Imany  – რწმენა, მუსიკალური სიღრმე და უნიკალური ჟღერადობის ისტორია

არტისტი Flitz Collective-ის ორგანიზებით საქართველოს 11 სექტემბერს ეწვევა და ლაივ პერფორმანსს ფექტორი თბილისში გამართავს.
IMANY - Flitz Experience
IMANY – Flitz Experience

ფრანგი პოპ-სოულ შემსრულებელი Imany, რომლის ნამდვილი სახელიცაა ნადია მლაჯაო, 1979 წლის 5 აპრილს, საფრანგეთის სამხრეთში, მარსელის მახლობლად მდებარე ქალაქ მარტიგში დაიბადა. 

არტისტის სასცენო სახელი Imany „რწმენას“ ნიშნავს და არაბული სიტყვიდან „იმან“ მომდინარეობს. ეს სახელწოდება სიმბოლურად არტისტის ცხოვრებისეულ გზასაც ეხმიანება, რომელიც სირთულეების გადალახვას, შინაგან სიმტკიცესა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას უკავშირდება.

მუსიკალურ კარიერამდე მისასვლელი გზა Imany-სთვის პირდაპირი არ ყოფილა. ახალგაზრდობაში იგი სპორტით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი მისი კარიერა სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდა. Imany პარიზის მეტროში სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შენიშნა, შემდეგ კი მან  Ford Models Europe-თან კონტრაქტი გააფორმა და შვიდი წელი აშშ-ში, ძირითადად ნიუ-იორკში გაატარა. 

მიუხედავად სამოდელო სფეროში წარმატებისა, ნადიას ყოველთვის სურდა, მუსიკალური კარიერა აეწყო. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში საკუთარი ხმის რცხვენოდა კიდეც,  თუმცა, ნიუ-იორკში ყოფნისას, თავისუფალ დროს იგი გამუდმებით წერდა ტექსტებსა და მუსიკას. 

Imany

2008 წელს Imany-მ მუსიკალური კარიერა პროფესიულად დაიწყო. თავდაპირველად ის პარიზის პატარა კლუბებსა და მუსიკალურ სივრცეებში გამოდიოდა, მათ შორის Beau Lounge-ში, Réservoir-ში, Bellevilloise-სა და China Club-ში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო იმ მუსიკალური სტილის ჩამოყალიბება, რომელიც მოგვიანებით მის სავიზიტო ბარათად იქცა: ძლიერი, ხავერდოვანი ვოკალი, აკუსტიკური ჟღერადობა და სოულის, ფოლკისა და პოპის ერთმანეთთან შერწყმა. 2011 წელს Imany-მ სადებიუტო ალბომი The Shape of a Broken Heart გამოსცა, ალბომის დასახელება მის ნახატს უკავშირდება, რომელიც მან დახუჭული თვალებით დახატა. 12 სიმღერისგან შემდგარმა ინგლისურენოვანმა  ალბომმა დიდი წარმატება მოიპოვა, საფრანგეთსა და საბერძნეთში პლატინის სტატუსი, პოლონეთში კი სამმაგი პლატინის სტატუსი მიიღო.

Imany-ს მუსიკაში თავიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პირად ისტორიებს, ემოციურ გამოცდილებას, შინაგან წინააღმდეგობებსა და საკუთარი თავის პოვნას. მისი სიმღერების ტექსტებში ხშირად იკვეთება გამძლეობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის თემები. თავად არტისტი სიმღერების შექმნას ხშირად ამბის თხრობას უკავშირებს, მისთვის მუსიკა მხოლოდ მელოდია კი არა,  საკუთარი გამოცდილებისა და სათქმელის გადმოცემის საშუალებაა.

Imany-ს კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად იქცა 2014 წელი, როდესაც მან ფრანგი რეჟისორის, ოდრი დანას ფილმის French Women საუნდტრეკზე იმუშავა.

თუმცა საერთაშორისო პოპულარობა სიმღერამ Don’t Be So Shy მოუტანა. თავდაპირველი ვერსიის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2016 წელს,  Filatov & Karas-ის მიერ შექმნილმა რემიქსმა კომპოზიცია ევროპულ ჰიტად აქცია. სიმღერამ ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და რუსეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა და Imany-ს სახელი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო.

მუსიკალური წარმატების პარალელურად არტისტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სოციალური თემებიც. მისი საჯარო საქმიანობა ხშირად უკავშირდება ქალთა უფლებების დაცვასა და  გენდერულ თანასწორობას. ის ასევე თანამშრომლობდა ENDOmind-თან, ორგანიზაციასთან, რომელიც  ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს.

ეს თემები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მის უახლეს ნამუშევრებში. 2025 წელს Imany-მ მესამე სტუდიური ალბომი Women Deserve Rage გამოსცა, რომელშიც ფემინისტური პერსპექტივიდან იკვლევს ქალთა გაძლიერებასა და თვითდამკვიდრების თემებს. ალბომი 2025 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა და 16 კომპოზიციას აერთიანებს.

Imany-ს საქართველოსთან განსაკუთრებული ისტორია აკავშირებს. 2023 წელს არტისტი Tbilisi Open Air-ის  ფესტივალის ფარგლებში წარდგა ქართველი აუდიტორიის წინაშე. კონცერტის დროს არტისტმა ემოციურად გაიხსენა, რომ ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტი არ ყოფილა, თითქმის 20 წლის წინ იგი საქართველოს მოდელის ამპლუაში ეწვია:

„აქ პირველად დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოვედი. მაშინ მოდელად ვმუშაობდი. თქვენსავით ახალგაზრდა ვიყავი – მოდელი, რომელიც ყოველდღე ოცნებობდა მომღერლობაზე. და 20 წლის შემდეგ მე აქ დავბრუნდი, როგორც მომღერალი. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი ოცნების ნაწილი იყავით.” – აღნიშნა მაშინ Imany-მ.

11 სექტემბერს, Flitz Collective-ის ფარგლებში, Imany „ფაქტორი თბილისში“ კონცერტს გამართავს, სადაც ქართველი მსმენელი კვლავ შეძლებს მისი გამორჩეული ხმის, ცნობილი კომპოზიციებისა და იმ მუსიკალური სტილის ცოცხლად მოსმენას, რომელმაც მომღერალი საერთაშორისო სცენის ერთ-ერთ ცნობილ ფიგურად აქცია.

Imany-ს მრავალფეროვანი მუსიკალური კარიერიდან სამ  გამორჩეულ კომპოზიციას გთავაზობთ. ნამუშევრებს, რომლებიც არტისტის ინდივიდუალიზმსა და მუსიკალურ ხედვას სიღრმისეულად ასახავს:

You Will Never Know –  Imany-ს სადებიუტო პერიოდის გამორჩეული კომპოზიცია, რომელიც მალევე იქცა არტისტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად.

Don’t Be So Shy  –  სიმღერა, რომელმაც Imany-ს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და მოგვიანებით რემიქსის სახით მსოფლიო ჩარტებში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ  და გლობალურ ჰიტად იქცა.

The Good, the Bad & the Crazy –  კიდევ ერთი გამორჩეული კომპოზიცია მისი სადებიუტო ალბომიდან. სიმღერა განსაკუთრებით კარგად აერთიანებს Imany-სთვის დამახასიათებელ სოულის, ბლუზისა და ფოლკის ჟღერადობას და მის მუსიკალურ სტილს მკაფიოდ წარმოაჩენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai მსოფლიოს ჩემპიონატიდან ერთი თვის შემდეგაც ჩარტების ლიდერია

შემდეგი სტატია

2026 წლის ალბომების კალენდარი

შეიძლება დაგაინტერესოთ