7 ივლისს U2 კლასიკური სინგლით ტრიუმფალურად დაბრუნდა. კომპოზიციას თან ახლავს კლიპი, რომელიც ჯგუფის 1980-იანი წლების მიწურულისა და 1990-იანი წლების დასაწყისის შემოქმედებით ეპოქას აცოცხლებს. Street of Dreams ყოველგვარი წინასწარი ანონსის გარეშე გამოვიდა.
ეს იქნება პირველი სინგლი როკ-ლეგენდების მომავალი სტუდიური ალბომიდან, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი ჯგუფისთვის პირველი სრულფორმატიანი სტუდიური LP იქნება, 2017 წელს გამოცემული Songs of Experience-ის შემდეგ.
როგორც ყოველთვის, კომპოზიციის მთავარი საყრდენი Bono-ს შთამაგონებელი ვოკალი და ტექსტია, რომელსაც გიტარისტ ეჯის (The Edge) საფირმო შტრიხით გაჯერებული ჟღერადობა ერთვის. კლიპი Bono-ს მიერ ბენდის წევრების წარდგენით იწყება, მათ შორის არის დრამერი ლარი მალენ უმცროსიც (Larry Mullen Jr.). აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ჯგუფის აქტიურ საშემსრულებლო შემადგენლობას მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებითი პაუზა აიღო. მან კისრის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც U2-ის 2023-2024 წლებში ლას-ვეგასში, Sphere-ში გამართული კონცერტების სერია გამოტოვა.
U2-ის ინფორმაციით, ვიდეო 2026 წლის მაისში გადაიღეს, როდესაც ჯგუფი მეხიკოში Street Child World Cup Finals Tournament-ის ფარგლებში იმყოფებოდა. გადაღებებს, უამინდობის მიუხედავად, ასობით გულშემატკივარი ესწრებოდა.
ვიდეოს გადაღებისას, ძლიერი ჭექა-ქუხილისა და წვიმის გამო, ელექტროგენერატორი მწყობრიდან გამოვიდა. ამის შემდეგ, მექსიკელ-ამერიკელი რეჟისორების (Cliqua-ს – პასკუალ გუტიერესი და რაულ RJ სანჩესის) ხელმძღვანელობით, ჯგუფმა გადაღება ადგილობრივი ოჯახის აივანზე განაგრძო.
ვიდეოში ბენდი ავტობუსის სახურავზე ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება, შემდეგ კი სიმღერას მოედანზე ასრულებს. საბოლოოდ, როდესაც წვიმა ძლიერდება, გადაღება საცხოვრებელი სახლის აივანზე ინაცვლებს. ვიდეორგოლი სრულდება სცენით, სადაც საწვიმრებში გამოწყობილი გულშემატკივრები ჯგუფის სახელს ყვირიან – U2! U2!, ხოლო ეკრანზე ჩნდება წარწერა: Gracias a la gente de México „მადლობა მექსიკელ ხალხს“.
Street of Dreams U2-ის ჯერ კიდევ უსათაურო ახალ ალბომში შევა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. ალბომის პროდიუსერი ჯგუფის მრავალწლიანი თანამშრომელი ჯეკნაიფ ლია (Jackknife Lee). ახალი ნამუშევარი აპრილში მოულოდნელად გამოცემული ექვსტრეკიანი EP-ის, Easter Lily-ს ერთგვარი გაგრძელებაა, რომელსაც, თავის მხრივ, წინ უძღოდა თებერვალში გამოშვებული მინი ალბომი Days of Ash.
როგორც მუსიკალური კრიტიკოსები აღნიშნავენ, Street of Dreams-ის ტექსტი, ჟღერადობა და ვიზუალური ესთეტიკა აშკარა პარალელებს ავლებს U2-ის საკულტო ალბომებთან, 1987 წლის The Joshua Tree და 1988 წლის Rattle and Hum-თან.
U2-ის ვოკალისტმა ტრადიციულ ჟღერადობასთან დაბრუნებაზე მინიშნება ჯერ კიდევ მინი-ალბომის, Easter Lily-ს რელიზის დროს გააკეთა. Bono-მ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ბენდი ჯერ კიდევ მუშაობს ხმაურიანი, ქაოსური და წარმოუდგენლად ფერადი ალბომის შექმნაზე, რომელიც ცოცხლად უნდა შესრულდეს… რადგან სწორედ ლაივ-სცენაზეა U2-ის ნამდვილი სიცოცხლე. ჩვენ კვლავ გვჯერა ენერგიული როკ-ენ-როლის, როგორც წინააღმდეგობის ფორმის იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ყოველდღიურად ჩვენი პატარა ეკრანებიდან ვუყურებთ,“ – განაცხადა Bono-მ.
ჯერჯერობით ჯგუფის ახალი ტურნეს შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და დამატებითი საკონცერტო თარიღებიც არ დაანონსებულა.
ნახეთ U2-ის ახალი სიმღერის Street of Dreams ოფიციალური ვიდეორგოლი: