ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის ბოლო კონცერტიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.
ოზი ოსბორნი Black Sabbath, 1975 წელი. ფოტო: იან დიკსონი/Redferns
ოზი ოსბორნი Black Sabbath, 1975 წელი. ფოტო: იან დიკსონი/Redferns

ლეგენდარული მუსიკოსი, Black Sabbath-ის ფრონტმენი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

„მეტად მტკივნეულია იმ სიტყვების გადმოცემა, რაც ახლა უნდა გითხრათ,  ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. გთხოვთ, ასეთ დროს პატივი სცეთ ჩვენი ოჯახის პირად სივრცეს.“ – წერია 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.  

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.

ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის ბოლო კონცერტიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. კონცერტი 5 ივლისს გაიმართა და 190 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა, რის გამოც იგი  ყველა დროის ყველაზე წარმატებულ საქველმოქმედო კონცერტად იქცა. 

1970 წლიდან, Black Sabbath-თან ერთად, ოზი ოსბორნმა მისი უნიკალური ხმის ტემბრით მძიმე მეტალის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ეტაპი განსაზღვრა. 

ოზი ოსბორნის იმიჯმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როცა  Black Sabbath-მა მათთვის აწ უკვე დამახასიათებელი სამგლოვიარო სამოსი მოირგო. მალევე ოზის „ბნელეთის პრინცი“ უწოდეს, თუმცა ხანდახან ამაზე თავადაც ხუმრობდა:  „ყველანი ფიქრობდნენ, რომ ბავარიის ციხე-სიმაგრეში ვცხოვრობდი, შუაღამით ღამურას ფრთები მეშლებოდა და დავფრინავდი.“ – თქვა ოზი ოსბორნმა 2004 წელს ბრიტანულ გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში.

ოზის სოლო კარიერა 1980 წელს დაიწყო.  ხშირად იგი სკანდალურ ქცევებსაც არ ერიდებოდა:  1981 წელს სადებიუტო ალბომის პრეზენტაციაზე ოზი  ოსბორნმა ხმის ჩამწერი კომპანიის ყურადღების მისაქცევად ცოცხალ მტრედს თავი მოაჭამა, ერთი თვის შემდეგ იგივე გაიმეორა, ამჯერად მკვდარი ღამურით. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ კი ტეხასის ქალაქ სან-ანტონიოში ომის გმირების მემორიალთან მოშარდა, რის გამოც მას ქალაქში ჩასვლა ათი წლით აუკრძალეს. ერთ-ერთი ზღვარგადასული სიმთვრალის დროს ოზიმ შერონის დახრჩობა სცადა, თუმცა მეორე დღეს ეს ფაქტი აღარც ახსოვდა: „ეს ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო შემთხვევაა, რაც გადამხდენია, მეორე დილით ციხეში გავიღვიძე, მადლობა ღმერთს, შერონმა საჩივარი უკან გაიტანა, თუმცა სმა მაინც არ შემიწყვეტია.” – აღნიშნა ოზიმ GQ-სთან საუბარში. 

თუმცა, უნდა ითქვას, ოზი „შეშლილი იმიჯის“ მარკეტინგულ ღირებულებას გარკვეულწილად აცნობიერებდა კიდეც: „ნაწილობრივ ბედნიერი ვარ, როკი ხომ სენსაციებზე დაფუძნებული ინდუსტრიაა. თუ სკანდალი არ გაქვს, ე.ი  არც როკი გაქვს.“ –  განუცხადა მან 1991 წელს Rock Hard-ს.

2000-იანი წლების დასაწყისში ოსბორნის ოჯახი მოულოდნელად  MTV-ს ოჯახურ რეალითი შოუში აღმოჩნდა, რომელსაც The Osbournes ერქვა. შოუში ოსბორნების ოჯახი – ოზი, მისი მეუღლე შერონი და მათი ორი შვილი მონაწილეობდნენ, რამაც საყოველთაოდ შოკისმომგვრელი, დემონური იმიჯის მიღმა საზოგადოებას გულწრფელი, მზრუნველი მამისა და დაბნეული საყვარელი კაცის სახე დაანახა. „უბრალოდ უცნაური კომიკოსი ვარ,  ეს ყველაფერი კი  გასართობია.“ – აღნიშნა  მან Philadelphia Inquirer-თან 2018 წელს.

2006 წელს Black Sabbath-თან ერთად ოსბორნი  როკის  დიდების დარბაზში შევიდა. ჯგუფთან ერთად ჩაწერილ ცხრავე ალბომს ოქროს სტატუსი მიენიჭა, მათგან ხუთს კი პლატინის. ოზი ოსბორნის სოლო ალბომი No More Tears (1991) Billboard 200-ში მეშვიდე ადგილზე მოხვდა და აშშ-ში სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მუსიკოსის შვიდი სოლო ალბომი Billboard-ის ათეულშია შესული, ხოლო ჩვიდმეტი  სინგლი Mainstream Rock Songs-ის ტოპ ათეულში, რომელთაგან ორს ჩარტში პირველი ადგილი ეკავა. 

1996 წელს შეიქმნა ოზის საყვარელი ჟანრის, მძიმე მეტალისადმი მიძღვნილი ფესტივალი  Ozzfest, რომელიც  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფესტივალად იქცა.

ჯონ მაიკლ ოსბორნი 1948 წლის 3 დეკემბერს ბირმინგემის ასტონის უბანში დაიბადა. ის ექვსი შვილიდან მეოთხე იყო. დედა  ქარხანაში მუშაობდა, მამა კი  ხელსაწყოების მწარმოებლი იყო. ზედმეტსახელი „ოზი“ მას დაწყებით სკოლაში შეარქვეს, სადაც  დისლექსიისა და ყურადღების დეფიციტის გამო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 

ოზიმ სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, იგი წვრილმან ქურდობაშიც ამხილეს, გირაოს გადახდას  ოზის მამა ვერ გაწვდა, რის გამოც  Winson Green-ის ციხეში ექვსი კვირა გაატარა. მოგვიანებით  მამამ მას მიკროფონი უყიდა, რამაც საბოლოოდ მისცა ოზის მუსიკისკენ ბიძგი.  მისი პირველი გამოსვლა. გიზერ ბატლერის მიწვევით ბენდ   Rare Breed-ში 1967 წელს შედგა, თუმცა ჯგუფი ორი კონცერტის შემდეგ, დაიშალა, რამაც ოზის ტონი აიომისთან და ბილი უორდთან გაერთიანების საშუალება მისცა. 1969 წელს შეიქმნა ბენდი, სახელწოდებით  Earth, ამავე წელს კი საშინელებათა ფილმის შთაგონებით  ჯგუფმა სახელი შეიცვალა და Black Sabbath დაირქვა. მძიმე, მუქ ბგერებზე ორიენტირებული მუსიკით ბენდმა მალევე მიიპყრო იმ ახალგაზრდების ყურადღება, ვისაც 1960-იანი წლების ჰარმონიული და ნაზი მუსიკა არ იზიდავდა.  „წვიმს, ფეხზე არ მაცვია, რადიოში ვიღაც მღერის: თუ სან-ფრანცისკოში წახვალ, ყვავილი გქონდეს თმაში. ამის მოსმენისას მივხვდი, რომ სისულელე იყო. ერთადერთი ყვავილი, რაც მექნება, ჩემს საფლავზე იდება.“ – თქვა ოზიმ The Guardian-თან საუბრისას.

როცა Warner Bros.-მა Black Sabbath-თან  კონტრაქტი გააფორმა, არავინ ელოდა, რომ ბენდი დიდ აუდიტორიას მოიცავდა. Black Sabbath-ის სადებიუტო ალბომი UK-ის ტოპ ათეულში შევიდა და Billboard-ის ტოპ 25-ში აღმოჩნდა, ჩარტში კი წელიწადზე მეტხანს დარჩა. იმავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა Paranoid, რომელიც ჰიტებით – Iron Man და Paranoid, კიდევ უფრო წარმატებული გახდა.

1971 წელს ალბომ Master of Reality-ს გამოშვებისას, ოზი დაქორწინდა პირველ მეუღლესთან,  თელმა რაილთან. მათ ორი  საკუთარი და ერთი აყვანილი შვილი ჰყავთ, თუმცა ოზი ამ ქორწინებას საშინელ შეცდომას უწოდებდა. ტურნეების გამო ის თითქმის არასდროს იყო სახლში, მოგვიანებით ნარკოდამოკიდებული გახდა და 1970-იანი წლების ბოლოს ბენდში დაპირისპირება დაიწყო, რის შედეგადაც, 1979 წელს, ოზი ბენდიდან გარიცხეს, მის ნაცვლად კი Rainbow-ს ყოფილი ვოკალისტი რონი ჯეიმს დიო აიყვანეს.

შემდეგი რამდენიმე თვე ოზი მძიმე დეპრესიაში აღმოჩნდა,  მისი გადარჩენა კი შერონ არდენმა, იმდროინდელი მენეჯერის, დონ არდენის ქალიშვილმა შეძლო. შერონმა აიძულა ოზის, კვლავ მუსიკისკენ შემობრუნებულიყო. მისი სოლო დებიუტი Blizzard of Ozz ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ნამუშევრად იქცა. 1981 წელს გამოვიდა Diary of a Madman, რომლის გაყიდვების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. 1982 წელს  ოზის ბენდის წევრი, გიტარისტი  რენდი როუდსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ოთხი თვის შემდეგ კი ოზი და  შერონი დაქორწინდნენ.  ოზის სოლო ალბომმა ოქროს სტატუსი მიიღო, ხოლო მისი ბოლო სტუდიური ნამუშევარი Scream (2010) Billboard-ის ტოპ 25-ში მოხვდა.

2011 წლის ბოლოს Black Sabbath-ის ორიგინალურმა შემადგენლობამ ხელახალი ტურნე გამოაცხადა და რიკ რუბინის პროდიუსერობით ალბომი გამოუშვა. ბილ უორდმა ჯგუფი დატოვა, მისი ადგილი კი Rage Against the Machine-ის დრამერმა ბრედ უილკმა დაიკავა. 2013 წელს, 30 წლის შემდეგ პირველად, ოზისთან ერთად, გამოვიდა  Black Sabbath-ის ალბომი – 13. 2016 ში კი მათი ტურნე დაიწყო, რომელიც 2017 წლის თებერვალში დასრულდა.

ოზი ოსბორნს პირველი მეუღლისგან, თელმა რაილისგან ორი შვილი ჰყავს,  ჯესიკა და ლუისი, და აყვანილი შვილი ელიოტი. შერონისგან კი სამი შვილი: ეიმი, კელი და ჯეკი.სიცოცხლის ბოლო წლებში ოზი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ სოლო კარიერაში გაცილებით მეტი დრო გაატარა, ვიდრე  Black Sabbath-ში და რომ ასე თავს უფრო თავისუფლად გრძნობდა. 
„როცა პირველი ალბომი ჩავწერეთ Black Sabbath-თან ერთად, ვფიქრობდი: ორი ალბომი გამოვა და რამდენიმე გოგოც მეყოლება… და ეგ იქნება. მაგრამ ჩემი ცხოვრება უბრალოდ დაუჯერებელია. შეუძლებელია ამ ისტორიის დაწერა ან თუნდაც მოგონება.“ –  უთხრა მან Rolling Stone-ს 2018 წელს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ ქეივი - ლონდონი, 2024 წლის 8 აპრილი ფოტო: დევე ბენეტი/WireImage

შვილის გარდაცვალების 10 წლის თავზე, ნიკ ქეივი გლოვის პროცესზე და მისგან მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Yang Runze

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები –  იანგ რუნძე (ჩინეთი)

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვიქტორია ჯასტისი - Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES

 2025 წლის ვარსკვლავების ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები

Megan Thee Stallion-ის, ქლოე ბეილის, ქეინ ბრაუნის, ვიქტორია ჯასტისის და სხვა ვარსკვლავების 2025 წლის ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმების მიმოხილვა.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, მენტალური კრიზისის დროს კანიე უესტი მათ ლამბორგინებს სხვებს ჩუქნიდა

ვარსკვლავმა ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, როცა ყოფილი ქმარი პიტ დევიდსონს დასცინოდა, მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ.
მეტი
D'Angelo Shahar Azran/Getty Images

D’Angelo – მუსიკა, აურა და გაუჩინარება, რომელმაც იგი ნეო-სოულის გიგანტად აქცია

პოდკასტ Mic Drops & Elbow Drops-ის ეპიზოდში კარლ ლამარი ნეო-სოულის ლეგენდას, D’Angelo-ს ხსოვნას პატივს მიაგებს. მუსიკოსი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მეტი

Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

საინტერესოა, რომ ლეგენდარული ბენდის ბოლო ორ ალბომს შორისაც იგივე დრო იყო გასული, ასე რომ, შესაძლოა, ახალი ალბომი დროულად გამოვიდეს.
მეტი
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინების დადებით მხარეზე ისაუბრა: „ახლა სრულიად სხვა ადამიანი ვარ“

მსახიობისა და მომღერლის თქმით, წყვილის დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
მეტი