2021 წელს რეალ მადრიდიდან წასვლის შემდეგ, სადაც 16 წელი გაატარა, სერხიო რამოსმა 2 წელი მუსიკას მიუძღვნა. სწორედ მაშინ დაიბადა Cibeles – ძალიან პირადული სიმღერა, რომელიც ესპანური კლუბიდან მის წამოსვლას ეძღვნება, რომელთან ერთადაც რამოსმა 22 ტიტული მოიგო.
„იმედი მაქვს, კარგად ხარ, მიუხედავად იმისა, რომ უშენოდ მე ცუდად ვარ,” – მღერის ფეხბურთელი.
„ეს ძალიან ემოციური და სენტიმენტალურია. ეს არის სიყვარულის ისტორია იმ ყველაფერზე, რაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ერთად გამოვცადე. ის ჰყვება იმაზეც, თუ როგორ ვგრძნობდი თავს იმ მომენტში,”- ეუბნება რამოსი „ბილბორდს” მას შემდეგ, რაც Ovy on the Drums-ისა და Yeray Music-ის პროდიუსერობით შექმნილი სინგლი გამოსცა.
ეს არ არის მუსიკაში რამოსის პირველი მცდელობა. მანამდე საფეხბურთო ვარსკვლავმა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ითანამშრომლა ნინა პასტორისა და Los Yakis-თან და ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე 5 კოლაბორაცია გამოსცა. თუმცა Cibeles რამოსისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.
სადებიუტო სოლო სინგლი იმ სიმღერებს შორისაა, რომელთაც ფეხბურთელი თავის რვეულში წერდა, რომელსაც, 12 წელია, ინახავს. როგორც თავად ამბობს, ეს მისი მუსიკალური კარიერის ახალი და უფრო სერიოზული ეტაპია. სწორედ ამისთვის აიყვანა ცნობილი გუნდიც, რომელთა შორის არიან პროდიუსერი Ovy on the Drums, კრეატიული სააგენტო Little Spain და Bad Bunny-ს ხმის ჩამწერი სტუდია Rimas Entertainment.
„როცა რაღაც არ ვიცი, მინდა, ის საუკეთესოსგან ვისწავლო,” – ამბობს ფეხბურთელი საკუთარ გუნდზე. „მას შემდეგ, რაც ბაზრის მცირე კვლევა ჩავატარე და მოვახერხე, შევხვედროდი არტისტებს, რომელთაც ვაფასებ, მივხვდი, რომ სწორედ ისინი იყვნენ საუკეთესო ადამიანები, ვინც ამ თავგადასავალში გამომყვებოდნენ და ვისთან ერთადაც წარმოვაჩენდი, რომ ახალ ინდუსტრიაში სერიოზულად შევდივართ.”
გთავაზობთ „ბილბორდის” ინტერვიუს სერხიო რამოსთან:
მიუხედავად იმისა, რომ Cibeles რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გააზრების პროცესში ხარ ასეთი პერსონალური სიმღერის გამოცემის.
აღტაცებული ვარ მსოფლიოს გარშემო ადამიანების უკუკავშირით ამ სიმღერაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კავშირი იპოვეს მასთან. მიუხედავად იმისა, რომ მქონია კოლაბორაციები სხვა არტისტებთან, ეს ჩემი პირველი პირადი წამოწყებაა. Cibeles მაშინ დავწერე, როცა რეალ მადრიდიდან წამოვედი – 4 წლის წინ. ეს ძალიან ემოციური და სენტიმენტალურია. ეს არის სიყვარულის ისტორია იმ ყველაფერზე, რაც წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ერთად გამოვცადე. სიმღერა ჰყვება იმაზეც, თუ როგორ ვგრძნობდი თავს იმ მომენტში და ამ ემოციას მსმენელსაც გადასდებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიყვარულის და ტკივილის ისტორიაა. მე ჯერ კიდევ იმ გავლენის გადახარშვის პროცესში ვარ, რაც მან ჩემზე მოახდინა.
როგორი იყო Cibeles-ის შექმნის პროცესი და რამდენად ხშირად წერ სიმღერებს?
რვეული მაქვს, რომელსაც თითქმის 12 წელია ვიყენებ იმისთვის, რომ მასში ჩემი ფიქრები, გამოცდილებები, იდეები ჩავწერო და ბევრი რამ მაქვს, რაც, თუ ღმერთი ინებებს, მომავალში დღის სინათლეს იხილავს. ასევე დავიწყე მუშაობა Yeray Music-თან, ჩემს პროდიუსერთან მადრიდში, რომელიც ბოლო ორი წელი ჩემთან ერთად იყო გამოკეტილი და ერთად ვქმნიდით ახალ მუსიკას.
რამდენიმე თვის წინ Ovy on the Drums, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მადრიდში იყო და მას ვაჩვენე, რაც ჩაწერილი გვქონდა. მან აიღო ჩანაწერი და დაუმატა თავისი სავიზიტო სტილი, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში მრავალწლიანი ყოფნის შედეგად განუვითარდა. ყველაფერი, რაზეც Yeray-მ, მე და შემდეგ უკვე Ovy-მ ვიმუშავეთ, არის ის, რაც ამ პროდუქტს დასრულებულს, დაბალანსებულს და თანაბარს ხდის იმ სიმღერებთან, რომლებიც დღეს ასე წარმატებულია. Cibeles-ის უკან განსაკუთრებული ისტორია დგას. მინდოდა, რომ სწორედ ის ყოფილიყო პირველი სიმღერა, რომლითაც ჩემი, როგორც სოლო არტისტის დებიუტი შედგებოდა. ყოველ 3-4 თვეში ახალ სიმღერას გამოვცემ, რათა ჩემი ამ ინდუსტრიაში გადასვლა უცაბედი არ იყოს. ხალხი სწორედ ამას დააფასებს. მუსიკა ბავშვობიდან სისხლში მაქვს, ის სულ ჩემთან იყო.
როგორი იყო Ovy on the Drums-თან თანამშრომლობა?
ჩვენ მას ვანახეთ სიმღერა იმ ფორმით, რომლითაც გვქონდა. შვიდი თვის წინ მექსიკაში ჩავედი დასაკრავად. სწორედ ამ დროს აიღო Ovy-მ სიმღერა და მასზე დისტანციურად მუშაობდა. თუმცა ჩვენ მუდმივად ვიყავით კონტაქტზე „ზუმსა” და WhatsApp-ზე, რათა მეთქვა, თუ რა მომწონდა და რა – არა, საით გვინდოდა, წავსულიყავით და საით – არა. ჩვენი ფესვებიდან ცოტა დისტანცირება მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო არა ტრადიციული, არამედ უფრო მეტად იმ ჟღერადობის, რაც ლათინურ მუსიკას დღეს აქვს. კიდევ ერთი სიმღერა მაქვს, სახელწოდებით Raíces, რომელსაც ფლამენკოს ელფერი აქვს და ის მოგვიანებით გამოვა.
პირველი სოლო სინგლისთვის დიდებული გუნდი ააწყვე. Ovy on the Drums, Little Spain მუსიკალური კლიპისთვის და Rimas, როგორც ლეიბლი – შენს პირად ლეიბლთან, SR93-თან პარტნიორობით. გვესაუბრე ამის შესახებ.
როცა რაღაც არ ვიცი, მინდა, რომ ის საუკეთესოსგან ვისწავლო. მას შემდეგ, რაც ბაზრის მცირე კვლევა ჩავატარე, მოვახერხე, რომ შევხვედროდი იმ არტისტებს, რომელთაც ვაფასებ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვი იმ ადამიანებს, ვინც ამ მუსიკალურ სტილში მუშაობენ, მივხვდი, რომ სწორედ ისინი იყვნენ საუკეთესო და ყველაზე შესაფერისი ადამიანები, ვინც ამ თავგადასავალში გამომყვებოდნენ და ვისთან ერთადაც წარმოვაჩენდი, რომ ახალ ინდუსტრიაში სერიოზულად შევდივართ. ელემენტების ეს კომბინაციაა, რაც გამოგვარჩევს და რამაც ამ სიმღერის მიმღებლობა და გავლენა განაპირობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
არის რამე, რაც ფეხბურთიდან ისწავლე და ახლა მუსიკაში იყენებ?
ადამიანები, რომლებიც წარმატებას აღწევენ, მათთვის ეს შემთხვევით არ ხდება. ეს არის დამოკიდებულებისა და, ყველაზე მეტად, დისციპლინის საკითხი. ფეხბურთში, სადაც 22 წლის ასაკში ჩემი კარიერის პიკზე ვიყავი, დროს მუდმივად სასტუმროებში, თვითმფრინავებში, სახლისგან და შვილებისგან შორს ვატარებდი. თავბრუ გესხმის და გინდა, რომ უფრო დიდხანს იყო შვილებთან, რომლებიც იზრდებიან. მუსიკა კი საშუალებას მაძლევს, მქონდეს სტუდია სევილიასა და მადრიდის სახლებში და როცა ჩემი შვილები დილაობით სკოლაში არიან, მე შემიძლია მუსიკა ვაკეთო, ჩავწერო. შუადღეს კი დრო მათთან ერთად გავატარო. სწორედ ამას ვაკეთებ ბოლო თვეებია. ვსწავლობ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრას, დროს ვატარებ ოჯახთან ერთად და სიამოვნებას ვიღებ ჩემი პროფესიისგან. ახლა უფრო დაბალანსებული ცხოვრება მაქვს.
რას ნიშნავს მუსიკა შენთვის?
ანდალუსიელები – მე სევილიადან ვარ – ოჯახური ზეიმებით მოცულ გარემოში იზრდებიან, რაც მოიცავს სიმღერასაც. ასე რომ, ეს არის ის, რასაც დაბადებიდან ვაკეთებ. შემდეგ უკვე, როცა მადრიდში გადავედი, მქონდა საშუალება, შევხვედროდი ჩემს მუსიკალურ კუმირებს და ამ სფეროს ძალიან გავლენიან ადამიანებს: ალეხანდრო სანსს, ნინა პასტორის, ლუის ფონსის, მანუელ კარასკოს – არტისტებს, რომელთაც მთელი ცხოვრება ვუსმენდი. ახლა კი, რადგან მადრიდში ვცხოვრობდი, შემეძლო მათთან ერთად გამეტარებინა დრო სტუდიაში.
მუსიკა მუდამ თან მდევდა. ფეხბურთელობა ძალიან მარტოსული ცხოვრებაა გარკვეული კუთხით და ისეთ მომენტებში, როცა ბევრი ემოცია და გრძნობა გროვდებოდა, ყოველთვის მიყვარდა სიმღერის დაწერა, რომლებსაც დიდხანს ვინახავდი. ადამიანებს ძალიან გაუკვირდათ ჩემი ამ მხარის ნახვა. მეუბნებიან, რომ წერის ნიჭი მაქვს. ამას არ ვაკეთებ სპონტანურად, სერიოზულად ვუდგები და მაქსიმალურად ვცდილობ, მუსიკაში რაღაც დიდი შევქმნა. ყოველთვის ძალიან ოპტიმისტი ვიყავი, მაგრამ ამავდროულად – დისციპლინირებული. ჩემი თავის მწამს, ძალიან თავდაჯერებული ვარ და ვფიქრობ, რომ რასაც გავაკეთებთ, უმაღლეს დონეს მიაღწევს.
ესე იგი, ახალ მუსიკას უნდა ველოდოთ? შესაძლოა ახალ ალბომსაც… ტურნეზეც ხომ არ გიფიქრია?
ტურნეზე მიფიქრია, მაგრამ ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ეს მომავლის საკითხია. ყველაფერს თავისი პროცესი აქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. ახლა მთავარია, ადამიანებმა მოისმინონ და ნახონ ის დონე, რაც ჩვენ შემოგვაქვს. სანამ ფეხბურთს ვთამაშობ, სიმღერებს გამოვცემ, ხოლო როცა ფეხბურთიდან წავალ…
ეს მანამდეც მითქვამს: იყო პერიოდი, როცა გუნდი არ მყავდა, სახლში ვიჯექი, მუსიკას ვქმნიდი და ბევრს ვწერდი. მაშინ დავწერე სიმღერა Adiós, როგორც „ნახვამდის” და ასევე „ღმერთს” (a Dios), იმ დღისთვის, როცა ფეხბურთიდან წავალ. ამ ეტაპზე სურვილი მაქვს, კიდევ ერთი-ორი წელი ვითამაშო. ხოლო როცა წავალ, ამ სიმღერას სწორედ მაშინ გამოვცემ, შესაძლოა – ალბომსაც. და იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად მიიღებს მას ხალხი, შეიძლება ტურნეზეც ვიფიქრო. ვოცნებობ, რომ ბერნაბეუ გავავსო და იმედი მაქვს, ერთ დღეს საუკეთესო საფეხბურთო სტადიონზე კვლავ დავბრუნდები.
არის რაიმე, რაც გინდა, რომ ადამიანებმა შენი ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ იცოდნენ?
მუსიკას ვქმნი, რადგან მაქვს გრძნობები, რომელთა გამოხატვაც მინდა; რომლებსაც ჩემში ვატარებ და მინდა, როგორღაც გარეთ გამოვუშვა. მიჩვეულები ვართ იმ ადამიანებისგან კრიტიკას, ვინც ძალიან დასაფასებელია. ეს უკეთესს გხდის და რაღაც დროს გზას გაჩვენებს, მაგრამ ვერავინ შეცვლის ჩემს მიზნებსა და ოცნებებს. ცხოვრებით უნდა ისიამოვნო. ბევრი წელია, ამას ფეხბურთით ვაკეთებ, ახლა კი იმავეს გაკეთება მუსიკით მსურს.