ჰარი სტაილსმა თავის ყოფილ თანაბენდელებთან, One Direction-ის წევრებთან ერთად არაერთხელ დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდები. ახლახან კი, სტაილსმა ამ აღიარებას თავის სოლო კარიერაშიც კიდევ ერთხელ მიაღწია. გინესის გუნდმა ლონდონის უემბლის სტადიონზე მისი კონცერტების სერია უნიკალური ტიტულით აღიარა.
„ჰარი სტაილსის ტურნემ – Together, Together მუსიკის ისტორია დაწერა – მან მოიპოვა გინესის მსოფლიო რეკორდების ახალი ტიტული უემბლის სტადიონზე მუსიკოსის მიერ ერთი ტურნეს ფარგლებში გამართული ყველაზე ხანგრძლივი რეზიდენციისთვის,” – ნათქვამია მსოფლიო რეკორდების მარეგისტრირებელი ორგანიზაციის განცხადებაში.
ამით დადასტურდა, რომ სტაილსმა აჯობა წინა რეკორდსმენებს: ჯგუფ Coldplay-ს, რომელმაც 2025 წელს 10 შოუ გამართა და ტეილორ სვიფტს, რომელიც უემბლის სტადიონზე 2024 წელს 8-ჯერ წარდგა მსმენელის წინაშე. სტაილსის რეზიდენცია 12 საღამოს მოიცავდა. კონცერტების სერია მომღერლის მეოთხე ალბომის, Kiss All the Time. Disco, Occasionally-ის მხარდასაჭერად გაიმართა. შოუების სერიამ სტარტი 12 ივნისს აიღო. თავდაპირველად ექვსკონცერტიანი სერია იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი მოთხოვნის გამო შოუების რაოდენობა გაიზარდა.
„უემბლის სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ცოცხალი მუსიკის სივრცეა, ამიტომაც ერთი ტურნეს ფარგლებში მუსიკოსის მიერ ყველაზე ხანგრძლივი რეზიდენციის მოწყობა აღსანიშნავი მიღწევაა,” – განაცხადა გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურმა მსაჯმა, ვილ მუნფორდმა. „ჰარი სტაილსის რეკორდული 12-დღიანი სერია მისი ცოცხალი გამოსვლების მასშტაბის და კულტურული გავლენის დასტურია. ასევე აღსანიშნავია მისი გამორჩეული კავშირი თაყვანისმცემლებთან. ასევე შესანიშნავია იმის ნახვა, რომ ჰარი და მისი გუნდი ასე აფასებენ ტურნეს მთელ შემადგენლობას და აღნიშნავენ იმ უზარმაზარ შრომას, რაც ასეთი რეკორდული სერიის ჩატარებას სჭირდება.”
ოფიციალური ვერიფიკაციის შემდეგ, მუნფორდმა სერტიფიკატი უემბლის სცენაზე პირადად გადასცა სტაილსსა და მის საგასტროლო გუნდს. ამასთან, თავად მომღერლის გუნდის ორგანიზებით, ოფიციალური სერტიფიკატები გადაეცემა საგასტროლო ჯგუფის უფრო დიდ წრესაც, რითაც სტაილსი მათ რეკორდში შეტანილი წვლილის გამო უხდის მადლობას.
ტიტულის ოფიციალურ აღწერაში წერია: „ერთი ტურნეს ფარგლებში მუსიკოსის მიერ უემბლის სტადიონზე გამართული ყველაზე ხანგრძლივი რეზიდენცია მოიცავს 12 შოუს და ეს შედეგი დააფიქსირა ჰარი სტაილსმა (დიდი ბრიტანეთი) ლონდონის უემბლის სტადიონზე, დიდ ბრიტანეთში, 2026 წლის 4 ივლისს“.
სტაილსის წინა სოლო გინესის რეკორდებს შორისაა სერტიფიკატი მისი 2022 წლის ალბომის, Harry’s House-ის სინგლისთვის – As It Was, რომელმაც გამოცემის წელს ყველა ციფრულ პლატფორმაზე 2.28 მილიარდი გლობალური სტრიმინგის ეკვივალენტი ერთეული დააგროვა.
რაც შეეხება 4 ივლისის შოუს, საღამო ძალიან ემოციური და მხიარული აღმოჩნდა. სცენაზე ჰარის უფროსი და, ჯემა ავიდა, რათა ძმისთვის ეს მიღწევა მიელოცა და შეექო იმ წარმატებებისთვის, რომელიც მან თავისი მუსიკით მოიპოვა. „წარმოუდგენელია იმ საოცარი ადამიანების ნახვა, რომლებიც შენს გარშემო არიან. მადლობა ყველას, ვინც შენთან ერთად იყო ამ ბოლო 12 საღამოს და ბოლო 16 წლის განმავლობაში. ძალიან ვამაყობ შენით, ვამაყობ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი რამ შეძელი, რასაც სხვა ვერავინ აკეთებს, არამედ ვამაყობ იმით, თუ ვინ ხარ შენ და როგორ აძლევ სხვებს საშუალებას, იყვნენ ისინი, ვინც არიან. ვამაყობ ამდენ ადამიანზე შენი გავლენით. განსაკუთრებით გაუმართლათ მათ, ვისაც წილად ხვდა პატივი, რეალურ ცხოვრებაში უყვარდე. ეს მართლაც უდიდესი პრივილეგიაა,” – თქვა სტაილსის დამ.
ორშაბათ დილას სტაილსის მიერ მსოფლიო რეკორდის დამყარებას უემბლიც გამოეხმაურა. ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ერთწუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ჰარის თორმეტ შოუს ეძღვნება. ვიდეოში ფონად ისმის სიმღერა Sweet Creature, რომელიც შესულია სტაილსის 2017 წლის სადებიუტო ალბომში. ვიდეოში ნაჩვენებია კადრები, თუ როგორ დგებიან თაყვანისმცემლები რიგში, როგორ ამზადებენ პლაკატებს, მღერიან, ცეკვავენ და სტადიონზე აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
32 წლის სტაილსი ტურნეს 17 ივლისს ბრაზილიაში განაახლებს. მას სან-პაულუში, Estadio Morumbis-ზე ოთხი შოუ აქვს დაგეგმილი. ამას მოჰყვება ექვსი საღამო მეხიკოში და 30 შოუსგან შემდგარი რეზიდენცია ნიუ-იორკის Madison Square Garden-ში, რომელიც 26 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.