დუეინ Keffe D დეივისი, რომელიც 1996 წელს თუფაქ შაკურის მკვლელობაშია ბრალდებული, ციხიდან განცხადებას ავრცელებს. დეივისი, რომელიც 2023 წლის სექტემბერში დააკავეს და მას შემდეგ ლას-ვეგასში, კლარკის ოლქის დაკავების ცენტრში იმყოფება, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ახლახან მან ABC News-ს დაკავების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.
„უდანაშაულო ვარ,“ – განაცხადა მან Good Morning America-ს ეთერში 6 მარტს. „ყველაფერი შევცვალე ჩემს ცხოვრებაში: ახალი მეგობრები შევიძინე, ნარკოტიკების გაყიდვა შევწყვიტე. ახლა გარეთ უნდა ვიყო, ჩემი შვილიშვილის ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშებს ვესწრებოდე და ცხოვრებით ვტკბებოდე.“
თუფაქის მკვლელობის საქმე 27 წლის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა, სანამ 2023 წელს დეივისი არ დააკავეს. დუეინ დეივისი Crips-ის ბანდის ყოფილი წევრია და პროკურორების აზრით, მკვლელობის ორგანიზატორი სწორედ ის იყო. მიუხედავად ამისა, დეივისი დარწმუნებულია, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.
„მე ეს არ ჩამიდენია. არავითარი მტკიცებულება არ აქვთ. მათ ეს თავადაც იციან. ვერც დაამტკიცებენ, რომ იმ დროს იქ ვიყავი. მათ არ აქვთ იარაღი, მანქანა – არაფერი,” – აღნიშნა ბრალდებულმა.
დეივისი ირწმუნება, რომ 2Pac-ის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილიდან ასობით მილით შორს იმყოფებოდა და ამბობს, რომ სასამართლოს წინაშე მისი ალიბის დასადასტურებლად „20 ან 30 ადამიანი” წარდგება.
წარსულში დეივისმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა 2Pac-ის მკვლელობასთან თავის სავარაუდო კავშირზე და 2019 წელს წიგნიც (Compton Street Legend) გამოაქვეყნა. თუმცა, გავრცელებული ცნობით, 2008 წელს ლოს-ანჯელესის საგამოძიებო ჯგუფთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, რაც მას იმუნიტეტს მიანიჭებდა და საქმეზე სამართლებრივი დევნისგან დაიცავდა.
ABC News-ის ცნობით, ერთი წლის შემდეგ დეივისმა ლას-ვეგასელ დეტექტივებთან კვლავ აღიარა თავისი სავარაუდო მონაწილეობა მკვლელობაში და პოლიციას არ ჰქონდა ვალდებულება, რომ მისი ძველი იმუნიტეტი დაეცვა. 2024 წლის იანვარში კლარკის ოლქის სასამართლომ დაადგინა, რომ დეივისს იმუნიტეტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მას რამდენჯერმე უარი უთხრეს გირაოზე.
თუფაქ შაკური 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში, მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაიჭრა. გამოძიების მიხედვით, დეივისმა მკვლელობა სხვა პირებთან ერთად MGM Grand-ის კაზინოში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაგეგმა.
დეივისი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს და პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. სასამართლო პროცესი 2026 წლის თებერვალში გაიმართება.