ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კეიტ ჰადსონი მუსიკალურ ალბომზე მუშაობს. ამის შესახებ მან საზოგადოებას ინსტაგრამის საშუალებით შეატყობინა.
“როგორც იქნა, მოვიდა დრო, ვთქვა – ამის დედაც და ვიმღერო. ალბომი გვიახლოვდება”, – დაწერა 43 წლის ჰადსონმა სოციალურ ქსელში. დამატებითი დეტალები მას არ გაუმჟღავნებია.
აღსანიშნავია, რომ კეიტ ჰადსონი მიმდინარე წლის იანვარში ჯიმი ფელონის შოუს ესტუმრა, სადაც არიანა გრანდეს 2019 წლის ჰიტის 7 Rings ალტერნატიული ვერსია შეასრულა.
კეიტ ჰადსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. მისი დებიუტი 1998 წელს გამოსულ ფილმში Desert Blue შედგა. 2000 წელს კინონამუშევარში Almost Famous მონაწილეობამ მას ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია მოუტანა. მაყურებელი მსახიობს მრავალი სხვა ფილმით, მათ შორის სურათებით: How to Lose a Guy in 10 Days, Fool’s Gold, Mother’s day იცნობს.