ცნობილი ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი, ფესტივალ Astroworld-ის ტრაგედიის შემდეგ, მუსიკალურ მოღვაწეობას უბრუნდება. სოციალურ ქსელ ტვიტერზე ბილბორდების ფოტოები გამოქვეყნდა, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, რეპერის მიერ დიდი ხნის წინ დაანონსებული რიგით მეოთხე ალბომის Utopia პრომოუშენის ფარგლებში დამონტაჟდა. მათზე წერია: “ეძებ უტოპიას?”, “არასწორი გზა”, “PSST…..”, მეოთხეზე კი ტრევის სკოტის ლეიბლის Cactus Jack ლოგოა გამოსახული.
გამოცემა Variety-ს ცნობით, ბილბორდები Coachella-ს საფესტივალო ტერიტორიისკენ მიმავალ გზაზეა განთავსებული. 2020 წელს დაანონსდა, რომ სკოტი ღონისძიების ერთ-ერთი ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ფესტივალ Astroworld-ზე ადამიანების გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნით მუსიკოსის გამოსვლა გაუქმდა.
Travis Scott UTOPIA billboards reported in California‼️👀 pic.twitter.com/Ag1OvZK3Yt
— RapTV (@Rap) April 10, 2022
2021 წლის ნოემბერში ტრევისის მიერ დაარსებულ ღონისძიებაზე, მისივე კონცერტის დროს, სცენის წინ მომხდარი ჭყლეტისას ასფიქსიით 9-დან 27 წლამდე ასაკის 10 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა. ღონისძიებაზე წესრიგის დაუცველობისა და უყურადღებობის გამო რეპერის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი სარჩელია შეტანილი. გამომძიებლები იკვლევენ, მიიღეს თუ არა სკოტმა, საპრომოუტერო კომპანია Live Nation-მა და სხვებმა ფესტივალის ჩატარებამდე შესაბამისი უსაფრთხოების ზომები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ტრევის სკოტმა საქველმოქმედო პროექტი HEAL წამოიწყო, რომელშიც 5 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. ამ ინიციატივის ფარგლებში სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლა, თანხის ნაწილი მოხმარდება ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფართომასშტაბიანი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხებს განიხილავს.
ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. ამას მოჰყვა ალბომები Rodeo და Birds in the Trap Sing McKnight. ბოლო მათგანის დამსახურებით შემსრულებელი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მისმა მესამე სტუდიურმა ჩანაწერმა Astroworld კრიტიკოსებისა და მსმენელისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ტრევისის ლეიბლზე გამოშვებულ კომპილაციურ ნამუშევარს Jackboys აგრეთვე ბილბორდის ჩარტის პირველობა ერგო. სკოტი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია.