პოპვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა, მუცლის მოშლის შემდეგ, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერალ ბიონსეს 2008 წლის ჰიტზე Halo ცეკვავს.
სპირსმა და მისმა შეყვარებულმა, სემ ასგარიმ ბავშვის დაკარგვის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინეს.
28 წლის პერსონალურმა მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა გამომწერებს, რომლებმაც მას მიუსამძიმრეს და იმედი გამოთქვა, რომ ბრიტნისთან ერთად ოჯახს შექმნის.
“თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად ვიგრძენით. გვსურს, ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ. ძალიან რთულია, მაგრამ მარტო არ ვართ. ჩვენი ოჯახი აუცილებლად გამრავლდება”, – აღნიშნა სემმა.
ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.