ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს განსაკუთრებული მასშტაბით გაიმართება. ლეგენდარული ქართველი მევიოლინეს მუსიკალური მემკვიდრეობის პატივსაცემად, ფესტივალი მრავალფეროვან პროგრამას, მსოფლიო დონის ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს, ექსკლუზიურ მუსიკალურ პროექტებსა და გამორჩეულ საშემსრულებლო საღამოებს გააერთიანებს. წლევანდელი ფესტივალი შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება, რომელიც ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.
„ღამის სერენადები 2026“-ის პროგრამა მსოფლიო დონის დირიჟორებს, სოლისტებსა და მუსიკალურ პროექტებს გააერთიანებს, რომლებიც კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ინტერპრეტაციების მოყვარულებს დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებენ. ფესტივალის სცენაზე წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალი თაობის შემსრულებლები: დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, მევიოლინეები იუკი სერინო, ანდრეს გაბეტა და ანა-ლიზა ბეზროდნი, ბანდონეონის ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, პიანისტები გლორია კამპანერი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი შიოლაშვილი, ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი, საყვირის ლეგენდარული ვირტუოზი ნელო სალცა, სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და ფლეიტისტი ნიკოლოზ ვადაჭკორია.
ფესტივალში ასევე მონაწილეობენ გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ – პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე.
მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიხსნება, ხოლო 21 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაგრძელდება. პირველ ორ კონცერტს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს, სოლისტი კი იაპონელ-იტალიელი მევიოლინე იუკი სერინო იქნება. „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად საღამოს პიოტრ ჩაიკოვსკის „სერენადას სიმებიანი ორკესტრისთვის“, კამილ სენ-სანსის „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, ასევე ფელიქს მენდელსონის სავიოლინო კონცერტი რე მინორში შესრულდება.
23 აგვისტოს, 20:00 საათზე, მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა, იხილოს პროექტ „მარია ბუენოს-აირესიდან – გადატვირთვა“, სადაც მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა, ბანდონეონის ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და „საქართველოს ვირტუოზები“ მონაწილეობენ. მუსიკალური პროგრამა ბაროკოსა და ტანგოს ორიგინალურ მუსიკალურ სინთეზს წარმოადგენს.
25 აგვისტოს, 20:00 საათზე, კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი Tango-Operazione გაიმართება, სადაც სცენაზე გლორია კამპანერი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, მარიკა მაჩიტიძე და ნიკოლოზ ვადაჭკორია წარდგებიან. საღამოს პროგრამა სრულად ასტორ პიაცოლასა და კარლოს გარდელის შემოქმედებას მიეძღვნება და მსმენელს ტანგოსა და საოპერო მუსიკის შთამბეჭდავ ერთობლიობას შესთავაზებს.
სექტემბერში ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს და 16 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ქართველი პიანისტები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი საფორტეპიანო დუეტით კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.
იმავე დარბაზში 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს უხელმძღვანელებს. საღამოს სოლისტები ცნობილი ფინელი ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი და ესტონელი მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი იქნებიან, სადაც იოჰანეს ბრამსისა და კამილ სენ-სანსის ნაწარმოებები შესრულდება.
ფესტივალი 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გრანდიოზული გალა-კონცერტით „მორიკონე – კინოს ლეგენდა“ დაიხურება. დასკვნით ღონისძიებაში იტალიელი საყვირის ლეგენდარული ვირტუოზი ნელო სალცა, პიანისტი გიორგი შიოლაშვილი და „საქართველოს ვირტუოზები“ მიიღებენ მონაწილეობას. მსმენელი კი ენიო მორიკონეს უკვდავ მუსიკას ისეთი კინოშედევრებიდან მოისმენს, როგორებიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „ერთხელ ველურ დასავლეთში“, „ახალი კინოთეატრი პარადისო“, „მალენა“ და სხვა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ ლეგენდარულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ დააარსა. წლების განმავლობაში ფესტივალი ქართული კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და გამორჩეულ შემოქმედებით პროექტებს აერთიანებს.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე, ორგანიზატორი – კომპანია „არტ ალიანსი“, ხოლო ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო; სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; თბილისის მერია; ბათუმის მერია; ბორჯომის მერია; იტალიის საელჩო საქართველოში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-სა და Biletebi.ge-ს პლატფორმაზე.