ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ ინსტაგრამზე ვიდეოსთან ერთად თავისი ახალი სინგლის Hold My Hand ნაწყვეტი გაავრცელა. სიმღერა ფილმისთვის Top Gun: Maverick დაიწერა. შავ-თეთრ კადრებში გაგა ვერტმფრენთან ზის, რომელსაც კორპუსზე შემსრულებლის ფსევდონიმის ინიციალები LG აწერია. მონაკვეთში დრამისა და ვიოლინოს ფონზე ლედი გაგა მღერის “ბოლომდე არ მოვეშვები”.
კლიპი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ გაგა კინოსურათისთვის კომპოზიციას წერდა. მოგვიანებით არტისტმა განაცხადა, რომ ამ სიმღერას დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა და ელოდა, თაყვანისმცემლები როდის მოისმენდნენ მას.
13 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა. მისი ხუთი სტუდიური ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.