ოლივია დინის შემოქმედებით მიღწევებს შორის Billboard Hot 100-ის საუკეთესო ხუთეულში შესული ორი ჰიტი და დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი No. 1 სიმღერაა, თუმცა მუსიკოსის მიზანი ჩარტების დაპყრობა სულაც არ ყოფილა.
26 აგვისტოს გრემის მფლობელი მომღერალი The Wall Street Journal-ის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც თავის კარიერასა და პერფექციონიზმზე ისაუბრა – მიზეზებზე, რის გამოც Man I Need-ის გამოცემა კინაღამ გადაიფიქრა.
„პოპმუსიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება მქონდა – თითქოს პოპმუსიკის შექმნის სურვილი სათაკილო იყო,“ – იხსენებს დინი.
საბოლოოდ არტისტმა ეს განცდა დაძლია და Man I Need სინგლის სახით 2025 წლის აგვისტოში გამოუშვა. სიმღერა ალბომის – The Art of Loving-ის რელიზამდე ერთი თვით ადრე გამოიცა.
Man I Need იანვრის ბოლოს Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-2 პოზიციამდე დაწინაურდა. ალბომმა The Art of Loving კი Billboard 200-ში მე-3 პოზიციას მიაღწია, ხოლო მისმა კიდევ ერთმა სინგლმა – So Easy (To Fall in Love) – Hot 100-ის მე-5 ადგილი დაიკავა.
დინისა და სემ ფენდერის კოლაბორაციამ, სახელწოდებით Rein Me In, ამ კვირის Hot 100-ის ჩარტში 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. სიმღერა ინარჩუნებს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ჩარტის პირველი ადგილის ყველაზე ხანგრძლივად მფლობელი სინგლის სტატუსს და სათავეში უკვე 22-ე კვირას ატარებს.
ოლივია დინი ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეშია, რომელსაც 28-29 აგვისტოს ოსტინში დაგეგმილი კონცერტებით დაასრულებს.