ბავშვობამ აფხაზეთის ლამაზ სოფელში, ჩხორთოლოში გაიარა, რაც მეგრულიდან ქართულ თარგმანში „ცხრათვალას“ ნიშნავს. მისი მშობლები 5 შვილს – 4 ბიჭსა და 1 გოგოს ზრდიდნენ. მამა პროფესიით აგრონომი, ხოლო დედა დიასახლისი იყო. წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როცა კაცი ჩხორთოლოში მთავარ აგრონომად გაგზავნეს. 17 წლის გოგონა 10 წლით უფროსი კაცით მოიხიბლა, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახება გადაწყვიტეს. მანამდე კი ვრცელ წერილებში, შეყვარებული აგრონომი საყვარელ ქალს წერდა, „ედემის ბაღში გაგიცანი“… სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი ედემი ხვიჩია ვარაუდობს, რომ პირველ შვილს „ედემი“ სწორედ იმ სასიყვარულო ბარათებში ხშირად მოხსენებული, მიწიერი სამოთხის აღმნიშვნელი სიტყვის გამო უწოდეს…
ედემი ხვიჩია:
დედას ხელოვნება უყვარდა. მღეროდა, გიტარაზე უკრავდა, თვითნასწავლი იყო. ხალხური სიმღერა დედამ შემაყვარა და დღემდე ყველაზე ხშირად ამ ჟანრს ვუსმენ, თუმცა თავად არ ვმღერი. ჯერ ჩხორთოლოში ვსწავლობდი, ბოლოს სკოლა სოხუმში დავამთავრე, სადაც ბიძაჩემს მე და ჩემი ბიძაშვილი ყოველ კვირა 12-საათიან სპექტაკლებზე დავყავდით. დაწყებით კლასებში კი მე და ჩემი ძმა სოხუმის ინტერნატში მიგვიყვანეს, სადაც სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები გვქონდა და ეს დედას ძალიან ახარებდა. სოფელში კოტე სტურუას აშენებული კლუბი გვქონდა, რომელიც, როგორც მერე გავიგე, მამა-შვილი რობერტ სტურუების მიერ იყო არაჩვეულებრივად მოხატული. ზაფხულობით კლუბში ვინ არ ჩამოდიოდა: ვასო გოძიაშვილი, ელენე ყიფშიძე, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი… თუმცა, იმ პერიოდში მსახიობობაზე არ მიფიქრია, ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა. 1966 წელს მამაჩემმა მე და ჩემი უმცროსი ძმა ღამით ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად მეზობელთან წაგვიყვანა. მთელ სოფელში ერთადერთ პატარა ეკრანიან ტელევიზორში ვუყურეთ მატჩს. მოგვიანებით ტელევიზორი ჩვენს სახლშიც გაჩნდა, შედარებით დიდი ეკრანით, და აი, აქ დაიწყო ყველაფერი. ქართულ ფილმებს და ჩვენს ლამაზ, პირველ დიქტორებს რომ ვუყურებდი, დიქტორობის სურვილი მეც გამიჩნდა. მე და ჩემი ძმა ტექსტს ვწერდით და ვცდილობდით, პროგრამა გამოგვეცხადებინა. Ვთქვათ, დღეს, 10 საათზე, ეთერში „მაცი ხვიტია“ გადიოდა. დავდგებოდით და ვაცხადებდით. თან აფიშებს ვხატავდით, ჭიშკართან უზარმაზარ ხეზე ვაკრავდით და ამის შესახებ თანასოფლელებს ვატყობინებდით. სანამ ტელევიზორს სხვებიც შეიძენდნენ, საღამოობით ჩვენს სახლში ფილმის ნახვის ყველა მსურველი იკრიბებოდა და „მიდიოდა“ კინოსეანსი.
ბევრ დეტექტივს ვკითხულობდი, იურისტობა მინდოდა. საამისოდ კი სტაჟი იყო საჭირო, ამიტომ 2 წელი ჯარში ვიმსახურე – სამხედრო საზღვაო ფლოტში. ამავდროულად, დიქტორობა მიტაცებდა და, როგორც გავიგე, საამისოდ თეატრალური უნდა გქონოდა დამთავრებული. Სცენარებსა და ფელეტონების ვწერდი და თან სპექტაკლებს ვდგამდი. Ერთ მშვენიერ დღეს ჩვენთან სოფელში ბატონი გიორგი რატიანი ამობრძანდა და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ სოხუმიდან უნდა შექმნილიყო ჯგუფი, რომელსაც თეატრალურ ინსტიტუტში სასწავლებლად გაგზავნიდნენ. მაშინ უკვე 24 წლის ვიყავი, ამ ასაკში მსახიობები უკვე სცენაზე იდგნენ, მაგრამ მაინც წავედი. თურმე 24 წლის ზევით უკვე სტუდენტი ვეღარ გახდებოდი. მე და ნოდარ ფერცულიანმა ბოლო შანსი გამოვიყენეთ. 41 კაციდან 9 შეგვარჩიეს: გია ფარცვანია, კახა ძაძამია, მერაბ ბრეკაშვილი, ნოდარ ფერცულიანი, მე, მარინა სოლომონია, ლონდა კაცია, დარეჯან ჭაჭია და რიტა მაისაშვილი. ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი იყო „ბრალდება“. თეატრალურის დამთავრების შემდეგ კი მუშაობა სოხუმის თეატრში დავიწყეთ, სადაც იმ პერიოდში უკვე ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ქავთარაძე იყო. ყველამ თბილად მიგვიღო. 1985 წლის 1 აპრილი არასდროს დამავიწყდება. დასის წევრები სხვადასხვა სპექტაკლებში გადაგვანაწილეს, პირველი კატეგორიის მსახიობები გავხდით, ავიღეთ ხელფასი 150 მანეთი და ერთთვიან გასტროლზე წავედით…
ომი რომ დაიწყო, უკვე დაოჯახებული ვიყავი. 1992 წლის მაისის კადრებია, გულრიფშში პატარა გოგონა გემზე რომ აჰყავთ და მერე ქალი. ის გოგონა ჩემი შვილია, ქალი კი მეუღლე. მანამდე სამხედროებმა პირველი ჩემი ბიჭი აიყვანეს, მაგრამ ამის კადრები არ არის. იმ დროს მე ჩხორთოლოში ვიყავი, ჩემი ოჯახი – სოხუმში. გზა ჩაიკეტა და სოფელში ჩავრჩი. ჩემები ჯერ ფოთში ჩავიდნენ, მერე სენაკში. რამდენიმე დღე აზრზე არ ვიყავი, სად უნდა მეძებნა, არც ის ვიცოდი, იქაურობა ზღვით დატოვეს თუ მთების გავლით. მართალია, მთელი მსოფლიო ბავშვისა და ქალის გემზე აყვანის კადრებს გადმოსცემდა, მე არ მიყურებია, მაშინ სად მქონდა ამის თავი?! სენაკში ჩემ სიმამრს ნათესავები ჰყავდა და ვივარაუდე, რომ ჩემი ოჯახი შეიძლებოდა იქ ყოფილიყო. ჩავაკითხე, ძებნა-ძებნით მივაკვლიე და მართალი აღმოვჩნდი. ჩვენი შეხვედრა ემოციურად ძალიან მძიმე იყო…
სენაკში დავსახლდით. იქ სენაკის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ვახტანგ სალაყაიამ მუშაობა შემომთავაზა, ბევრი როლი მომცეს და იქ დაახლოებით 10 წელი გავატარეთ. ბავშვებიც იქვე იზრდებოდნენ, იმედი გვქონდა, რომ ხვალ-ზეგ სოხუმში დავბრუნდებოდით, მაგრამ… 2 წელი ქუთაისის თეატრშიც ვიმუშავე, მერე კი თბილისში წამოვედით. ჯერ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მივედი, შემდეგ კი სოხუმის დრამატულ თეატრში გადავინაცვლე. ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო საყვარელიძემ „ნავიგატორში“ დირექტორის როლზე დამაკავა, ახლაც არ ამცდა და მიმდინარე რეპერტუარში ზურაბ გეწაძის „მარტორქებშიც“ დირექტორს ვთამაშობ. ამაზე ვხუმრობთ ხოლმე…
საერთოდ, თეატრი ჭაობივითაა, როგორც მსახიობისთვის, ისე იქ მომუშავე ყველა თანამშრომლისთვის. მხოლოდ კარგი გაგებითაა ჭაობი, ამ შემთხვევაში შენს საქმეში, კოლეგებთან და მერე უკვე მათ შვილებთან თბილ ურთიერთობაში იძირები. დიდ პატივს ვცემ ჩემს ყველა იმ კოლეგას, რომლებსაც შვილი ომში გარდაცვლილი ჰყავდათ და სცენაზე დადგნენ. დაბოლოს, მინდა ყველა სოხუმის თეატრის მსახიობისა დათანამშრომლის სულს პატივი მივაგო, ვინც აფხაზეთის ომში დაიღუპა. ნათელში იყოს მათი სულები!