იტალიელი ვარსკვლავი ლაურა პაუზინი „ბილბორდ” იტალიის პრესტიჟული Global Icon-ის ჯილდოს მფლობელი გახდა ისტორიულ ღონისძიებაზე, რომელიც ვატიკანში გაიმართა და რომელსაც პაპი ლეო XIV-ც ესწრებოდა. ღონისძიბა, რომელიც ბილბორდ იტალიის Women in Music 2025 წლის ფარგლებში გაიმართა, ხაზს უსვამდა მუსიკალურ ინდუსტრიაში ქალების ხმის გაძლიერების მნიშვნელობას. ამ მისიის მნიშვნელობის წარმოსაჩენად სამახსოვრო ფირფიტა მიიღო თავად პაპმაც.
რაც შეეხება პაუზინის, მისი გამორჩეული კარიერა და ჰუმანიტარული ძალისხმევა კვლავაც განაგრძობს იტალიური მუსიკის გლობალურ სცენაზე წარმოჩენას.
„ძალიან დიდი პატივია Global Icon-ის ჯილდოს მიღება პაპის თანდასწრებით,” – აღნიშნა პაუზინიმ „ბილბორდთან” საუბარში. „ეს იყო მომენტი, რომელიც სამუდამოდ მემახსოვრება. მინდოდა, პაპისთვის მეჩვენებინა ის, რაც ჩემს სულს ასახავს – ჩემი ხმა და ჩემი მუსიკა.”
სუპერვარსკვლავმა პაპს ახალი, ჯერ კიდევ გამოუცემელი სიმღერა წარუდგინა – Brother Sun, Sister Moon-ის მისეული ვერსია, რომელიც შთაგონებულია წმინდა ფრანცისკე ასიზელის Canticle of the Creatures-ით. სიმღერა ეხება ადამიანთა შორის ძმობას და ღმერთის დიდებას.
„მადლობას ვუხდი ბილბორდ იტალიას, რომ სწორედ მე შემარჩია, რათა წარმედგინა ქალის ხმა, როგორც მშვიდობისა და სოლიდარობის უნივერსალური ენა.”
პაუზინიმ იტალიური მუსიკა გლობალურ სცენაზე აიყვანა და თავად გახდა ელჩი ისეთი უნივერსალური ღირებულებებისა, როგორებიცაა ინკლუზიურობა, სოლიდარობა და მშვიდობა. ის მუდმივად მუშაობს, რათა მხარი დაუჭიროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებს და ჰუმანიტარული კრიზისის ქვეშ მყოფ მოსახლეობას. მისი თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა UNICEF, Save the Children, Amnesty International და World Food Programme ხაზს უსვამს მის წვლილს ჰუმანიტარულ საქმიანობაში. ცნობილი, როგორც ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი იტალიელი არტისტი, 2025 წლის ბილბორდის ლათინური მუსიკის დაჯილდოებაზე პაუზინის Icon-ის ჯილდო გადაეცა.
„ბილბორდის” Women in Music-ის მეორე იტალიური გამოშვება მილანში 25, 26 და 28 ნოემბერს გაიმართება და დაემთხვევა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეს. სამი დღის განმავლობაში რვა ჯილდო გადაეცემა მათ, ვინც იტალიური მუსიკალური სცენის ფორმირება მოახდინეს. ესენი იქნებიან როგორც წამყვანი არტისტები, ასევე კულისებში მომუშავე პროფესიონალები.
ლაურა პაუზინის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი და დაგროვებული აქვს 6 მილიარდზე მეტი სტრიმი, რაც ამყარებს მის საერთაშორისოდ ყველაზე მოსმენადი იტალიელი ქალი არტისტის სტატუსს. ის არის ასევე პირველი და ერთადერთი იტალიელი ქალი მუსიკოსი, რომელსაც მოგებული აქვს გრემის ჯილდო და შესულია Billboard Hot 100-ში.
კარიერის განმავლობაში პაუზინის მიღებული აქვს ოთხი ლათინური გრემი და დასახელებულია წლის პერსონად ლათინური ხმისჩამწერი აკადემიის მიერ, რითაც ის გახდა პირველი არაადგილობრივი ესპანურენოვანი არტისტი, რომელმაც აღნიშნული წოდება დაიმსახურა. მისი მიღწევები ასევე მოიცავს ოქროს გლობუსს, ემისა და ოსკარის ნომინაციებს.
პაუზინის უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან, როგორები არიან ლუჩანო პავაროტი, ანდრეა ბოჩელი, მაიკლ ბუბლე, რეი ჩარლზი, ფილ კოლინსი, შაკირა, მერაია კერი და მაიკლ ჯექსონი. მისი ბოლო ნამუშევრები მოიცავს ლაივ შესრულებებს ალანის მორისეტთან და დუეტს რობი უილიამსთან ფიფას პირველი ოფიციალური ჰიმნისთვის.
პაუზინის მომდევნო ალბომი Io Canto 2 2026 წელს გამოვა. ასევე გამოიცემა მისი ესპანური ვერსიაც Yo Canto 2. ალბომის გამოშვებას მოჰყვება 2026-2027 წლების მსოფლიო ტურნე, რომელიც 27 მარტს ესპანეთში დაიწყება.