17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ს მულტიფუნქციური სივრცე თბილისში პირველ Tbilisi Hip-Hop Festival-ს უმასპინძლებს. ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა ფორმას – მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას გააერთიანებს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ შემსრულებლებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან:
Talib Kweli – არტისტი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სოციალური ჰიპ-ჰოპის მთავარ ფიგურად მიიჩნევა. ის ცნობილია Mos Def-თან საკულტო პროექტით, სახელწოდებით Black Star.
FLOHIO – სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი, რომელიც გრაიმს, რეპსა და ელექტრონულ მუსიკას ერთ ჟღერადობად გარდაქმნის.
საერთაშორისო ჰედლაინერებთან ერთად, მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული არტისტები: TAHA, Kay G, Mush One.
მუსიკალურ პერფორმანსებთან ერთად დაგეგმილია აქტივობები და შოუქეისებიც.
Tbilisi Hip-Hop Festival-ის შესახებ Billboard Georgia ფესტივალის თანადამფუძნებელს, ჯაბა შავიშვილს ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, Tbilisi Hip-Hop Festival წლობით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების მატერიალიზაციაა, რომლის მიხედვითაც ქართულ სცენას საკუთარი ინსტიტუციური პლატფორმა სჭირდება:
„90-იანების თბილისში, უშუქობის, ქაოსისა და ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, ჩვენთვის ჰიპ-ჰოპი არ ყოფილა უბრალოდ მუსიკა – ის იყო სრულიად სხვა სამყაროს აღმოჩენა. დაბალი ხარისხის, გადაწერილი კასეტებით, გაცვლილი CD-ებითა და MTV-ის ფრაგმენტებით ჩვენ თვალწინ უზარმაზარი კულტურა გადაიშალა. მაშინ ენა კარგად არ გვესმოდა, სიტყვების მნიშვნელობა ბოლომდე არ ვიცოდით, მაგრამ გრუვმა, რიტმმა და იმ პირველყოფილმა ენერგიამ თავისი გააკეთა – ყველანი უკლებლივ ამ მუსიკისკენ წაგვიყვანა. ასე გაიხსნა ჩვენთვის აფროამერიკული მემკვიდრეობა: ჯაზის, სოულისა და ფანკის სემპლები, პროტესტი და შინაგანი ძალა, რომლითაც ადამიანები საკუთარ იდენტობას იცავდნენ. ამ კულტურამ მაშინ მთელი თაობა მოაჯადოვა და ჩვენთვის თავისუფლების მთავარ ენად იქცა.
Tbilisi Hip-Hop Festival-ის იდეა არ გაჩენილა ერთ დღეში და არც გარედან დაკვირვების შედეგია – ეს არის წლების განმავლობაში ჰიპ-ჰოპის საფუძვლიანი მოსმენის, მისი ისტორიისა და ფესვების უწყვეტი კვლევის და ამ კულტურისადმი პირადი, ორგანული სიყვარულის ლოგიკური შედეგი. რაც უფრო ღრმად შევდიოდით ამ მუსიკაში – ვინილის დიგინგიდან და ჯაზის და სოულის სემპლებიდან დაწყებული, ურბანული პოეზიისა და სოციალური პროტესტის ანალიზით დასრულებული – მით უფრო ნათელი ხდებოდა ერთი რამ: ჰიპ-ჰოპი არ არის რომელიმე სხვა ფესტივალის „გვერდითი სცენა“ ან საკლუბო ღამის დროებითი ჩანართი. ეს არის თვითმყოფადი, მასშტაბური კულტურა, რომელსაც სჭირდება საკუთარი, ავტონომიური სივრცე – სახლი, სადაც მისი ყველა ელემენტი სრულფასოვნად გაიშლება და სადაც ეს საზოგადოება თავს მასპინძლად იგრძნობს.“
პროექტის მიღმა დგას გუნდი, რომლისთვისაც ეს ფესტივალი მუსიკალურ ინდუსტრიასთან მრავალწლიანი პროფესიული კავშირის ბუნებრივი გაგრძელებაა. მათი გამოცდილება მსხვილი ფესტივალებისა და ფროდაქშენის მართვას, საერთაშორისო არტისტ-მენეჯმენტსა და ბუქინგს, სტრატეგიულ მარკეტინგს, მუსიკალურ ჟურნალისტიკასა და ჰიპ-ჰოპის კულტურის კვლევას აერთიანებს.
Tbilisi Hip-Hop Festival-ის მთავარი ფილოსოფიაა Celebrating Hip-Hop Culture, რომელიც ჟანრს მხოლოდ მუსიკალურ შოუდ არ აღქვამს. ფესტივალის კონცეფცია ჰიპ-ჰოპის ხუთ ფუნდამენტურ ელემენტს ეფუძნება: MCing – თხრობა და რითმა, DJing – რიტმი და არქივაცია, Breaking – სხეულის ენა და ცეკვა, Graffiti – ქალაქის სივრცის აღქმა, Knowledge – ცნობიერება, ისტორია და საკუთარი ფესვების ცოდნა.
პროექტის შინაარსობრივ ბირთვს წარმოადგენს ვინილის კულტურა, სემპლინგი და ე.წ. დიგინგი (Digging) — იშვიათი ფირფიტების, მივიწყებული ჯაზისა და სოულის ბითების ძიების ხელოვნება. ორგანიზატორების ხედვით, ეს არის შეხსენება, რომ ჰიპ-ჰოპი ცოცხალ, ფიზიკურ არქივებზე დგას და არა მხოლოდ ციფრულ ფაილებზე.
ფესტივალის სტრატეგია მხოლოდ ჰიპ-ჰოპის ჟანრით არ შემოიფარგლება. მის ბაზაზე ეტაპობრივად გაიშლება აფროამერიკული მუსიკის სპექტრი – ჯაზი, ფანკი, სოული, ნეო-სოული და ბითმეიკინგ კულტურა, რაც გაფართოებული ვორქშოფებით, ლექციებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით დაიტვირთება.
სწორედ ამ მრავალმხრივი კონცეფციიდან გამომდინარე, ფესტივალის პროგრამა შუადღის 12:00 საათიდან იწყება: დღის ნაწილი სრულად ეთმობა ცეკვისა და გრაფიტის ბეთლებს, დოკუმენტალისტიკას, საარქივო გამოფენებს, ვინილის კუთხესა და ვორქშოფებს, ხოლო მთავარი სცენა 20:00 საათზე იხსნება. ამის გათვალისწინებით, Tbilisi Hip-Hop Festival ერთგვარი კულტურული გამოცდილებაა, სადაც ისტორიასა და ვიზუალურ ხელოვნებას მუსიკალურ შოუებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
წლების განმავლობაში ქართულ საფესტივალო სივრცეში ჰიპ-ჰოპს ცენტრალური ადგილი არასდროს ეჭირა. ის, როგორც წესი, როკ თუ ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე პატარა სცენით ან ცალკეული, მცირე ღონისძიებებით შემოიფარგლებოდა. Tbilisi Hip-Hop Festival ამ რეალობას ცვლის და სრულიად ახალ სივრცეს ქმნის – ადგილს, სადაც ჰიპ-ჰოპი უბრალოდ სტუმარი კი არ არის, არამედ მთავარი მასპინძელია.
ჯაბა შავიშვილი:
„ფესტივალის მთავარი პრინციპი ადგილობრივი ენისა და იდენტობის აღიარებაა. ქართულმა სცენამ 70-იანების ბრონქსის ენა პირდაპირ არ გადმოიტანა და თბილისის რეალობას მოარგო. ეს არ არის ამერიკული კულტურის ბრმა კოპირება – ეს არის ქართული ენის უნიკალური რიტმიკა, ლოკალური სოციალური კონტექსტი და თბილისური ყოფის გულწრფელი თხრობა. TAHA, Kay G და Mush One იმავე მასშტაბითა და პატივისცემით წერია აფიშაზე, როგორც უცხოელი ჰედლაინერები.
ფესტივალი აერთიანებს ორ ეპოქას – 90-იანების კასეტების თაობასა და დღევანდელ ახალგაზრდებს, რომლებიც თანამედროვე ჟღერადობას ქმნიან. ამასთან, ეს არის დამოუკიდებელი მუსიკალური ეკოსისტემის შექმნის მცდელობა: ფესტივალი უნდა იქცეს იმპულსად ახალი ქართული ლეიბლებისთვის, ბითმეიკერებისთვის, პროდიუსერებისა და დამწყები MC-ებისთვის. ეს არის ლოკალური სცენის ექსპორტის პლატფორმა, რომელიც ქართულ ანდერგრაუნდსა და გლობალურ მუსიკალურ ინდუსტრიას შორის მუდმივ, პროფესიულ ხიდს აშენებს.“
Tbilisi Hip-Hop Festival-ის ორგანიზატორების ხედვით, ფესტივალის, როგორც პლატფორმის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის – შექმნას დღე, რომლის დასრულების შემდეგაც მაყურებელს არა მხოლოდ კარგი მუსიკალური შოუების შთაბეჭდილება, არამედ იმ კულტურის სრული გამოცდილება გაჰყვება, რომელზეც მთელი თაობები გაიზარდნენ და რომელიც დღესაც უწყვეტად ვითარდება.
ფესტივალის პროგრამის შესახებ მეტი დეტალი იხილეთ ბმულზე.