ყოველწლიური მუსიკალური Mad Cool Festival, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ზაფხულში იმართება. ფესტივალი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში მუსიკოსებისთვის შესარჩევი კონკურსი ეწყობა, სადაც მსოფლიოდან უამრავი ბენდი და არტისტი იღებს მონაწილეობას. წელს ქართულმა გარაჟ-როკ ბენდმა will kolak ფესტივალის შესარჩევი პირველი ეტაპი, ჟიურის შეფასებით გადალახა, მეორე ეტაპი კი ხმის მიცემას გულისხმობს.
„წელს Mad Cool Festival-ზე დასაკრავად ვმონაწილეობთ შესარჩევ ტურში, პირველი ეტაპი უკვე გავიარეთ და 1630 ბენდიდან, ფესტივალის ჟიურის მიერ არჩეულ 110 ბენდში მოვხვდით. ახლა, შემდგომ ეტაპზე თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ზაფხულში ამ ფესტივალზე დაკვრის საშუალება მოგვეცეს.“ – წერს ბენდი სოციალურ ქსელში.
კონკურსის შემდეგი ეტაპისთვის will kolak-ს მხარდაჭერა სჭირდება. 2023 წელს ბენდი Newcomers-ის გამარჯვებული გახდა, ფესტივალის კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში კი will kolak მეორე ქართული ბენდი იქნება, რომელიც Mad Cool Festival-ზე დაუკრავს. 2018 წელს ფესტივალზე, სწორედ ამ კონკურსის საშუალებით, ქართული ბენდი Mokumoku იღებდა მონაწილეობას.
ბენდის მხარდასაჭერად უნდა გადახვიდეთ ფესტივალის ბმულზე. საძიებო სისტემაში წერთ ბენდის სახელს will kolak, ავსებთ მონაცემებს და აძლევთ ხმას. მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაადასტუროთ.