როგორც ჩანს, პოპის დედოფალი ჰარი სტაილსის ახალი სინგლით Aperture ნამდვილად აღფრთოვანებულია.
Madonna-მ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სთორი წარწერით: „მიყვარს შენი ახალი სიმღერა, ჰარი!!!!“ პოსტი დატანილი იყო თავად ჰარი სტაილსის ციტატაზე, სადაც One Direction-ის ყოფილი წევრი აღნიშნავდა:
„მუშაობის პროცესში დისკო-მუსიკაში ვიყავი ჩაფლული. ბევრს ვუსმენდი სილვესტერს, Bee Gees-ს და Madonna-ს. განსაკუთრებით Confessions on a Dance Floor-ის ენერგეტიკას. ახლა კი Madonna ამ ალბომის გაგრძელებაზე მუშაობს, რაც ოდნავ უსამართლოდაც კი მეჩვენება. როგორ უნდა აკეთო დისკო Madonna-ს შემდეგ?“
Madonna-მ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სტაილსის მომავალი ალბომის – Kiss All the Time. Disco, Occasionally-ს გარეკანი ჩანს, წარწერით: „განუწყვეტლივ ვუსმენ”
Aperture-ის დებიუტი 22 იანვარს შედგა, რასაც სიმღერის კლიპიც მოჰყვა, სრული ალბომი კი მარტში გამოვა. მისი პროდიუსერი ჰარი სტაილსის დიდი ხნის თანამშრომელი Kid Harpoon-ია.
Sirius XM-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც ჰარი სტაილსს მასპინძლობას ჯონ მაიერი უწევს, მომღერალმა მეოთხე სტუდიური ალბომის შესახებ ისაუბრა: „დემო ვერსიებს მეგობრებთან ერთად ვუსმენდი და უცებ აშკარა გახდა, ეს ისეთი მუსიკაა, რომელსაც ხმამაღლა უნდა მოუსმინო. სწორედ მაშინ გრძნობ თავს საუკეთესოდ.”
ჰარი სტაილსმა 2026 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო: ის გრემის 68-ე დაჯილდოებაზე წარმდგენის სტატუსით გამოვა, Brit Awards-ზე კი პერფორმანსით წარდგება. გარდა ამისა, ახლად დაანონსებული ტურნეს, Together Together-ის ფარგლებში, სტაილსი ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე რეკორდს მოხსნის: ჰარი ერთ წელიწადში ამ ლეგენდარულ არენაზე 12 კონცერტს გამართავს, რითაც ჯგუფ Coldplay-ს რეკორდს (10 კონცერტი) გააუმჯობესებს.
რაც შეეხება თავად Madonna-ს, 2025 წელი მისთვისაც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. მომღერალმა გამოსცა კრებულები: Bedtime Stories – The Untold Chapter (1994 წლის ალბომის რემიქსებისა და გამოუქვეყნებელი ჩანაწერების ნაკრები), Confessions on a Dance Floor (Twenty Years Edition) და Veronica Electronica.