პოპულარულმა ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ სადებიუტო ალბომის Invasion of Privacy დამსახურებით კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) ინფორმაციით, სტუდიურ ნამუშევარში შესული ცამეტივე კომპოზიცია მინიმუმ ერთხელ გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი. ქარდი პირველი ქალი რეპერია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.
Invasion of Privacy შემსრულებელმა 2018 წელს ლეიბლზე Atlantic Records გამოსცა. ნამუშევარმა გრემის ჯილდო, სამმაგი პლატინის სტატუსი, Billboard 200-ში კი პირველი ადგილი დაიმსახურა. ქარდიმ გააუმჯობესა ბიონსეს რეკორდიც. ჩანაწერში შემავალი ყველა კომპოზიცია ერთდროულად მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში. ჟურნალმა ის ასევე 2010-იან წლებში ქალი რეპერის ყველაზე გაყიდვად ალბომად დაასახელა.
2021 წლის აპრილში ქარდიმ ალბომის სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით ტვიტერზე დაწერა:
Thank you everyone that’s been showing IOP love today .It feels like a birthday lols 😂.I get real sweet and bittersweet memories when I listen to the album, I faced many challenges thru the process and after but the outcome was beautiful and successful. Love you forever.
— Cardi B (@iamcardib) April 6, 2021
ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.