ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერი აღარ იქნება. ეს ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად გამოცემა TMZ-მ გაავრცელა, “ბილბორდს” წყარომ დაუდასტურა. თუმცა, თავად მუსიკოსს ან ღონისძიების ორგანიზატორებს განცხადება არ გამოუქვეყნებიათ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვესთის ფესტივალიდან მოხსნის მოთხოვნით Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორები მიზეზად ასახელებდნენ რეპერის საჯარო განცხადებებს ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანისა და მისი ამჟამინდელი შეყვარებულის, პიტ დევიდსონის მისამართით. პეტიციამ დღემდე 49 000 ხელმოწერა დააგროვა.
ჰიპ ჰოპ არტისტი პეტიციას არ გამოხმაურებია, თუმცა, დაიმუქრა, რომ ღონისძიებას გამოეთიშებოდა, თუ კიდევ ერთი ჰედლაინერი, ბილი აილიში ბოდიშს არ მოუხდიდა ტრევის სკოტს, რომელთან ერთადაც თავად გეგმავდა სცენაზე გამოსვლას. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბილიმ თავისი ერთ-ერთი შოუ იმიტომ შეაჩერა, რომ მახლობლად მდგარ თაყვანისმცემელს ინჰალატორი დასჭირდა. ეს ნაბიჯი კი ქანიემ ტრევისის მიმართ უპატივცემულობის ხაზგასმად მიიჩნია, რადგანაც 2021 წლის ნოემბერში Astroworld Festival-ზე სკოტის გამოსვლისას მომხდარი ჭყლეტისას ათი ადამიანი დაიღუპა. ტრევისს კი ტრაგედიის ასაცილებლად რეაგირება არ მოუხდენია.
აღსანიშნავია, რომ ქანიე ვესთი “კოაჩელას” ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო ბილი აილიშთან, ჰარი სტაილზთან და სუპერჯგუფ Swedish House Mafia-სთან ერთად. ღონისძიება 15-17 და 22-24 აპრილს ჩატარდება.
ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო და დღემდე 11 სტუდიური ალბომი გამოუშვა. 160 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰიპ ჰოპ არტისტად მიიჩნევა. ქანიე მეორე რეპერია ჯეი ზის შემდეგ, რომელმაც რეკორდული, 24 გრემის ჯილდოს მოპოვება შეძლო. ის აგრეთვე კომერციულად წარმატებული ბრენდის Yeezy დამაარსებელია.