გავრცელებული ინფორმაციით, 30 მაისს სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე კანიე უესტის კონცერტს 118 000 ადამიანი დაესწრო. თავად რეპერი ამტკიცებს, რომ ეს ისტორიაში სტადიონზე გამართული ყველაზე მასშტაბური გამოსვლა იყო.
„მინდა გითხრათ, რომ ახლახან რეკორდი მოვხსენით – 118 000 ადამიანი, ყველა დროის ყველაზე მასშტაბური სტადიონის შოუ,” – მიმართა უესტმა აუდიტორიას, გამოცემა „Türkiye Today“-ის ცნობით.
შოუ ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში ფესტივალის სტილში გაგრძელდა. ის მოიცავდა დიჯეის სეტებს, ლაზერულ და განათების შოუებს, კონცერტამდე და კონცერტის შემდგომ წვეულებებს, ასევე თურქი არტისტების, იენერ ჩევიკის (Yener Cevik), მავის (Mavi), სენა შენერის (Sena Sener), პერასა (Pera) და მოტივის (Motive) გამოსვლებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფანები როგორც თურქეთიდან, ისე საზღვარგარეთიდან. ხალხის მოსალოდნელი მოზღვავების დასარეგულირებლად ორგანიზატორებმა სტადიონის კარი დღის 3 საათზე გახსნეს. შოუს დაწყების მოახლოებასთან ერთად, გაივსო მეტროს ბაქნები და გზები მთელ ქალაქში. კონცერტის მსვლელობისას უესტს სცენაზე ტრევის სკოტიც შეუერთდა.
სტამბოლის კონცერტი უესტის პირველი ევროპული ტურნეს გამხსნელი შოუა ბოლო 11 წლის განმავლობაში. ამის პარალელურად, რეპერის შოუები არაერთ ქვეყანაში გააუქმეს. აპრილში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უესტს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ მისი ყოფნა „საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა“. ამას მოჰყვა მისი, როგორც ჰედლაინერის, გამოსვლის გაუქმება Wireless Festival-ზე, რომელმაც მანამდე არაერთი მსხვილი სპონსორი დაკარგა.
მარსელის შოუ მას შემდეგ გადაიდო, რაც საფრანგეთის ოფიციალური პირები მისი დაბლოკვის მოთხოვნით გამოვიდნენ, ხოლო პოლონეთსა და შვეიცარიაში კონცერტები საერთოდ გაუქმდა.
სტამბოლის კონცერტის პარალელურად, იტალიის ხელისუფლებამ უესტსა და ტრევის სკოტს ივლისში დაგეგმილი შოუს გამართვა აუკრძალა. შოუ რეჯო-ემილიას RCF Arena-ზე იგეგმებოდა, რომელიც 103 000 ადამიანს იტევდა. მიზეზად უსაფრთხოების ზომები დასახელდა, რაც მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის – CODACONS-ისა და ებრაული თემების მოთხოვნას მოჰყვა.
უესტი რამდენიმე წელია სკანდალების სერიასთან არის დაკავშირებული, რაც მოიცავს ანტისემიტურ განცხადებებს, ადოლფ ჰიტლერის ქებას, ნაცისტური სიმბოლიკის მასალის გავრცელებასა და სიმღერის, სახელწოდებით Heil Hitler-ის გამოშვებას.
უესტმა ეს ქმედებები ბიპოლარული აშლილობის მანიაკალურ ეპიზოდებით ახსნა. 2026 წლის იანვარში მან Wall Street Journal-ში მთელ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ბოდიში მოიხადა. ევროპული აკრძალვების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანაში მისი შოუ მაინც ტარდება. ტურნეს ფარგლებში მისი დარჩენილი დადასტურებული კონცერტები გაიმართება ნიდერლანდებში, ალბანეთში, საქართველოსა და ესპანეთში.
უესტი კონცერტს „დინამო არენაზე” Starring Georgia-ს ფარგლებში 12 ივნისს გამართავს.