5 აგვისტოს MTV-მ 42-ე ყოველწლიური Video Music Awards-ის ნომინაციები გამოაცხადა. დასახელებულ კანიდატებში Lady Gaga 12 ნომინაციით ლიდერობს, რომელსაც მისი კოლეგა ბრუნო მარსი მოჰყვება 11 ნომინაციით. სიაში ასევე არიან კენდრიკ ლამარი და საბრინა კარპენტერი.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი კატეგორიების ნომინანტები უკვე ცნობილია, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუ ვინ იქნება მაიკლ ჯექსონის სახელობის Video Vanguard ჯილდოს კანდიდატი.
ეს პრემია ჯერ კიდევ 1984 წელს, პირველივე VMA-ზე დაარსდა და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს გაიცემა. ჯილდო გადაეცემა არტისტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუსიკალური ვიდეოებისა და პოპ კულტურის განვითარებაში. Video Vanguard-ის ჯილდო მაიკლ ჯექსონთან ასოცირდება, არტისტთან, რომელსაც მუსიკალური ვიდეოების ისტორიაში მუდამ გამორჩეული ადგილი ეკავა. პრემია გადაეცემოდათ ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, The Rolling Stones, Beyoncé და Missy Elliott, ბოლო წლებში კი მისი მფლობელები შაკირა და ქეთი პერი გახდნენ.
გასულ წელს Billboard-მა ქეთი პერის დაჯილდოება იწინასწარმეტყველა, სწორედ ამიტომ მუსიკალური გამოცემა ამჯერადაც გთავაზობთ სიას, თუ ვინ შეიძლება გახდეს Video Vanguard-ის მფლობელი. Billboard-მა იმ არტისტების სია შეადგინა, რომლებიც ამ ჯილდოს ლაურეატები ჯერ არ ყოფილან, თუმცა მუსიკალური ვიდეოებისა და პოპ-კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
ნახეთ 2025 წლის Video Vanguard ჯილდოს რვა საუკეთესო კანდიდატის სია:
8. Lady Gaga
შესაძლოა, Lady Gaga სწორედ ის არტისტი აღმოჩნდეს, ვისთვისაც ეს საღამო ტრიუმფით დასრულდება და Video Vanguard ჯილდოს მფლობელიც გახდება. სრულიად შესაძლებელია, ეს ვარაუდი რეალობად იქცეს, გამომდინარე იქიდან, რომ 17 წლიანი კარიერის განმავლობაში Lady Gaga-მ ვიდეოკლიპების ნამდვილი კულტი შექმნა.
7. Kesha
Kesha-ს ახალმა ალბომმა Period კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება და Billboard 200-ის ტოპ ოცეულში მოხვედრა დაიმსახურა. ამასთან ერთად, არტისტმა recession pop-ის სტილის პოპულარიზება მოახდინა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოლოდინს, რომ შესაძლოა, Kesha ამ ჯილდოს მფლობელი გახდეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ Video Vanguard-ის წინა ლაურეატების უმეტესობას MTV-ის ჰიტებში ხანგრძლივი და აქტიური პერიოდი ჰქონდათ. Kesha-ს პოპ-კულტურაზე ყველაზე დიდი გავლენა კი ძირითადად 2010-იანი წლების პერიოდში ჰქონდა.
6. Drake
Drake-ს ნამდვილად აქვს უამრავი ჰიტი და უნდა ითქვას, რომ მას Video Vanguard-ზე სანახაობრივი შოუს შექმნა შეუძლია. Drake-ს ამის რეალური მიზეზიც აქვს: აჩვენოს, თუ რამდენად წარმატებული კარიერა აქვს და პოპულარიზება მოახდინოს თავისი ახალი პროექტის – Iceman.
აღსანიშნავია, რომ შარშანდელი წელი არტისტითვის კენდრიკ ლამართან დაპირისპირების გამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამასთან, არსებობს ერთი ფაქტორიც – Drake-ს VMA-ს დაჯილდოებასთან არცთუ ისე ახლო კავშირი აქვს. მას შემდეგ, რაც მან 2016 წელს Rihanna-ს Vanguard-ის პრემია გადასცა, Rihanna-მ კი ცივად გადაუხადა მადლობა, Drake დაჯილდოებაზე აღარ გამოჩენილა.
5. The Weeknd
The Weeknd-ის ნამდვილი სახელია აბელ მაკონენ ტესფაიე. არტისტმა წელს განაცხადა, რომ სასცენო სახელს – The Weeknd-ს სულ მალე დაემშვიდობება. მისმა ახალმა ალბომმა – Hurry Up Tomorrow დიდი წარმატება მოიპოვა და Billboard 200-შიც ტოპ ათეულში მოხვდა. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს The Weeknd კონკურენცია გაუწიოს საკუთარ თავს და 2021 წლის ტრიუმფალურ Super Bowl-ის შოუს გადააჭარბოს.
4. ბრუნო მარსი
საყოველთაოდ ცნობილი ბრუნო მარსი Super Bowl-ის სცენაზე ორჯერ გამოჩნდა. ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მან ორი მასშტაბური ჰიტ სიმღერა წარადგინა: Die With a Smile – Lady Gaga-სთან ერთად და APT. – ROSÉ-სთან ერთად. ბრუნო მარსი ნამდვილად იდეალური კანდიდატია, თუმცა მთავარი კითხვა ის გახლავთ, აქვს თუ არა მომღერალს ახალი პროექტი წარსადგენი. მიუხედავად რამდენიმე წარმატებული სინგლისა, არტისტს 2021 წლის Silk Sonic-ის შემდეგ ახალი ალბომი არ გამოუცია.
3. მერაია ქერი
გასაკვირია, თუმცა მერაია ქერის VMA-ს არცერთი ჯილდო არ აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ იგი 1996 წლიდან დღემდე რვაჯერ იყო ნომინირებული. წელს მომღერალი VMA-ზე მეცხრე ნომინაციით, საუკეთესო R&B ვიდეო კატეგორიაში, სიმღერით: Type Dangerous წარდგება. აქედან გამომდინარე, MTV-ს შესაძლებლობა აქვს, გამოასწოროს ეს ფაქტი და მერაიას დამსახურებულად გადასცეს ჯილდო. გარდა ამისა, სექტემბერში არტისტის ახალი ალბომის Here It for All-ის გამოცემა იგეგმება.
2. ედ შირანი
ედ შირანი დიდი პოპის სცენაზე ახალი ალბომით – Play ბრუნდება. მისი სიმღერა Sapphire უკვე სამ კატეგორიაშია ნომინირებული, მათ შორის წლის სიმღერისთვის.
იგი 2010 წლიდან VMA-ს დაჯილდოების მუდმივი წევრი და რეკორდ შემსრულებელია. ასე რომ, ედ შირანი შესანიშნავი კანდიდატია ამ ჯილდოსთვის, რომელსაც მისი ალბომის, Play-ს გამოცემაც ემატება.
1. მაილი საირუსი
მაილი საირუსი VMA-ს დაჯიდლების ნამდვილი ლეგენდაა. იგი იყო წამყვანი, მოგებული აქვს წლის ვიდეო და მონაწილეობდა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შოუში. წელს მაილი ოთხ კატეგორიაშია ნომინირებული. უნდა ითქვას, რომ მისმა ალბომმა Something Beautiful დიდ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა VMA-ს სცენა სწორედ ის ადგილია, სადაც მაილი საირუსი არაერთხელ წარდგა ტრიუმფალური შოუთი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატს გამარჯვების გარკვეული შანსი აქვს, მაილი საირუსს ისტორიულად და ემოციურად ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს VMA-სთან, ამიტომ 2025 წელი, შესაძლოა, მისთვის კიდევ უფრო დიდი აღიარების საწინდარი იყოს.