაც ბოლო პერიოდში, ომამდე იკვეთებოდა.

ალბერტ ზურაშვილი: 

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში უკრაინა დიდი ბრენდებისთვის საინტერესო სივრცედ იქცა. ბევრი კომპანია ირჩევდა მას რეკლამებისა თუ სხვადასხვა ვიდეოს გადასაღებ ლოკაციად. ამ ინდუსტრიაში დასაქმებულმა ადამიანებმა დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი დაემტკიცებინათ. წლების განმავლობაში მუშაობის შემდეგ უკრაინულმა კრეატიულმა და სარეკლამო კომპანიებმა აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სერვისის შეთავაზება შეძლეს. ეს ომი კი ჩვენთვის დამანგრეველია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ინდუსტრია უკრაინელ კოლეგებს მხარს უჭერს, ვერ ვიტყოდი, რომ კრეატიული სფეროსათვის ეს საუკეთესო პერიოდია. თუმცა ამის პარალელურად გაძლიერდა სოციალური რეკლამა. ამ მხრივ მომდინარეობს უამრავი გადაღება და ეს იმის ნიშანია, რომ უკრაინას ვერაფერი შეაჩერებს.” 

ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას, ბუნებრივია, იპყრობს shelter.film-ის ხელმძღვანელის ქართული წარმომავლობა. ალბერტ ზურაშვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად უკრაინელია. ის უმეტესად კიევში გაიზარდა და სწორედ უკრაინაში შექმნა საკუთარი კარიერა. 

ალბერტ ზურაშვილი. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ალბერტ ზურაშვილი: 

„რა თქმა უნდა, საქართველო ასევე ჩემი სახლია. ამაზე ჩემი გვარიც მეტყველებს. მიხარია, რომ აქ ვარ და შემიძლია, საქართველოში არაერთი საერთაშორისო პროექტი განვახორციელო. საქართველოს დიდი პერსპექტივები აქვს და ამას დიდი ახსნა არც სჭირდება, რადგან ის უკვე არის მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ფოკუსში. აქ დიდი სიახლეები და მხიარულება გველის, ეს შემიძლია, ნამდვილად ვთქვა.”

მიუხედავად უამრავი მაღალბიუჯეტიანი რეკლამისა და სხვადასხვა პროექტისა,  shelter.film-ის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტად სამუდამოდ ჩაიწერა A$AP Rocky-ს კლიპი. ვიდეოს კონცეფციაზე რეჟისორებმა ვანია ჰეიმანმა და გალ მუჯიამ იმუშავეს. აღნიშნული დუეტი დაკავშირებულია მსოფლიო მუსიკალური სცენის არაერთი ვარსკვლავის კლიპთან, მათ შორის არის Coldplay, ასევე კომპანიები: Nike, Apple და სხვა. რეჟისორებთან shelter.film-ს წარსულშიც უთანამშრომლია სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის არის დუა ლიპას კლიპი. 

ალბერტ ზურაშვილი: 

„A$AP Rocky-ს ვიდეო საკმაოდ მოკლე დროში გადავიღეთ. ბევრი რამ სპონტანურიც იყო. შემოქმედებითი გუნდის უმეტესმა ნაწილმა არ იცოდა, ვის ვიღებდით. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში A$AP Rocky თავის გუნდთან ერთად ჩამოვიდა და გადაღებებისას რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ კიევში. ბევრი სიგიჟე ვცადეთ, მათ შორის კოდაკის 16-მილიმეტრიანი ფირის კამერით გადაღება. ფირის კამერით გადაღება საოცარი გამოცდილებაა – სანამ არ გაამჟღავნებ, არ იცი, რა გამოვიდა. ცხადია, გადაღებებს წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა, რაც თითქმის ნახევარი წელი გაგრძელდა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ მასში უნიჭიერესი დამდგმელი ოპერატორი, დენის ლუშიკი ჩავრთეთ.”

A$AP Rocky-ს კლიპის ერთ-ერთ სცენაში ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას ფილმის, „მიმინოს” ცნობილი კადრია გაცოცხლებული. როგორც ალბერტ ზურაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება რეჟისორებს ეკუთვნოდათ. „მიხარია, რომ გიორგი დანელიას ეს არაჩვეულებრივი სცენა ამ ფორმით გამოვიყენეთ,” – აღნიშნავს ალბერტ ზურაშვილი. როგორც ამბობს, გადაღებებისა და პოსტპროდუქციის ეტაპში მაქსიმალურად იყო ჩართული თავად A$AP Rocky-ც. მთელი გუნდი კი მაღალი პროფესიონალური სტანდარტით მუშაობდა. 

shelter.film-ის გუნდისთვის ვიზუალური კომუნიკაცია ხელოვნების ფორმა და ამბის თხრობის განსაკუთრებული საშუალებაა და ამ მიდგომას ნებისმიერ ვიდეოზე მუშაობისას იზიარებენ – იქნება ეს კომერციული რეკლამა, თუ მუსიკალური ვიდეო. 

ალბერტ ზურაშვილი: 

„ხელოვნების ყველა ფორმა, რეკლამაც კი, დროზე თავის კვალს ტოვებს. ყველა დიდი ამბავი უნდა გადმოიცეს. ხელოვნების არსი თავისუფლებასა და გამოხატვაშია. ყველა ბრენდსა თუ ცალკეულ ხელოვანს დიდ პატივს ვცემ, ვინც საკუთარ შესაძლებლობებს იყენებს და სათქმელს ხმამაღლა ამბობს. ხმამაღლა საუბრის შესაძლებლობა განსაკუთრებული ძალაც არის და პასუხისმგებლობაც. ეს არის პასუხისმგებლობა მათ მიმართ, ვინც გენდობა და მოგყვება. დადებითი ცვლილებები მხოლოდ პასუხისმგებლობიან, კეთილშობილურ  და გონივრულ დამოკიდებულებას მოაქვს და ჩვენი გუნდი ბედნიერია, რომ ამაში ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია, რასაც სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფარელ უილიამსი იხსენებს დროს, როცა ის „მაკდონალდსიდან” სამჯერ გაათავისუფლეს

შემდეგი სტატია

ლიემ პეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამ პირს ბრალი წაუყენეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი