40 წელი შესრულდა, რაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი გამოვიდა. 1983 წლის 14 ოქტომბერს She’s So Unusual-ის გამოშვებით სინდი ლოპერმა მუსიკალურ სამყაროში შემოსვლის განაცხადი გააკეთა და თქვა, რომ პოპმუსიკა აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო.
ალბომში 10 კომპოზიციაა შესული. Girls Just Want to Have Fun, რომელიც ერთ-ერთია ალბომის 6 სინგლიდან, მალევე მთელი ეპოქის განმსაზღვრელ ჰიმნად იქცა და Billboard-ის Hot 100-ში მეორე ადგილი დაიკავა. მისმა ვიდეოკლიპმა კი ადრეული MTV-ის კონცეფცია განსაზღვრა და ახლახან შეუერთდა Youtube-ის მილიარდნახვიანთა კლუბს. ამის შემდეგ მალევე ლოპერის უკვდავი ჰიტი Time After Time მომღერლის პირველი Hot 100-ის ლიდერი სიმღერა გახდა. She’s So Unusual გახდა ქალი არტისტის პირველი ალბომი, რომელშიც Hot 100-ის ტოპ ხუთეულში შესული 4 სინგლი შედის.
1985 წელს ლოპერმა მოიგო გრემი საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში. Მისმა ალბომის ყდამ კი, რომელიც Billboard-ის ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომის ყდების ტოპ ათეულში შედის, დიზაინერ ჯანეტ პერს მოუტანა გრემი ალბომის საუკეთესო შეფუთვისთვის.
ალბომის ფოტო ლეგენდარულ ფოტოგრაფს ენი ლეიბოვიცს ეკუთვნის. ლოპერი დაკეტილი ცვილის მუზეუმის წინ ფეხშიშველი პოზირებს თვალისმომჭრელ ფერად კაბაში, რომელიც მან Screaming Mimi-ში შეიძინა – ნიუ-იორკის ვინტაჟურ მაღაზიაში, რომელშიც მომღერალი მუშაობდა, სანამ ხელს მუსიკალურ კარიერას მიჰყოფდა.
She’s So Unusual-ის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად Billboard-ი ალბომის ფოტოსესიიდან იშვიათ ფოტოებს აზიარებს. ყველა მათგანი ლეიბოვიცის გადაღებულია კონი-აილენდზე 1983 წელს.