პოპვარსკვლავი მადონა კალიფორნიაში, ჰიდენ ჰილსზე მდებარე 9-საძინებლიან ფეშენებელურ სახლს ყიდის, რომელიც 2021 წელს კანადელი მუსიკოსისგან, უიქენდისგან 19,3 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, 63 წლის მომღერალს პრესტიჟულ უბანში აშენებული საცხოვრებლის გაყიდვა $25,995 მილიონად სურს.
კერძო დაცვის მქონე 1,2 ჰექტარის ტერიტორიაზე განთავსებულია თავლა, სპორტული დარბაზი, კალათბურთის მოედანი, საცეკვაო სტუდია, აუზი და სტუმრებისთვის განკუთვნილი ორსაძინებლიანი ნაგებობა. სამანქანე გზის გარშემო კი ზეთისხილის ხეებია დარგული. თავად სახლი 1161 კვ.მ. ფართობისაა. მასში განლაგებულია 11 სველი წერტილი, მაღალი ფანჯრები, რომელიც მისაღებს გაუყვება, კინოთეატრი, მუსიკალური ლაუნჯი, დიდი ოთახი შიდა და გარე ბარით, აგრეთვე, გარე მისაღები სივრცე. შენობაში შვიდი საძინებელია, მათ შორის ორი გარდერობის ოთახებით, ორთქლის შხაპითა და ქვის აბაზანით.
უიქენდმა სახლი 2017 წელს 18,2 მილიონ დოლარად შეიძინა და ოთხი წლის განმავლობაში ფლობდა. თავდაპირველად მან გაყიდვა 2020 წელს 25 მილიონად მოინდომა, შემდეგ კი ფასი დააკლო.
შვიდი გრემისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქალი მუსიკოსია. მრავალი ჰიტის ავტორი დღესაც თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. მომღერლის 50 კომპოზიცია ბილბორდის Dance Club Songs-ის ჩარტის სათავეშია მოხვედრილი, შედეგად ის ერთადერთი არტისტია, რომელმაც ამ რაოდენობის ნამუშევრით რომელიმე ჩარტში პირველი ადგილის დაკავება შეძლო. ამასთან, მადონა ერთადერთი ქალი მუსიკოსია, რომლის 38 სიმღერაც Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა.