ელმინი სადებიუტო ალბომს გამოსცემს: „დი’ანჯელო ყოველთვის ის სტანდარტია, რომლის მიღწევასაც ვცდილობ”

ამომავალი ვარსკვლავი „ბილბორდის” თებერვლის თვის R&B ახალბედა გახდა.
ელმინი
ANDRES CASTILLO

მას შემდეგ, რაც 2021 წელს ელმინმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტიკტოკსა და ინსტაგრამზე დი’ანჯელოს Untitled (How Does It Feel)-ის ქავერით, ავტორ-შემსრულებელი სტაბილურად ზრდის თავისი ფანების არმიას. 

მისმა მელოდიურმა, ემოციურმა ვოკალმა და სიღრმისეულმა ტექსტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა: მაგალითად, სიმღერა მისი ელიოტსა და Questlove-სთან; ასევე Golden მისი 2024 წლის EP-იდან For the Deported, რომელიც ვირჯილ აბლოს ლუი ვიტონის ფინალურ შოუზე იყო წარმოდგენილი;  2025 წლის BET Awards-ზე გამოსვლა და ამომავალი ვარსკვლავის ნომინაცია 2025 წლის Brit Awards-ზე.

ახლა კი, რამდენიმე აღიარებული EP-ის შემდეგ, ელმინი სადებიუტო ალბომს გამოსცემს, სახელწოდებით sounds for someone. 12-სიმღერიანი ჩანაწერი 27 მარტს გამოვა. უკვე გამოიცა ალბომის ორი სინგლი: Reclusive და Cry Against the Wind. ალბომის სხვა აღსანიშნავ სიმღერებს შორისაა Honour და Light by the Window, რომელშიც რაფაელ საადიქი მონაწილეობს. 

24 წლის ბრიტანელ-სუდანელი მუსიკოსი გერმანიაში, ფრანკფურტში დაიბადა. ხუთი წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ინგლისში, ოქსფორდში გადავიდა. უნივერსიტეტის ბოლო წელს, სადაც ის პოეზიას სწავლობდა, დი’ანჯელოს ქავერის შესრულებით ელმინმა მუსიკაში გადაინაცვლა.

„პოეზიას ვსწავლობდი, მაგრამ სიმართლეს თვალებში რომ ჩავხედოთ, პოეზიის დიმპლომი სამსახურს ვერ მოგიტანს. ვფიქრობ, ამას უბრალოდ ინტერესის გამო ვაკეთებდი, რადგან არ ვიყავი მზად სათანადო სამსახურის დასაწყებად. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩემი გეგმა იყო, რომ უსაფრთხოების სამსახურში მემუშავა, როგოც ბიძაჩემს. ვფიქრობდი, რომ ეს საკმაოდ მარტივი იყო.

მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში მუსიკა გაჩნდა. 21 წლის ვიყავი და არასდროს მქონია შესაძლებლობა, ღია სამყაროში მუსიკოსობის გარეშე მეცხოვრა. ზრდასრულობაში ყოველთვის მუსიკოსი ვიყავი. სხვაგვარად ცხოვრება არ ვიცი.”

ელმინი, ერთი თვეა, რაც ლონდონიდან ლოს-ანჯელესში გადავიდა. 30 აპრილს კი ის ალბომის მხარდასაჭერად ჩრდილოამერიკულ და ევროპულ ტურნეში მიემგზავრება.

როგორ აირჩიეთ ალბომის სახელწოდებად sounds for someone?

ნაწილობრივ ეს დაიწყო სტივი უანდერის Songs in the Key of Life-იდან. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდებული სახელწოდებაა მისი ფართო მნიშვნელობის გამო. ნებისმიერი რამ, ნებისმიერი ადამიანისთვის და ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება მოერგოს იმას, რასაც key of life მოიცავს. რეალურად, sounds for someone-ის დასაწყისშიც პირველი კითხვაა: ‘ვინ არის ეს ვიღაც?’ და ეს ძალიან პირადულია ჩემთვის. მაგრამ ამავდროულად, მინდოდა, რომ ყველასთვის ღია ყოფილიყო და ყველას შესძლებოდა, მასში თავისი ‘ვიღაც’ ეგულისხმა: იქნებოდა ეს ძმა, და, ბიძაშვილი, დეიდა თუ ნებისმიერი ადამიანი. მინდოდა, იმდენად ბუნდოვანი ყოფილიყო, რომ ყველას შესძლებოდა მასთან თავის დაკავშირება.

ალბომის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს არის სიღრმისეული რეფლექსია მამასთან ურთიერთობის კარგ და ცუდ მხარეებზე. რომელი სიმღერა ან სიმღერები ასახავს ყველაზე უკეთ ამ დინამიკას?

Cry Against the Wind და Told You I’ll Make It – პროექტის ბოლო სიმღერა. ორივე მათგანი ძალიან პირდაპირი და მკაფიო ასხვაა. პირველი სიმღერა ეხება ჩემს დანაშაულის გრძნობას მამასთან დაძაბული ურთიერთობის გამო. მეორე კი ერთგვარი მიქსია ჩემი დანაშაულის გრძნობისა და საბოლოოდ ჩემი მიმღებლობის, რომ ჩვენი განსხვავებების მიუხედავად, ბოლოს მაინც ერთსა და იმავე ადგილზე მივალთ. ძალიან რთულია ასეთ პირად თემაზე წერა, შემდეგ მისი გამოშვება და ამაზე საუბარი. ეს ცოტა სიგიჟეცაა. ხანდახან დავჯდები და ვფიქრობ: ‘იქნებ არ უნდა შემექმნა ეს ალბომი, რადგან ახლა მომიწევს, ყოველ მეორე დღეს მამაზე ვისაუბრო.’ მაგრამ ვფიქრობ, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მჭირდებოდა. ეს ერთგვარი თერაპიის ფორმაა.

შენი ბოლო სინგლი Reclusive ასევე ძალიან ინტროსპექციულია. პრესრელიზში აღნიშნავ, რომ სიმღერა უკავშირდება 2024 წელს “დამანგრეველი ავადმყოფობის შედეგად მიღებულ მადლიერებას.”

Reclusive ავტობიოგრაფიული სიმღერაა, რომელიც ერთგვარი  მიზანი იყო, როცა იმ დღეს სტუდიაში შევედით. ‘კარგი, ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანებმა დაინახონ, როგორია, იცხოვრო ელმინის ცხოვრების ერთი დღით.’ დილას ადგე, ითამაშო ვიდეოთამაშები, არაფერი გააკეთო და ფიქრობდე, გახვიდე თუ არა საერთოდ გარეთ. ეს ჩემი ყოველდღიური ბრძოლის დიდი ნაწილია. იმ დეკემბერს ყველაზე მძიმედ მქონდა რეკლუზიური სინდრომი, თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ. უბრალოდ მჭირდებოდა, რომ ადამიანებს დაენახათ ჩემი განსხვავებული მხარე, რომელსაც ჩვეულებრივ ვერ ხედავდნენ, რადგან ჩემი მუსიკის უმეტესი ნაწილი ძალიან ინსტროსპექციულია – ხანდახან იმ დონეზეც კი, რომ თუ ჩემი თავი არ ხარ, ძალიან რთულია, გაიგო. ასე რომ, გამარჯობა, მე უბრალოდ რეკლუზიური ვარ. და ხანდახან ეს ასეთი მარტივია.

რატომ იყო Reclusive-ის შთაგონება ასევე Biz Markie?

მისი სიმღერა Just a Friend ასევე ავტობიოგრაფიულია – უბრალოდ ერთი დღის ისტორია. ძალიან მარტივი და ბრწყინვალეა. 

შენ ახსენე სტივი უანდერი. კიდევ ვინ არიან ის ადამიანები, რომელთაგანაც შთაგონებას იღებ?

მუსიკისადმი ჩემი სიყვარული ჩემი უფროსი ბიძაშვილებისგან მოდის. მყარი დისკი მქონდა, სადაც მთელი R&B იყო ჩაწერილი და სულ მაგას ვუკრავდი. დაახლოებით 2006-2007 წელი იქნებოდა. სტივისა და დი’ანჯელოს გარდა, იქ იყო კრეიგ დევიდისა და T-Pain-ის სიმღერებიც. მუსიკაში R&B-თი შევედი და მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. გავიგონებდი თუ არა მუსიკას, ვფიქრობდი: ‘უფრო ღრმად უნდა ჩავეძიო და გავიგო, რა ხდებოდა მანამდე.’ როცა ბავშვი ვიყავი, არქეოლოგობა მინდოდა. ასე რომ, ჩემი გონება ბუნებრივად იყო მიდრეკილი ასეთ ფიქრებისგან, რომ, მაგალითად, თუ აშერი მომწონს, ვინ იყო აშერამდე? სწორედ ამ მიდგომამ მიმიყვანა ისეთ მუსიკოსებამდე, როგორებიც არიან Jodeci, Mint Condition, New Edition, the DeBarges …

ყველაზე ნიშვნელოვანი რამ მუსიკაში ჩემთვის სიმღერაა და არა პროდაქშენი. დი’ანჯელოს სიმღერები, განსაკუთრებით მათი სტრუქტურა, მუდამ მესაუბრებოდა. Black Messiah ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი ალბომია. Really Love კი ერთ-ერთი დიდებული სიმღერა, რაც კი შეუქმნია. დი’ანჯელო ყოველთვის ის სტანდარტია, რომლის მიღწევაც მინდა, როცა მუსიკას ვწერ. 

სიმღერის შექმნაში რა არის შენი საყვარელი ნაწილი?

როცა პოეზიას ვწერდი, მისი სტრუქტურის გამო შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რაც გინდა. შეგიძლია შენი თავი მილიონი გზით გამოხატო ერთი აზრის გადმოსაცემად. მაგრამ ვფიქრობ, სიმღერის წერის სიამოვნება ჩემთვის ისაა, რომ ყველა ამ ემოციის ერთ სტროფში გადმოცემა შეგიძლია.

როგორ აღწერდი შენს როლს R&B-ის დღევანდელ გამოცოცხლებაში? 

მადლიერი ვარ და იღბლიანი, რომ იმავე დროს გავჩნდი, როცა ჩემი ბევრი კოლეგა, მაგალითად ლეონ თომასი, კეილანი თუ საშა კიბლი. ვფიქრობ, რომ კოლექტივის გარეშე მოძრაობა ვერ შეიქმნება. მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ამ გუნდის მყარი ნაწილი ვარ. მიხარია ამ ჟანრის დაბრუნება, რადგან უბრალოდ მინდა, რომ კვლავ მოვუსმინო გასაოცარ მუსიკას. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არის ყველაფერი, რის გამოც აქ ვარ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny სან-პაულუში გამართულ კონცერტზე პელეს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ქურთუკით გამოჩნდა და მის პატივსაცემად სიმღერის ტექსტი შეცვალა

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ნახეთ ბრუნო მარსის,  BLACKPINK-ის, RAYE-ს და სხვა არტისტების ახალი ნამუშევრები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი