თბილისი ივნისში საერთაშორისო თეატრალური და კინოხელოვნების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას მასპინძლობს. CloseUp Tbilisi-ს ინიციატივით, 12, 13 და 14 ივნისს დედაქალაქს იტალიაში მოღვაწე ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, სცენარისტი და თეატრალური პედაგოგი ტიმ დეიში ეწვევა, რომელიც სამდღიან სემინარ-ვორქშოპს გაუძღვება.
იტალიაში მოღვაწე ბრიტანელი ხელოვანის, ტიმ დეიშის შემოქმედებითი ბიოგრაფია თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სფეროში მრავალწლიან მოღვაწეობას აერთიანებს. მისი პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბის პროექტებსა და მსოფლიო კინოსა და სცენის არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან: მონიკა ბელუჩი, ვუპი გოლდბერგი, ტონი
კოლეტი, ენდი მაკდაუელი და სხვები. წლების განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული როგორც შემოქმედებით, ისე საგანმანათლებლო საქმიანობაში, ხოლო პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები ჩატარებული აქვს დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
პროექტი გათვლილია როგორც პროფესიონალ მსახიობებზე, რეჟისორებსა და სცენარისტებზე, ასევე სტუდენტებსა და ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულ პირებზე. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას, მოისმინონ წარმატებული კარიერის გამოცდილება და ჩაერთონ შემოქმედებით პროცესში, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებასა და ახალი იდეების გაცვლას შეუწყობს ხელს.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებს დაეთმობა, სადაც მონაწილეები შეძლებენ თანამედროვე თეატრისა და კინოს ინდუსტრიაში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელონ. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ადგილობრივი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა შემოქმედებისთვის საერთაშორისო კავშირების გაფართოების და ახალი პროფესიული პერსპექტივების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.
სემინარისა და ვორქშოპის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების, განრიგისა და დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ღონისძიების ბმულს.
მისამართი: სიონის 8, ბამბის რიგი (ქარვასლა და ARTERIA)