ლიზი გოზალიშვილის – Space Oddity

„თუ ახლა არ ვთვლი თავს ღირსად, რომ მუსიკოსის სტატუსი მქონდეს, დროთა განმავლობაში მინდა იმდენი გავაკეთო და ისეთი განათლება მივიღო, რომ მართლა დამსახურებულად მეწეროს მუსიკოსი, ჩემი სახელის და გვარის ქვეშ.“
ლიზი გოზალიშვილი - მუსიკოსი, ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
ლიზი გოზალიშვილი – მუსიკოსი, ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გულწრფელი, გულიდან წამოსული მუსიკა და სადა ნოტები, რომელიც მის ხმაში ისმის, მსმენელზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. მუსიკასთან შეხება პატარაობიდანვე ჰქონდა და მიუხედავად ასაკისა, იგი საავტორო სიმღერებს წერს და მღერის.

ცხრამეტი წლის ლიზი გოზალიშვილი ახლა გერმანიაში სწავლობს და გეგმაში სადებიუტო ალბომის ჩაწერა აქვს.

ნახეთ „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ ახალგაზრდა არტისტთან: 

ლიზი გოზალიშვილი
ლიზი გოზალიშვილი – მუსიკოსი, ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლიზი გოზალიშვილი

მუსიკასთან პირველი შეხება

არსებობს ვიდეოები, სადაც სამი-ოთხი წლის ლიზა დგას, დედაჩემთან,  რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და მე ვმღერი. საერთოდ, პირველად რატომაც შემიყვანეს ვოკალის პედაგოგთან. ძალიან სასაცილო ისტორიაა ის, რომ კონცერტს ვუყურებდი, სადაც ჩემი თანატოლები მღეროდნენ და დავიწყე ტირილი, რომ მეც მინდა-მეთქი და მაშინ დედაჩემმა გადაწყვიტა შევეყვანე. მაშინ დაახლოებით ხუთი წლის ვიქნებოდი. 

სიმღერა სულ მიყვარდა. დროთა განმავლობაში, 13 წლის რომ გავხდი, ჩემით დავიწყე რაღაცების წერა და მივხდი, რომ სერიოზულად ვუყურებდი ამ სფეროს, როგორც კონკრეტულ საქმიანობას, და მინდოდა ინსტრუმენტიც მესწავლა. მჭირდებოდა კონკრეტული პროგრამის ცოდნა, ან განათლება ამ მიმართულებით. პირველი, რაც ვისწავლე ეს იყო მუსიკალური ინსტრუმენტი უკულელე, გიტარასაც შორიდან ვუყურებდი, ვეპარებოდი, მერე ფორტეპიანოც დაემატა ამ რიგებს. როცა უკვე სიმღერების წერა დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ მუსიკოსობა მართლა მინდოდა, თუმცა ახლაც, რომ ამბობენ, რომ მუსიკოსია ჩემზე, ან რეგალიად რომ აწერენ ცოტა მეხამუშება, იმიტომ, რომ მაინც იქ ვარ, როცა მეგონა, რომ მხოლოდ ჰობი იყო. ახლა ვფიქრობ ხოლმე, რომ ცოტა გადამეტებულია, თუმცა, მიზანი ყოველთვის ეგ არის ჩემი, რომ მუსიკოსი ვიყო. თუ ახლა არ ვთვლი თავს ღირსად, რომ მუსიკოსის სტატუსი მქონდეს, დროთა განმავლობაში მინდა იმდენი გავაკეთო და ისეთი განათლება მივიღო, რომ მართლა დამსახურებულად მეწეროს მუსიკოსი, ჩემი სახელის და გვარის ქვეშ.

მუსიკალური კონკურსი და გამოცდილება

ხშირად ამბობენ, მუსიკალური კონკურსები დროის ხარჯვაა, მაგრამ ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით ისიც აბსურდია, რომ ვინც იქ მიდის გამარჯვებაზე არ ფიქრობს. ყველა კონკრეტული მიზნით მიდის, თუმცა ჩემთვის გამარჯვებაზე ფიქრთან ერთად ყოველთვის იყო ის, რომ გამოცდილება მიმეღო და სცენას შევჩვეოდი. ცხადია ბევრ სტრესთან და ნერვიულობასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. მომზადების პროცესიც ძალიან დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის კონკრეტულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაინც მიყვარდა, იმიტომ, რომ როცა მუსიკა გიყვარს, მუსიკა გაბედნიერებს და სიმღერაც შენთან ასე ახლოს არის. ის სტრესი და დაძაბულობა სცენაზე დგომისას უკანა ფლანგზე იწევს. მახსოვს, სულ პირველად, მუსიკალურ კონკურსზე სცენაზე რომ გავედი, განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. პირველი ნოტი რომ გაჟღერდა, იმის მერე არაფერი მახსოვდა. ნერვიულობა და სტრესიც მომეხსნა და მხოლოდ სიმღერასთან ვიყავი. ამ გამოცდილებამ ძალიან გამზარდა. იქ ხვდები ადამიანებს, შენს თანატოლებს, ვისთანაც მუსიკა გაქვს საერთო, ამაზე საუბრობთ, ან გამოცდილ მუსიკოსებთან გაქვს შეხება. სტრესის ფაქტორი ნამდვილად არის. დროის გარკვეულ მონაკვეთში მუსიკა უნდა მოამზადო, დროის წნეხის მიუხედავად გიწევს რაღაცის სწრაფად გაკეთება, მაგრამ მგონია, რომ სწორი გზა არის და გამოცდილებსაც გძენს ამ მიმართულებით.

ლიზი გოზალიშვილი – მუსიკოსი, ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მუსიკალური ჟანრი

ჩემი სიმღერებიდან გამომდინარე, რასაც  ვწერ, კონკრეტულ ერთ ჟანრში არასდროს არ ვარ. ჩემს მუსიკას ხან ქანთრის სტილი აქვს, ხან პოპის, ხან სოულის. აქეთ-იქით ვარ მოდებული, თუმცა ბოლო დროს როკი ძალიან შემიყვარდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ემოციურად იმდენად ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ გარკვეულ წილად ამასაც ვუკავშირებ. მეც გავიზარდე და დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება შენში. სხვა თვალით უყურებ ბევრ საკითხს და ეს ხასიათი, მუხტი, რაც ამ ჟანრის სიმღერებს აქვს, უფრო კარგად გავითავისე. დღესდღეობით რასაც ვმღერი, სულ როკია. მგონია, რომ ეს ზუსტად წარმოაჩენს იმას, რაც ახლა ვარ და მთავარია, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

პირველი საავტორო სიმღერა

ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტი: ზაფხული იყო, დედაჩემის დაბადების დღე, დედაჩემი სულ უკავშირებს ამ სიმღერას თავის თავს. თბილისში ჩემს ოთახში ვიჯექი, რაღაცას ვუკრავდი ჩემთვის. მგონი, ერთადერთი სიმღერაა, რომელიც არაფერმა  განაპირობა. შეიძლება ითქვას, ეს იყო სამყაროსგან ბიძგი, რაღაც ნიშანი, რომ უნდა მეწერა. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. აპლიკაციით ჩავწერე ეს სიმღერა და მაშინვე ჩემი ოჯახის წევრებს გავუზიარე, ძალიან მოეწონათ. კარგა ხანს ამ სიმღერას, სადღაც კუნჭულში ვინახავდი. ბევრი სხვა სიმღერა ვიმღერე გადაცემებში, ჩავწერე, მაგრამ ამას დღის სინათლეს არ ვაკარებდი. მერე მოხდა ისე, რომ მომინდა ამ სიმღერის გარეთ გამოტანა. თან განსხვავებული იყო სხვა სიმღერებისგან. ზოგადად როცა ვწერ ყოველთვის ბრაზი მაწერინებს რაღაცას. რაღაცის პროტესტი ყოველთვის იგრძნობა ჩემს სხვა სიმღერებში, ეს კი, სუფთა იყო ყველაფრისგან, დამოუკიდებლად დაწერილი სიმღერა იყო და ამიტომ, ძალიან მიყვარდა. The Song U Sang ჰქვია ამ სიმღერას. როცა არანჟირება გაკეთდა და ჩავწერეთ, უცხო ადამიანებისგანაც ხშირად მომისმენია, რომ ეს სიმღერა მოსწონთ და როცა ამას მეუბნებიან, სულ სხვა ემოცია მოდის და ძალიან მახარებს.

გამორჩეული არტისტის გამორჩეული კომპოზიცია

ძალიან ბევრ რამეს ვუსმენ, მაგრამ სულ ვუბრუნდები იმას, რაც რაღაცას მახსენებს. ძალიან მიყვარს დევიდ ბოუვის – Space Oddity. ამ სიმღერას ბოლო დროს სულ ვუსმენ. თითქოს ისე მოხდა, რომ საუნდტრეკად მოჰყვება ჩემს ცხოვრებას, საზღვარგარეთ წავედი  და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ რაღაც მომენტებში, როცა რაღაც სიმღერა უნდა მემღერა გერმანიაში, ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად ამ სიმღერის შესრულება შემომთავაზეს. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც კავშირები არსებობს. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. 

საუკეთესო მეგობარი

ემოციურად სიკვდილთან ესე ახლოს ყოფნა ჩემთვის პირველი იყო და მანამდეც ვთქვი, ყოველთვის რაღაც ბრაზი და პროტესტი მაწერინებს სიმღერებს. კოვიდზეც დამიწერია სიმღერა, სიყვარულზეც,  მაგრამ სევდა და დაუსრულებელი მონატრების განცდა აქამდე არ მქონია.  ბევრი რაღაც დამიტოვა სათქმელი, თან იცი, რომ ვერასდროს ეტყვი ამას. ამ ყველაფერმა ზუსტად ეს განცდა მოიტანა და ერთი კვირის განმავლობაში ხუთი სიმღერა დავწერე.

მარიამი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ალბათ ყველას ჰყავს გამორჩეული მეგობარი, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება. ბოლო პერიოდში, სანამ გარდაიცვლებოდა აბიტურიენტები ვიყავით ორივე, თვეების განმავლობაში ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ რომ ვნახავდით ისევ ის განცდა ბრუნდებოდა მუდამ. მახსოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეუბნებოდა, რომ ძალიან მიყვარს შენი სიმღერები, მიმოფანტული გაქვს, ხან სად გიდევს, ხან სად და რაღაც ერთ ადგილას უნდა მოუყარო თავიო. მოსმენა მინდა და სულ ძებნაში ვარო. ძალიან ჩამრჩა ეს სიტყვები და მოტივაციაც მომეცა. იმდენად კრიტიკული იყო და მისგან ეს სიტყვები მოტივაციად  მივიღე. დიდი ბიძგი მომცა ამ ყველაფერმა. ემოციურად სიკვდილთან ესე ახლოს ყოფნა ჩემთვის პირველი იყო და მანამდეც ვთქვი, ყოველთვის რაღაც ბრაზი და პროტესტი მაწერინებს სიმღერებს, კოვიდზეც დამიწერია სიმღერა, სიყვარულზეც,  მაგრამ სევდა და დაუსრულებელი მონატრების განცდა აქამდე არ მქონია.  ბევრი რაღაც დამიტოვა სათქმელი, თან იცი, რომ ვერასდროს ეტყვი ამას. ამ ყველაფერმა ზუსტად ეს განცდა მოიტანა და ერთი კვირის განმავლობაში ხუთი სიმღერა დავწერე. თან ტექსტში სულ ველაპარაკები. პირველი სიმღერაა To her რომელიც ავტვირთე და მეორე ცოტა ხნის წინ შევასრულე მუსიკალურ გადაცემაში, რომელსაც Hide and seek (დამალობანა) ჰქვია. სულ ვამბობდი, რომ ბავშვობა არ მენატრებოდა, იმიტომ, რომ იმდენად კმაყოფილი ვიყავი ამ კონდიციით, ნაპოვნი მქონდა ჩემ თავი მუსიკაში, რომ ეს მონატრება არასდროს მქონია. ამ ამბის შემდეგ, სულ მაქვს ის განცდა, რომ ნეტა იქ ვიყო ახლა და ის ბავშვობის მონატრება ახლა დამეწყო. ამიტომაც დაერქვა ამ სიმღერას დამალობანა.

მუსიკის პოვნა

მუსიკა სპონტანურად მოდის ხოლმე ჩემთან. ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც რაღაცას ვუკრავ და ხშირად ტექსტიც ავტომატურად მოდის, ყოფილა შემთხვევები, როცა გამრთულებია წერა და თავს ვანებებ, იმიტომ რომ ვხვდები, არ გამომდის და ვუბრუნდები ხოლმე. მაგალითად სიმღერა Un Poisson დავწერე რაღაც მომენტი და მივხვდი, რომ არ გამომდიოდა და მერე, როცა მივუბრუნდი, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავედი და იმდენად მინორული გამოვიდა, სულ სხვა ხასიათის წარმომედგინა დასაწყისში. 

ლიზი გოზალიშვილი – მუსიკოსი, ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მნიშვნელოვანი დღე

მახსოვს, რაღაც აქციაზე ვიყავი, მაშინ ვიგრძენი, რაღაც განსაკუთრებული მუხტი მოდიოდა და სიმღერა Un Poisson როცა დავწერე, იქ მაქვს ასეთი ტექსტი Go Run Find Your Faceses – წადით იპოვეთ თქვენი სახეები – და ძალიან ბევრჯერ დავუბრუნდი ამ სიმღერას. რაც არ უნდა დავწერო, მაინც ამ სიმღერას ვუბრუნდები, იმიტომ, რომ ხშირად არის, სიმღერას დავწერ ტექსტით და მერე რაღაც მოხდება და ეს ტექსტი იმ მოვლენასთან მაკავშირებს. რაღაც მომენტში ვხვდები, რომ ეს მუსიკა ტყუილად არ იწერება, უბრალოდ არ იწერება, რაღაც ძალა გაკავშირებს, რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის წერ. მაგალითად სიმღერა Hey Sister დავუწერე ზოგადად გოგოებს. მე ორი და მყავს და ყველას ჰგონია, რომ ეს სიმღერა მათთვის დავწერე. თუმცა, ეს მაშინ ჩემს მეგობარს დავუწერე, რომელიც რთულ პერიოდს გადიოდა და ესეთ რთულ პერიოდს ყველა გოგო გადის რაღაც მომენტში. როდესაც გული გიტყდება და მაშინ მივხვდი, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ სიტყვებს, ნათქვამს შენი მუსიკით, იმიტომ რომ შეიძლება ერთ ადამიანს უძღვნიდე, მაგრამ ეხებოდეს ძალიან ბევრს, ყველა გოგოს, ყველა დას, იმიტომ, რომ შეიძლება ყველა ქალი იყოს შენი და.

ხუთ პუნქტიანი გეგმა

გერმანიაში მუსიკალური მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. სწავლის პროცესი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. პირველ რიგში სწავლისკენ მაქვს გეზი აღებული და ეს ჩემი სწავლა მინდა მომავალში არამხოლოდ ჩემს მუსიკას, არამედ სხვებსაც მოხმარდეს. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს მუსიკის წერის საშუალება. მერე, ეს ყველაფერი შეიძლება კონკრეტულ ალბომადაც ჩამოყალიბდეს. To Do List მაქვს ჩამოწერილი, გეგმა, რომელშიც შედის ალბომის ჩაწერა, სიმღერის ჩემით ჩაწერა, (რომელიც უკვე განვახორციელე), ხატვის სწავლა, იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობის აუხდენელი ოცნებაა, გიტარაზე კარგად დაკვრა და ელექტრო გიტარის შეძენა. 

რამდენიმე ხნის წინ დავწერე ერთი სიმღერა და კიდევ ძველი მიმოფანტული სიმღერები, რომელიც მინდა, რომ შევკრიბო და წინ წამოვწიო. შვილივით მიყვარს ჩემი სიმღერები და არცერთი არ მინდა დამეჩაგროს. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ნელ-ნელა იმ კონდიციამდე მივიდე, რომ ჩემს ენაზე დავიწყო ტექსტების წერა. ვიბოჭები, არ ვიცი, რატომ არის ესე, მაგრამ გულწრფელად მინდა ქართულ ენაზე ვწერო. ყოველთვის ვაფასებ იმ მუსიკოსებს, ვინც საკუთარ ენაზე წერს და მღერის, იმიტომ, რომ ვიცი, საკმაოდ რთულია. ამიტომ, დროთა განმავლობაში, მეც შევეჭიდები ამ პროცესს და იმედია გამომივა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალის შემსრულებლებს მაო ფუჯიტა და მიხაელ ბარენბოიმი შეუერთდებიან

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი მანფრედ ჰონეკი შეუერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი