ანგუს კლაუდი, HBO-ს სერიალის Euphoria-ს მსახიობი, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია კლაუდის ოჯახმა გაავრცელა.
„დღეს ჩვენ საოცარ ადამიანს უნდა დავემშვიდობოთ. ანგუსი ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული იყო როგორც მსახიობი, როგორც მეგობარი, როგორც ძმა და შვილი. გასულ კვირას მან მამამისი დაკრძალა და ძალიან უჭირდა ამ დანაკარგთან გამკლავება. ერთადერთი ის გვამშვიდებს, რომ ვიცით, ანგუსი ახლა მამასთანაა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. ანგუსი ღიად საუბრობდა თავის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე და იმედი გვაქვს, რომ მისი გარდაცვალება სხვებისთვის შეხსენება იქნება, რომ ისინი მარტო არ არიან და ამ პრობლემებს ჩუმად არ უნდა ებრძოლონ,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
„იმედი გვაქვს, მსოფლიო მას დაიმახსოვრებს მისი იუმორით, სიცილითა და ყველას მიმართ სიყვარულით. გთხოვთ პირადი სივრცის დაცვას ამ გამანადგურებელ დანაკარგთან გამკლავების პროცესში.”
მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა HBO-ც: „ძალიან დაგვამწუხრა ანგუს კლაუდის გარდაცვალებამ. ის საოცრად ნიჭიერი მსახიობი და Euphoria-ს ოჯახის საყვარელი წევრი იყო. ვუსამძიმრებთ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.”
HBO-ს „ემის” მფლობელ სერიალში ნარკოდილერის როლის შეთავაზება კლაუდმა მანჰეტენის ქუჩაში სეირნობისას მიიღო. როლმა, რომელსაც ის ორი სეზონი ასრულებდა, კლაუდი ვარსკვლავად აქცია.