21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
რიანა
Christopher Polk/Getty Images for WESTBURY ROAD ENTERTAINMENT LLC

ვინაიდან 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება, „ბილბორდი” მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცემის გუნდის მიერ შედგენილ, ბოლო 25 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგს შემოგთავაზებთ. 

წარმოგიდგენთ სიის მესამე ნომერს – რიანა

2008 წელს რიანამ გამოცემა Paper-ს უთხრა, რომ სურდა, „შავკანიანი მადონა” გამხდარიყო. მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, უკვე მილიარდერმა პოპვარსკვლავმა კი მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ქალი პოპვარსკვლავის ფორმულა აიღო და საკუთარ მოდელად გადააკეთა. რიანასეული ვერსია აერთიანებს უშეცდომო ვოკალს, უშეცდომო ყურსა და თვალს უშიშარი, ფუტურისტული მოდისთვის და ამასთანავე, როლური მოდელის არქეტიპის სრულ უარყოფას სექსუალური თავისუფლების სასარგებლოდ. 

რობინ რიანა ფენტის მუსიკალური ოდისეა ნაცნობი სცენარით იწყება. ბარბადოსის დედაქალაქ ბრიჯტაუნში დაბადებულმა გოგონამ ბავშვობის ორ მეგობართან ერთად გოგონათა ჯგუფი დააარსა. სახელისა და საავტორო შემოქმედების გარეშე, ტრიომ მოახერხა და მოსმენაზე ევან როჯერსთან მივიდა – ვეტერან პროდიუსერთან, რომელმაც 1984 წლის Beat Street-ის საუნდტრეკზე იმუშავა. როგორც როჯერსმა ერთხელ აღნიშნა, „13 წლის ასაკშიც კი რიანა უკვე ვარსკვლავივით იქცეოდა. მაგრამ მომაკვდინებელი მომენტი ის იყო, როცა მან პირი გააღო და სიმღერა დაიწყო. ის ცოტა გასაშალაშინებელი იყო, თუმცა ეს სიბასრე მას ხმაში ჰქონდა.”

რიანა
Jeff Kravitz/FilmMagic

ორი რამ – მისი ბუნებრივი შარმი და გამორჩეული ვოკალური ტონალობა, რომელიც ბარბადოსულ აქცენტს ხრინწიან ხმასთან აზავებს – აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი აგურები რიანას გარდაუვალი დომინაციისა. 

პირველმა მოსმენამ როჯერსზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ის რიანას კონექტიკუტში სკოლის არდადეგების დროს ავარჯიშებდა. 2004 წელს კი მან უკვე კონტრაქტი გააფორმა როჯერსისა და კარლ სტარკენის Syndicated Rhythm Productions-თან, რამაც საშუალება მისცა, გამოეცა ოთხსიმღერიანი დემო ჩანაწერი, რომელშიც შედიოდა სიმღერა Pon De Replay იმ დროს გამოუცემელი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან. 

Pon De Replay-ს პირველად მოსმენის შემდეგ ჯეი-ზიმ, რომელიც მაშინ Def Jam-ის პრეზიდენტი იყო, იფიქრა, რომ სიმღერა ზედმეტად კარგი იყო საიმისოდ, რომ ახალბედა არტისტის პირველი სინგლი გამხდარიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში რიანას ცოცხლად მოუსმინა, მაშინვე დარწმუნდა ელ-ეი რიდის კატეგორიულ მოთხოვნაში, რომ რიანას შენობა არ დაეტოვებინა Def Jam-თან გაფორმებული კონტრაქტის გარეშე. 2005 წელს ტაირა ბენკსის შოუში რიანამ სწორედ ჯეი-ზის სიტყვები გაიხსენა: „ორი გზა არსებობს: ან ამ კარიდან გავალ კონტრაქტით, ან – ამ ფანჯრიდან. ჩვენ კი 29-ე სართულზე ვართ.” იმ დღეს ჯეი-ზიმ რიანასთან ექვსალბომიანი შეთანხმება დადო, რომელმაც მომავალში სრულად გარდატეხა თანამედროვე პოპმუსიკის წარმოების ტემპი და ფანების მოლოდინები, თუ რა სიხშირით გამოსცემდა მათი საყვარელი არტისტი ახალ მუსიკას. 

Pon De Replay-თ რიანამ საკუთარი თავი წარადგინა და Billboard Hot 100-ის მეორე ადგილზეც მოხვდა. სადებიუტო ალბომი Music of the Sun კი Billboard 200-ის მეათე ადგილზე გავიდა. ალბომმა ასევე წარმოშვა სინგლი If It’s Lovin’ That You Want და საზოგადოებას რიანა წარუდგინა, როგორც პოპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალბედა არტისტი. თუმცა ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ბარბადოსელ გოგონას სრულად დაერწმუნებინა მსოფლიო იმაში, რომ ის აქ დიდხანს დარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ Pon De Replay დადასტურებული წარმატება იყო, ტიეირა მერი ჯერ კიდევ მიიჩნეოდა ROC-A-FELLA RECORDS-ის პრინცესად და Def Jam-ის იმდროინდელ პრიორიტეტად. 

If It’s Lovin’-ის გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ რიანამ დაამსხვრია მის მიმართ არსებული „ერთჰიტიანი არტისტის” ეჭვები და  გამოსცა SOS, როგორც მთავარი სინგლი მეორე, 2006 წლის ალბომიდან A Girl Like Me. SOS მისი პირველი Hot 100-ის ლიდერი ჰიტი გახდა და ტოპ ათეულში გზა გაუკვალა ალბომის შემდეგ სიმღერებს: Unfaithful (მე-6 ადგილი) და Break It Off (მე-9 ადგილი). თავად ალბომი კი Billboard 200-ის მე-5 ადგილზე გავიდა. 

თუ A Girl Like Me-მ რიანა წარადგინა, როგორც პოპის პრინცესა, 2007 წლის ალბომმა Good Girl Gone Bad ის უკვე ნამდვილ პოპვარსკვლავად აქცია. ყველა დიდ ვარსკვლავს აქვს ალბომი ან ალბომების სერია, რომელიც ერთგვარ საზღვარს ავლებს, თუ როდის იწყება მათი ახალი ცხოვრება. რიანასთვის ეს Good Girl Gone Bad არის. სრულიად მასშტაბური Umbrella-ს მეთაურობით (ჯეი-ზის მონაწილეობით, რომელმაც რიანას პირველი გრემი მოუტანა), ალბომი გახდა საუნდტრეკი რიანას, როგორც ჭეშმარიტად უნიკალური პოპმომღერლის დაბადებისა. სიმღერის დამატყვევებელი ვიდეოკლიპი კი მას დაეხმარა, წარედგინა თავისი მისწრაფება ესთეტიკურად მდიდარი ვიზუალებისადმი და წლის ვიდეოს ნომინაციაში რიანას პირველი MTV VMA ჯილდო მოუტანა.

როგორც მისმა არაერთმა სინგლმა, Umbrella-მაც დიდი მოგზაურობა გაიარა –  დაწყებული ბრიტნი სპირსიდან, დამთავრებული მერი ჯეი ბლაიჯით – და საბოლოოდ სწორედ რიანას ხელში მოხვდა. „როცა მან მისამღერში -ellas ჩაწერა, იმ წამსვე ნათელი იყო, რომ ეს უდიდესი წარმატება იქნებოდა,” – ამბობს Umbrella-ს ავტორი და პროდიუსერი კრისტოფერ სტიუარტი MTV-სთან საუბარში 2008 წელს. „რიანას შესრულებამ სიტყვა Umbrella-ს ბოლო ორი მარცვალი პოპისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ რეფრენად აქცია. მან ეს სიმღერა თავისი გახადა ისე, როგორც, სავარაუდოდ, ის ლეგენდებიც კი ვერ მოახერხებდნენ.”

Umbrella-ს გარდა, Good Girl Gone Bad-მა შექმნა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Shut Up and Drive და Don’t Stop the Music. მუსიკალური მხარის გარდა კი, ალბომი ასევე დაეხმარა რიანას მოდის ხატად და სექსსიმბოლოდ დამკვიდრებაში, რადაც ის დღემდე რჩება. 

რიანა
Kevin Mazur/WireImage

51-ე გრემის დაჯილდოების ღამე (2009 წლის 8 თებერვალს) რიანას გამარჯვების წრის შემკვრელი მომენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოულოდნელად პოპვარსკვლავმა გრემიზე დაგეგმილი გამოსვლა გააუქმა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს მაშინდელმა ბოიფრენდმა, კრის ბრაუნმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 5 მარტს ბრაუნს ფიზიკური თავდასხმისა და მუქარის ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა. 

რთულია იმის გადმოცემა, თუ რამდენად ღრმად იმოქმედა მსოფლიოზე ამ ინციდენტმა. ისინი იმ პერიოდის ორი ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავი იყვნენ და ამავდროულად, ეს იყო ექო რიანას ბავშვობის გამოცდილებისა, როცა, მისი თქმით, იზრდებოდა იმის ყურებაში, თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად მამამისი დედამისს. რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც რიანამ მუსიკალურად ძალიან ძლიერი წელი დახურა, ფანები და მედიის წარმომადგენლები მას თავს ესხმოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ბრაუნი უდანაშაულო იყო. ინციდენტიდან ორ კვირაში TMZ-მა გამოაქვეყნა უნებართვოდ გავრცელებული ფოტო რიანასი, რომელსაც სახეზე მკვეთრად ეტყობა ძალადობის კვალი. ფოტომასალამ, როგორც ჩანს, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტიდან გაჟონა. ამ ფაქტმა სამუდამოდ შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის ცნობადი მსხვერპლების მიმართ.

ფოტოები ცირკულირებდა ტელევიზიითა და ინტერნეტით და ყველა ცდილობდა რიანას დამცირებას, როცა ის ისედაც ყველაზე რთულ ეტაპს გადიოდა. ამ ფენომენმა უბიძგა „რიანას კანონის” ინიცირების მოთხოვნას, რომელიც აუკრძალავდა კანონდამცველი ორგანოების თანამშრომლებს მსხვერპლთა ფოტოებისა და ინფორმაციის გამოტანას. ივნისში ბრაუნი დამნაშავედ ცნეს. მას ხუთწლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა და რიანასთან 50 მეტრის მანძილზე მიახლოება აეკრძალა.

აგვისტოში რიანა მუსიკას დაუბრუნდა, ამჯერად კანიე უესტსა და ჯეი-ზისთან ერთად სიმღერით Run This Town, რომელმაც ორი გრემი დაიმსახურა. შემდეგ კი გამოსცა მეოთხე სტუდიური ალბომი Rated R, რომლის პირველი სინგლი Russian Roulette სწორედ ბრაუნთან ურთიერთობით მიყენებულ ემოციურ ტრავმას ეხება.

სინგლები Russian Roulette და Hard – Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა. თუმცა ალბომის მთავარი სინგლი და ჩარტის ერთადერთი ლიდერი ჰიტი Rude Boy გახდა, რომელიც სწორედ ისეთი რიანას დაბრუნება იყო, როგორმაც პირველად მიიპყრო ამერიკის ყურადღება. Rude Boy-მ მონიშნა მომენტი, როცა რიანამ სრულიად უკომპრომისო სექსუალურობა წარმოაჩინა – გამბედავი და პროვოკაციული არჩევანი იმ ეპოქაში, სადაც ბრაუნის ძალადობის შემდეგ საზოგადოება მისი პირდაპირობის დაწევას ელოდა. რიანას გადაწყვეტილება კი, კიდევ უფრო მეტი შემართებით წარმოეჩინა თავისი სექსუალურობა – მიუხედავად პატრიარქალური მცდელობისა, გაეჩუმებინათ და მიემალათ ის – მისი წარმატების წამყვანი ძალა გახდა. რაც უფრო მყარად იდგა საკუთარი სექსუალურობის გამოხატვაში, მით მეტად საყვარელი, საძულველი და გავლენიანი ხდებოდა იგი. 

Across Loud-მა ოთხი გრემის ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის იყო წლის ალბომიც. პოპი უკვე 2010-იანებში გადადიოდა, რიანას მმართველობა კი შეჩერებას არ აპირებდა. ასეთი იყო რიანას ადრეული ალბომების ჯადოსნობა: ის თავის მუდმივობას აბალანსებდა სრულიად რადიკალური, განსხვავებული ჟღერადობითა და ვიზუალით, რაც მას ქამელეონად აქცევდა და მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ამყოფებდა იმასთან შედარებით, სადაც პოპმუსიკა მოცემულ დროს იმყოფებოდა. 

შემდეგ იყო ემინემთან დუეტი Love the Way You Lie – რეპბალადა, რომელიც 2010 წელს შვიდი კვირის განმავლობაში ლიდერობდა Hot 100-ში და რომელმაც 5 გრემის ნომინაცია დაიმსახურა. საკუთარი ძალადობრივი ურთიერთობის გამოცდილებით შთაგონებული სიმღერის მისამღერი სკაილარ გრეიმ Alex da Kid-ისთვის დაწერა, სანამ მას ემინემი მოისმენდა და კონკრეტულად რიანას სთხოვდა თანამშრომლობას. ორივეს, რიანას და ემინემს, ჰქონდათ ძალადობრივი ურთიერთობები – მიუხედავად განტოლების სხვადასხვა მხარეს დგომისა – ასე რომ, ეს მათთვის რეალური ცხოვრების გამოცდილება იყო. Love the Way You Lie მათი თანამშრომლობის საწყისი გახდა და სათავე დაუდო სხვა დუეტებს, მათ შორისაა 2013 წლის გრემის მფლობელი და Hot 100-ის ლიდერი The Monster.

2011 წელს რიანამ We Found Love გამოსცა ალბომში Talk That Talk, რომელიც ეპოქის განმსაზღვრელ სინგლად იქცა. სიმღერამ რიანას მთელი მუსიკალური კარიერის თეზისი გააცხადა: რა არის რიანას სიმღერა სიყვარულის ძიების გარეშე ისეთ ადგილებში, რომლებიც, წესით, მისგან დაცლილი უნდა იყოს?!

გრემისა და VMA-ის გამარჯვებული ვიდეოთი, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ასლის გაყიდვითა და Hot 100-ში 10 კვირის ლიდერობით, We Found Love რიანას კარიერის განმსაზღვრელი სინგლი გახდა. სიმღერა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ყველას სურდა, მისი დიდების ნაწილი გამხდარიყო. ლეონა ლუისი და ნიკოლ შერზინგერი ამტკიცებდნენ, რომ რიანამდე სიმღერა მათი იყო, რაც თავისთავად წარმოადგენდა განაცხადს რირის ევოლუციისა – სხვა პოპვარსკვლავების ნაკვალევის მიყოლიდან კომპოზიტორების ყველაზე დიდ მონაპოვრობამდე.  

Talk That Talk-იდან კიდევ ხუთი სინგლი გამოიცა, რომელთაგანაც Cockiness იყო ერთადერთი, რომელიც Hot 100-ში ვერ მოხვდა. თუმცა A$AP Rocky-მ, რიანას ვაჟების მომავალმა მამამ, სიმღერის რემიქსი გააკეთა და 2012 წლის VMA -ზე რიანასთან ერთად შეასრულა კიდეც. 2011 და 2012 წლები ის პერიოდი იყო, როცა რიანამ საბოლოოდ მოიპოვა აღიარება საკუთარი ესთეტიკის შექმნისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ყველას სურდა, რიანასნაირი ყოფილიყო და ინსტაგრამის ეპოქის აფეთქებამ ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე გამოიტანა. შეუძლებელი იყო ინსტაგრამის ჩასქროლვა ისე, რომ რამდენიმე ანგარიში მაინც არ შეგხვედროდათ, რომლებიც რიანას ესთეტიკის გამეორებას ცდილობდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისთან ჰქონდა კონფლიქტი, სიერასა თუ კენდალ ჯენერთან, რიანა პოპის ფავორიტი „ცუდი გოგო” იყო.

რიანა
Simone Joyner/Getty Images

ერთი თვეც არ იყო გასული, რაც Cockiness-მა Talk That Talk-ის ეპოქა დახურა, რომ რიანამ Sia-ს მიერ შექმნილი სიმღერა Diamonds გამოსცა, როგორც მთავარი სინგლი მისი მეშვიდე ალბომისა Unapologetic. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Diamonds-მა შეანელა რიანას წინა ჩანაწერების ტემპი და ბალადა ვერ აღმოჩნდა სრულად წარმომადგენლობითი მისი მშობელი ალბომის  ტრეპის რეგის, R&B-სა და დენს-პოპის მაღალი ოქტანობის კომბინაციისა, მისი ყველა დანარჩენი სინგლი Hot 100-ში შევიდა. Unapologetic კი გახდა რიანას პირველი ალბომი, რომელიც Billboard 200-ის ლიდერი გახდა და გრემიც დაიმსახურა. ალბომი გარკვეული კუთხით Good Girl Gone Bad-ის არაოფიციალური სიქველი გახდა და დღემდე რჩება რიანას მაგნუმ ოპუსად. 

2014 წელი რიანამ Can’t Remember to Forget You-თი დაიწყო, შაკირასთან დაუფასებელი დუეტით, შემდეგ კი მუსიკისგან დაგეგმილი შესვენება აიღო. მას შემდეგ, რაც ზაფხული ემინემთან ერთად ტურნეში გაატარა, რიანა მომდევნო წლამდე მუსიკას აღარ დაჰბრუნებია. 2015 წელს კი მან სამი სინგლი გამოსცა: FourFiveSeconds კანიესა და პოლ მაკარტნისთან ერთად, Bitch Better Have My Money და American Oxygen. თუმცა მათგან არც ერთი სინგლი არ მიება დიდ პროექტს და დეტალები ახალ მუსიკაზე ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო. 

მაგრამ სანამ მისი მუსიკალური მხარე პასიურობდა, რიანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა მოდის სფეროში. 2014 წელს ის „პუმას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა და ამავე წელს საკუთარი სუნამოს მამაკაცის ხაზის გამოშვებაც დაიწყო. იმ დროისთვის რიანა უკვე „მეტ გალას” რეგულარული სტუმარი იყო, თუმცა 2015 წელს ჩინელი დიზაინერის, გუო პეის ყვითელ კაბაში გამოჩენამ მას მყარად გაუდგა ფესვები, როგორც მოდის ღონისძიების უდავო დედოფალს. 

2016 წლის იანვარში საბოლოოდ ახალი ალბომი გამოვიდა – Anti, რომელიც ასევე ყველაზე ხშირად მიიჩნევა რიანას შედევრად. მისი პირველი სინგლი Work, დრეიკის მონაწილეობით, წინა დღეს გამოქვეყნდა, როცა შემთხვევით სრული ალბომი აიტვირთა TIDAL-ზე, საიდანაც ერთ მილიონი ასლის უფასოდ ჩამოტვირთვა გახდა შესაძლებელი. ასეთი არეული გამოქვეყნების გამო, Anti თავდაპირველად Billboard 200-ის 27 ადგილზე მოხვდა, თუმცა სათანადო გამოშვებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩარტის ლიდერის პოზიცია დაიკავა.

ამგვარი პრობლემების მიუხედავად, ალბომმა დიდ წარმატებას მიაღწია. Anti წარდგენილი იყო გრემის ექვს კატეგორიაში. ხოლო მისი მეშვეობით რიანამ არტისტული ტრიუმფის ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აქამდე მას არასდროს ჰქონია. დაიდოსთან ერთად შესრულებული Never Ending-იდან დაწყებული, Tame Impala-ს New Person, Same Old Mistakes-ის ქავერით დასრულებული, Anti  უშიშრად წარმოაჩენდა რიანას მუსიკალური გავლენებისა და ინტერესების სრულ მასშტაბს და პირველად Rated R-ის შემდეგ – ან შესაძლოა ისტორიაში პირველადაც – ადამიანები აფასებდნენ რიანას ალბომს, როგორც მუსიკალურ და არტისტულ განაცხადს და არა როგორც უბრალოდ ჰიტ სინგლების ნაკრებს. მიუხედავად პრობლემური დასაწყისისა და გრემისგან ცივი წყლის გადასხმისა, Anti დღემდე რჩება Billboard 200-ში და ინარჩუნებს ჩარტის ისტორიაში მყოფი ყველაზე ხანგრძლივი ალბომის ტიტულს შავკანიანი ქალი მუსიკოსისგან (445 კვირა ამ ეტაპზე).

2017 წელს Fenty Beauty-ს დაარსებით რიანა პოპის ეპიცენტრს ჩამოშორდა. მაკიაჟის ბრენდმა, რომელიც დღემდე წარმატების ზენიტშია, რიანა სილამაზის ინდუსტრიის პიონერი გახადა. მას მოჰყვა კანის მოვლისა (Fenty Skin) და თმის მოვლის (Fenty Hair) ხაზები. 2018 წელს კი რიანამ დააარსა Savage x Fenty – თეთრეულის ბრენდი, რომლის ჩვენებამაც სწრაფად მოიპოვა საკულტო Victoria’s Secret-ის შოუს კონკურენტის სტატუსი. 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რიანას ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ უფრო პირად განვითარებას განიცდის, ვიდრე მუსიკალურს. A$AP Rocky-სა და მათ ორ ვაჟთან ერთად ოჯახური იდილიის პერიოდში რიანა მუსიკაში ორ საკვანძო მომენტში დაბრუნდა: 2022 წელს, როცა Black Panther: Wakanda Forever-ისთვის ორი სიმღერა შეასრულა – Born Again და Lift Me Up, რისთვისაც ოსკარისა და გრემის ნომინაციები დაიმსახურა და 2023 წელს, როცა Super Bowl-ის შოუზე წარდგა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სცენაზე მან შეასრულა თავისი კარიერის ჰიტები, რეკლამა გაუკეთა Fenty Beauty-ს და გაამხილა მეორე ორსულობა. შოუზე გამოსვლით რიანამ „ემის” 5 ნომინაცია მიიღო, ხოლო 2023 წლის შოუ 121 მილიონი მაყურებლით იმ დროისთვის ყველაზე ყურებადი შოუ გახდა Super Bowl-ის ისტორიაში.

 Hot 100-ის 14 ლიდერი ჰიტით (ყველაზე ბევრი ჩარტის ლიდერი ჰიტი ამ საუკუნის არტისტებს შორის), Billboard 200-ის ორი ლიდერი ალბომით, ცხრა გრემითა და ერთსიტყვიანი სახელით, რომელსაც მუსიკიდან მოდამდე ნებისმიერი კარის გაღება შეუძლია, „შავკანიან მადონად” გადაქცევის სურვილი რიანამ უკან ჩამოიტოვა. ის ალბათ თავად კიდევ უფრო შთამაგონებელია: შავკანიანი იმიგრანტი ქალი კარიბის რეგიონიდან, რომლის ნიჭმა, სიმტკიცემ და განუმეორებელმა ქარიზმამ ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ პოპვარსკვლავად აქცია. დღეს არის რიანა და არის ასეულობით პოპვარსკვლავი იმავე სურვილით, რომ ახლა უკვე მისი სახელის წინ დაწერონ განსაზღვრება და მისი პირადი წარმატების ფორმულა თავიანთ მოდელად აქციონ.

რიანა
Michael Loccisano/Getty Images

წაიკითხეთ სტატიები 21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგის წინა ნომრებზე: ნომერი 15 – მაილი საირუსი, ნომერი 10 – ადელი, ნომერი 8 – ჯასტინ ბიბერი, ნომერი 4 – დრეიკი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2024 წლის Billboard Music Awards-ის ნომინანტები ცნობილია

შემდეგი სტატია

წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი
Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!"
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი