ბრედ პიტს ჯეფ ბაკლის ეკრანზე გაცოცხლება სურდა. ინფორმაცია ამის შესახებ გარდაცვლილი მუსიკოსის დედამ გაამხილა.
ბაკლი, რომელიც 1997 წელს 30 წლის ასაკში გარდაიცვალა, გარდაცვალების შემდეგ ბევრი არტისტის ფოკუსში მოექცა, მაგრამ მისი ამბავი ფილმის სახით არასდროს გამოსულა. თუმცა, როგორც ბაკლის დედა მერი გიბერი ამბობს, მისი ვაჟის ცხოვრების ეკრანიზაციის სურვილი ბრედ პიტს ჰქონდა.
24 იანვარს დოკუმენტური ფილმის Never Over, Jeff Buckley პრემიერა შედგება. თუმცა, როგორც Variety იუწყება, ფილმი სათავეს 2000 წელს, სწორედ ბრედ პიტის გეგმებიდან იღებს. ბაკლის დედის თქმით, პიტმა მასთან მეგობრობა წამოიწყო, ბოლოს კი ნებართვა სთხოვა, ბაკლის ამბავი ბიოგრაფიულ ფილმად ექცია. და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მუსიკოსის დედას იდეა მოეწონა, მალევე მის მიმართ სკეპტიკურად განეწყო.
„ჩვენ უნდა შეგიღებოთ თმა, გაგიკეთოთ ყავისფერი ლინზები ლურჯ თვალებზე, პირი უნდა გააღო და იქიდან ჯეფის ხმა ამოვიდეს?” – როგორც თავად ამბობს, ჰკითხა გიბერმა პიტს.
პიტი არ ყოფილა ერთადერთი, რომელსაც ბაკლის ცხოვრების ეკრანიზაციის სურვილი ჰქონდა. რეჟისორი ემი ბერგი, რომელმაც 2006 წელს ოსკარის ნომინაცია მიიღო დოკუმენტური ფილმისთვის Deliver Us from Evil, მხატვრულ ფილმებზე გადართვას გეგმავდა და პირველ პროექტად სწორედ ბაკლის ბიოგრაფიულ ფილმს მოიაზრებდა.
ბერგმა ბაკლის არქივზე წვდომა მიიღო, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მუსიკოსის ამბავი დოკუმენტურ ფილმად ექცია. პიტი კი მას აღმასრულებელ პროდიუსერად და ბაკლის მემკვიდრეობის გაციფრულებაში დაეხმარა. ფილმის Never Over, Jeff Buckley პრემიერა დღეს, 24 ნოემბერს სანდენსის კინოფესტივალზე შედგება.
„როცა მის ხმოვან მესიჯებს, პლეიერსა და დემოებს მოვუსმინე და მისი ჩანაწერები წავიკითხე, სხვა ვერაფერი წარმოვიდგინე, გარდა დოკუმენტური ფილმისა,” – ამბობს ბერგი. „ვერ წარმოვიდგინე, თუ როგორ შეიძლებოდა ჯეფის განსახიერება დაწერილი სცენარით.”
თუმცა 2021 წელს გიბერტმა განაცხადა, რომ იქნებოდა თანაპროდიუსერი პროექტის Everybody Here Wants You – ბიოგრაფიული ფილმისა, სადაც ჯეფ ბაკლის როლს რივ კარნი ითამაშებდა. „ეს იქნება ჯეფის ამბის ერთადერთი ოფიციალური ეკრანიზაცია ერთადერთი ოფიციალური ეკრანიზაცია, რომელიც, შემიძლია მის ფანებს დავპირდე, რომ იქნება მისი და მისი მემკვიდრეობის ერთგული,” – ამბობდა გიბერი იმ დროს. მას შემდეგ ფილმზე სხვა ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
ჯეფ ბაკლიმ სადებიუტო ალბომი Grace 1994 წელს გამოსცა, მას შემდეგ, რაც Columbia-სთან გააფორმა კონტრაქტი. ალბომმა თავის დროზე არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო და Billboard 200-ის 149-ე ადგილზე გავიდა. დღეს კი Grace 90-იანი წლების უდიდეს ჩანაწერად ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად მიიჩნევა
ბაკლი 1997 წელს გარდაიცვალა. ის მემფისში ცურვის დროს დაიხრჩო.