4 მარტს პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი კალიფორნიის შტატში, ვენტურას ოლქში დააკავეს. ინფორმაცია Billboard-მა ვენტურას ოლქის შერიფის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით დაადასტურა.
Variety-სა და TMZ-ის ცნობით, მომღერალი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის დროს დააკავეს.
ვენტურას ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ბრიტნი სპირსი ოთხშაბათს, 4 მარტს, საღამოს დააკავეს და ხუთშაბათს, დილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი კი 4 მაისს არის ჩანიშნული.
Billboard-მა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ვენტურას ოლქის შერიფის ოფისსაც მიმართა.
„ეს იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელსაც გამართლება არ აქვს. იმედი გვაქვს, ბრიტნი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, დაემორჩილება კანონს და ეს გახდება პირველი ნაბიჯი დიდი ხნით დაგვიანებული ცვლილებებისკენ, რაც ბრიტნის ცხოვრებაში აუცილებელია. ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ პერიოდში ის საჭირო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებს. მისი შვილები მასთან ერთად იქნებიან.” – განაცხადა ბრიტნი სპირსის წარმომადგენელმა Billboard-თან.
აღსანიშნავია, რომ მომღერალს ადრეც ჰქონია სამართლებრივი პრობლემები. 2007 წელს ის თავად ჩაბარდა ლოს-ანჯელესის პოლიციას, მას შემდეგ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მიმალვასა და მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვაში დასდეს ბრალი. მაშინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაეჯახა ბრიტნი გაჩერებულ ავტომობილს და შემდეგ გზა განაგრძო. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე თვის შემდეგ მასზე სამართლებრივი მეურვეობა დაწესდა, რაც მომდევნო 13 წლის განმავლობაში გაგრძელდა. საქმე კი 2008 წელს დაიხურა.
ინფორმაცია სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამ ანგარიში გააუქმა. ბოლო წლებში იგი აქტიურად აქვეყნებდა სახლში ცეკვის, დასვენებისა და შვილთან, ჯეიდენთან ერთად გატარებული დროის ამსახველ კადრებს. ბრიტნის ორი ვაჟი – ჯეიდენი და შონი ყოფილი მეუღლისგან, კევინ ფედერლაინისგან ჰყავს, რომელიც შვილებთან ერთად 2023 წელს ჰავაიზე გადავიდა საცხოვრებლად. 2024 წლის შობის დღესასწაულზე სპირსმა დაწერა, რომ ორწლიანი განშორების შემდეგ ჯეიდენს კვლავ შეხვდა.
გასული წლის ოქტომბერში კევინ ფედერლაინმა მემუარები გამოსცა, სახელწოდებით You Thought You Knew, სადაც ყოფილი მეუღლის მდგომარეობაზე წერდა: „სიმართლე ის არის, რომ ბრიტნისთან დაკავშირებული ეს სიტუაცია შეუქცევადია. შეუძლებელი გახდა იმის აღქმა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ჩემი გადმოსახედიდან, საათი წიკწიკებს და კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით. თუ რამე არ შეიცვალა, რაღაც ცუდი მოხდება. ჩემი ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ ჩვენს შვილებს მოუწევთ ნანგრევების ამარა დარჩენა.“
ბრიტნი სპირსმა წიგნის შინაარსი მალევე მკაცრად გააკრიტიკა და ინსტაგრამზე დაწერა: „ყოფილი მეუღლის მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური მანიპულაცია ძალიან მტკივნეული და დამღლელია. ყოველთვის ვითხოვდი და ვყვიროდი, რომ ჩემს შვილებთან ერთად მინდოდა ცხოვრება. თინეიჯერ ბიჭებთან ურთიერთობა რთულია. ამ სიტუაციამ სულიერად გამანადგურა. თითქმის ვიხვეწებოდი, რომ ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყვნენ.“
ბოლო პერიოდში სპირსი საკუთარ ოჯახს საჯაროდ აკრიტიკებდა. მანამდე მან მამამისი, ჯეიმი სპირსი, რომელიც მის ქონებას მრავალი წლის განმავლობაში მეურვეობდა, ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, რასაც თავად ჯეიმი უარყოფს.
გასულ წელს სპირსმა ოჯახს სარკასტულად მიულოცა შობის დღესასწაული: „დაგვიანებით გილოცავთ შობას, ჩემო მშვენიერო ოჯახო, ვისაც არასდროს გამოგიჩენიათ ჩემ მიმართ უპატივცემულობა, არასდროს მოგიყენებიათ ზიანი, არასდროს ჩაგიდენიათ რაიმე სრულიად მიუღებელი და არ მოგიყენებიათ არანაირი ტრავმა, ისეთი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.“
თებერვალში კი მან ინსტაგრამზე დაწერა: „გამიმართლა, რომ საერთოდ ცოცხალი ვარ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მექცეოდა ერთ დროს ჩემი ოჯახი – ახლა მათი მეშინია.”